„საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ზედამხედველობას ახორციელებდეს, მათ შორის ხელისუფლებაზეც, თუმცა, როდესაც მიკერძოებული განცხადებები კეთდება, ანგაჟირებულსა და ცალმხრივს ჰგავს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე.
ცნობისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პროკურატურას ამ საქმის დროულად და ობიექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებას სესხების განულებასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
მათ ამ განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ზოიძემაც „არაკომპეტენტური" უწოდა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტული განცხადების მიმართ ერთგვარი კრიტიკა მისთვის მისაღებია.
„ვალების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის ძალიან კარგი და მორალური აქციაა. ეს არ არის დაკავშირებული არჩევნებთან, არსებობს მისგან დამოუკიდებლად. მაგრამ, თუკი მოსყიდვის რაიმე ნიშნებს შეიცავს, რა თქმა უნდა, სამართლებრივად შეფასებულ უნდა იქნას.
„არასამთავრობო ორგანიზაციები თავის თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, რომ ეს ნაბიჯი არასისტემურია და სიღარიბის შემცირებას არ ემსახურება. არაკომპეტენტური განცხადებაა და ასეთი განცხადებების კრიტიკა არ მიმაჩნია, რომ არასწორი იყოს," - აცხადებს ზოიძე.
მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი დამოკიდებულება გამოხატოს და როგორ გამოხატავს ამას, ეს სწორედ იმ ადამიანის გადასაწყვეტია.
„როდესაც საუბარია, რომ კონკრეტული განცხადებები ცალმხრივად გამოიყურება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგწონს ან არ მოგვწონს არასამთავრობო ორგანიზაციები. თითოეულ ადამიანს შესაძლოა თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, რაიმე პოზიცია არასამთავრობოებთან მიმართებაში არ გამგვიხატავს.
„ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ ჩვენ რაიმე დამოკიდებულებას ვამჟღვანდებთ არასამთავრობოებთან მიმართ. ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების განცხადებების მიმართ იყო გარკვეული შესაბამისი შენიშვნები და განცხადებები. შესაძლოა მე იმ სტილში არ ვიტყოდი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. ეს არ მეტყველებს რაღაც განსაკუთრებულ პოზიციაზე მთლიანად არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.