საინტერესოა, ახალი კითხვები გაჩნდა თუ ძველ პერიოდს იკვლევენ?
მარი ჩიტაია
21.11.2018

 კონკურენციის სააგენტო საავტომობილო გაზისა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე მონიტორინგს ხელახლა იწყებს. ამ საკითხს ხადურის უწყება უკვე მესამედ მიუბრუნდა, რაც, სააგენტოს შეფასებით, საწვავის ბაზრის მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს უკავშირდება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მთავარია გადაწყვეტილების დაცვა, რაც, მათი შეფასებით, სააგენტომ აქამდე ვერ შეძლო.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელ ნოდარ ხადურის თქმით, სააგენტო საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს ახლო მომავალში წარუდგენს.

"ვსწავლობთ ბაზარს, ზაფხულში დავიწყეთ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა. ადრე იყო მოკვლევა კონკრეტული კომპანიების მიმართ, მაგრამ მათ გარდა ბაზარზე გამოჩნდნენ სხვა კომპანიებიც. ხედავთ, რომ ბაზარი იზრდება, კონკურენციის დონეც მატულობს, მაგრამ მაინც არის საზოგადოებაში ამ საკითხისადმი დიდი ყურადღება. ამიტომ გადავწყვიტეთ, მონიტორინგი ჩავატაროთ და ეს არ იქნება ერთჯერადი. ჩვენ სისტემატურად შევისწავლით დარგში არსებულ სიტუაციას. ეს ეხება ყველას.

ვსწავლობთ როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარს, ფასების დინამიკას. ჩვენ გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას. გვაქვს გარკვეული პრობლემები მეწარმე სუბიეტქებისაგან, ხანდახან მოთხივნილ ინფორმაციას სრულად არ გვაძლევენ, მაგრამ კანონს მივიღებთ და დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები აღარ გვექნება", - აღნიშნავს ხადური.

ბაზრის კვლევის დეტალები ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისათვის უცნობია. როგორც აღმოჩნდა, მათ არ აქვთ ინფორმაცია, უშუალოდ რას მოიცავს მონიტორინგი და რამდენად უკავშირდება წინა წლების საქმიანობას.

კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ვარაუდობს, რომ უკვე ჩატარებულმა კვლევამ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი ვერ გასცა.

"არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეტყობა, გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომლებზეც ამომწურავი პასუხი სჭირდებათ. ველოდები, რომ შესაბამისი დასკვნა დაიდება და კვლევის მიზეზიც გაირკვევა. განსაკუთრებული აზრი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ვფიქრობ, წინა კვლევით ბოლომდე კმაყოფილი არ არიან და იმავე საკითხის შესწავლას განმეორებით ცდილობენ.

რაც შეეხება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას, სასამართლოს მეშვეობით მოხდა ჯარიმის შემცირება, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა იმპორტიორებისათვის ეს მისაღები იყო. სავარაუდოდ, ძველი საკითხის თავიდან გავლაა, რის საჭიროებასაც, ალბათ, საფუძველი აქვს. საინტერესოა, ახალი კითხვები გაჩნდა თუ ძველ პერიოდს იკვლევენ, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცნობილი არ არის. იმედია, უახლოეს პერიოდში დააკონკრეტებენ, დეტალები ჩემთვისაც უცნობია", - ამბობს "რეზონანსთან" იაკობიძე.

საავტომობილო გაზის იმპორტიორები ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ მონიტორინგი საწვავის ხარისხს გაეწევა, რა მიმართულებითაც ვითარება სახარბიელო ნამდვილად არ არის.

"კონკურენციის თვალსაზრისით, საავტომობილო გაზის ბაზარზე პრობლემას ვერ ვხედავ იმის გამო, რომ კონკურენცია არ არის. შესაბამისად, გარიგებებსაც ადგილი არ აქვს. მივესალმები, თუ ხარისხს გაეწევა მონიტორინგი, ამით ქვეყანაც მიიღებს სარგებელს და მომხმარებელიც", - ამბობს ნიკა ხოფერია, "ჯორჯია გაზ იმპორტის" დამფუძნებელი.

ახლა მთავარი, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საკუთარი პოზიციის დაცვა და საქმის ბოლომდე მიყვანაა, რაც კონკურენციის სააგენტომ თავის დროზე ვერ მოახერხა.

ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, რომ კონკურენციის მხრივ ნავთობპროდუქტების ბაზარზე სერიოზული პრობლემაა და ეს საბოლოოდ უნდა დადასტურდეს.

"წლების წინ ნავთობკომპანიების საქმიანობამ გამოიწვია საფუძვლიანი ეჭვი, რომ კარტელური გარიგებები ხდებოდა და ეს დადასტურდა. რატომღაც ისე მოხდა, რომ კომპანიებმა სასამართლოში მათ მიერ შეტანილი სარჩელი მოიგეს და საბოლოოდ საჯარიმო თანხა მინიმუმამდე შეუმცირდათ. კარგია, რომ ამ საკითხით ისევ დაინტერესდნენ, რადგან კონკურენციის საფრთხე დღემდე რეალურად არსებობობს. ველოდები, რომ დადებენ კომპეტენტურ დასკვნას.

კონკურენციის სააგენტო პირველივე შემთხვევაში უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა სასამართლო პროცესს და თავისი პოზიცია ბოლომდე დაეცვა. მეტი მობილიზაცია და მზადყოფნაა საჭირო, რომ ვითარება ობიექტურად შეისწავლონ და სასამართლო დარბაზში თავისი გადაწყვეტილების დაცვა ამჯერად მაინც შეძლონ", - ამბობს "რეზონანსთან" კაპანაძე.

კონკურენციის სააგენტომ, ნავთობპროდუქტების ბაზრის პირველი მოკვლევის შემდეგ, 2015 წლის ივლისში ნავთობკომპანიები "კონკურენციის შესახებ კანონის" დარღვევისათვის 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. საქმის მეორედ მოკვლევის შემდეგ 55-მილიონიანი ჯარიმა 3 მილიონამდე შემცირდა. ნავთობკომპანიებს სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×