2019 წლის იანვრიდან კერძო მევახშეების წინააღმდეგ რეგულაციები ამოქმედდება. მათი დიდი ნაწილი 3 თვეში საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისათვის 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, ხოლო ვინც გადასახადების გადახდას თავს აარიდებს, ფინანსური პოლიცია მიაკითხავს.
საფინანსო ბაზარი ცვლილებების მოლოდინშია. ონლაინ სესხების შეზღუდვის შემდეგ შესაძლოა, ბაზარი კერძო იპოთეკარებმა (მევახშეებმა) დატოვონ. როგორც ცნობილია, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, ვის მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს საკრედიტო ვალდებულება. იანვრიდან სესხის გამცემ სუბიექტებს რეგისტრაციისათვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევთ.
რას გამოიწვევს ეს ცვლილება საკრედიტო ბაზარზე და მოხდება თუ არა საპროცენტო განაკვეთების ზრდა, თუ კერძო მევახშეები კანონში შავ ხვრელებს იპოვიან და კვლავ უპრობლემოდ განაგრძობენ საქმიანობას კანონს მიღმა?
უკვე გაირკვა, რომ 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე 600 000 ადამიანი თავს დააღწევს ე.წ. შავ სიას, რის შედეგადაც მათ ლეგალურ საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის შანსი მიეცემათ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ იანვარში ძალაში შედის "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა", რომლის შედეგადაც მოქალაქეებს სესხის აღება ურთულდებათ და, შესაბამისად, კვლავ მაღალი იქნება მოთხოვნა ე.წ. მევახშეების მიმართ. იქნება თუ არა მიწოდება მოთხოვნის პროპორციული, მიღებულ კანონსა და აღსრულებაზე იქნება დამოკიდებული.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ადასტურებს, რომ არალეგალური მევახშეობა მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევა და მათი საქმიანობით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაინტერესდება.
"ვფიქრობ, ძალაში შესული რეგულაციები საკმაოდ მძლავრი და ეფექტურია და მოიცავს ყველა სფეროს. აქედან გამომდინარე, იქნება ეს ლომბარდები თუ სხვა ტიპის ინსტიტუციები, მათაც ზღუდავს და აქცევს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესების ჩარჩოებში, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ.
თუ თქვენ გულისხმობთ არალეგალურ მევახშეობას, ეს ცალკე სფეროა და ამ საკითხს ჩვენი სამართალდამცველები, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სერიოზულად მოეკიდება", - განუცხადა ჟურნალისტებს მინისტრმა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას მუდმივად უნდა ეჭიროს ამ საქმიანობის პულსზე ხელი, მუდმივად უნდა აკონტროლოს მევახშეები და ერთჯერადი რეგულაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება, მევახშეები ყოველთვის პოულობენ ახალ მექანიზმს, გადასახადებისა და რეგულირებისაგან თავის ასარიდებლად.
"ფაქტია, რომ დღეს ეს სფერო მთლიანად არის რეგულაციებს მიღმა დარჩენილი და საჭიროებს მყისიერ ყურადღებას. გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი იანვრიდან მთელი საფინანსო ბაზრისათვის მკაცრდება წესები, არ შეიძლება, ცვლილებებს მიღმა დარჩეს კერძო მევახშეობა, რადგან მათ მომსახურებაზე მოთხოვნა თავისთავად გაიზრდება და ეს იქნება დამაზარალებელი მოსახლეობისათვის.
ცალკე საკითხია, რომ, ფორმალური სექტორისაგან განსხვავებით, კერძო მევახშეობა გაცილებით რთული დასარეგულირებელი და საკონტროლებელია, რადგან ხელზე ფულის გაცემის უამრავი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დღეს იპოთეკით დატვირთვის საფუძველზე სესხის გაცემაა, რაც შეიძლება ჩანაცვლდეს საცხოვრებელი ფართის გადაფორმებით, შემდეგ გამოსყიდვის უფლებით.
ვფიქრობ, მთავრობას მუდმივად უნდა ეჭიროს ამ საქმიანობის პულსზე ხელი, მუდმივად უნდა აკონტროლოს, თორემ ერთჯერადი რეგულაცია შედეგის მომტანი ვერ იქნება. მევახშეების ინსტიტუტი დღეს ისეთი მოქნილია, რომ ნებისმიერი რეგულაციის პირობებში ნახავენ გამოსავალსა და კანონის გვერდით ავლის გზას. ამისათვისაა მუდმივი ზედამხედველობა საჭირო", - აცხადებს "რეზონანსთან" აფბა-ის ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე.
მისივე აზრით, კერძო გამსესხებელთა სექტორი ეკონომიკის ხორცმეტია, სადაც მოქალაქები იღებენ იმ ვალდებულებებს, რომელთა მომსახურებაც არ შეუძლიათ.
"ზოგადად რაც შეეხება მევახშეთა საქმიანობას, ეს არის ეკონომიკის ხორცმეტი, რადგან ისინი ზრდიან მოთხოვნას ისეთ პროდუქტზე, რომლის მომსახურების შესაძლებლობაც ბაზარს არ აქვს. ადამიანი მიდის და იღებს სესხს მაღალ პროცენტში და მას არ აქვს დაბრუნების საშუალება. გასაგებია მათი გამოუვალი მდგომარეობა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს სფერო მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. როცა ნებისმიერი პიროვნება თუ სუბიექტი იწყებს მევახშეებთან თანამშრომლობას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ისინი ხვალ უარეს მდგომარეობაში ჩასვივდებიან, რადგან სარგებლობენ ძალიან მაღალპროცენტინი ფულით.
კერძო მევახშეობა უნდა შეიზღუდოს და ამის აღსასრულებლად სახელმწიფომ მექანიზმი უნდა გამონახოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული ამოცანაა", - აცხადებს კუკულაძე.
კერძო გამსესხებლების რეგულირების აუცილებლობასა და ამ სექტორის მიერ შექმნილ პრობლემებზე დიდი ხანია, საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები". ორგანიზაციის დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ამ სექტორის რეგულაცია აუცილებელი, თუმცა რთულად აღსასრულებელია.
"ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია, სარგებლობს ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორის, კერძო გამსესხებლების, მიერ ფინანსურ ბაზარზე შექმნილი პრობლემების შესახებ. ყოველწლიურად ვაქვეყნებთ კვლევებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ მსესხებელთა დასაკუთრებული ქონების უდიდესი ნაწილი მოდის სწორედ მევახშეებზე. შესაბამისად, ადრეც და ახლაც ვთვლიდით, რომ რეგულაციები და ცვლილებები ამ სექტორში მყისიერად არის გასატარებელი.
იმედი მაქვს, რეგულაციები, რომლებიც 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში, იქნება საკმარისი, თუმცა ბოლომდე ამ სექტორის კონტროლი, ალბათ, ძალიან გართულდება, მევახშეები ყველა ალტერნატივით შეეცდებიან გადასახადისაგან თავის არიდებას. სახელმწიფოს მოვალეობაა, ამოგმანოს ყველა ღრიჭო, რათა არ დარჩეთ კერძო მავახშეებს საშუალება, კანონმდებლობას თავი აარიდონ", - განუცხადა "რეზონანსს" კეპულაძემ.