"ოცნების" დაპირებამ (600 000 ადამიანისათვის საბანკო ვალის გასტუმრებამ) რატომ უნდა იმუშაოს? "ნაციონალებმა" თქვეს კიდეც, რომ ეს დაპირება აფერაა და დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ეს აფერაა. არაფერიც არ იქნება, ვალები ისედაც ჩამოიწერება და ა.შ.
"არ ვიცი, თქვენ გახსოვთ თუ არა, როდესაც შევარდანაძემ ამომრჩევლებს მიმართა, ფულს თუ გაძლევენ, გამოართვით, მაგრამ კაბინაში სხვა შემოხაზეთო. ასეთ ვითარებაში ვართ 30 წელია და უნდა ვიფიქროთ, ამ ვითარებიდან როგორ გამოვიდეთ, თორემ დღეს ეს დაპირებაა, ხვალ ვიღაც კიდევ ახალს მოიფიქრებს და ვიქნებით სულ ამის განხილვაში და ქვეყანას საშველი არ დაადგება", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
"რეზონანსი": მთავრობამ განაცხადა, რომ ფონდი "ქართუ" ბანკებიდან 600 000 ადამიანის 1,5-მილიარდიან ვალს გამოისყიდის და გადაიხდის. არასამთავრობოებმა თქვეს, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს; ოპოზიციამ თქვა, რომ ეს პოლიტიკური აფერაა; საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ეს მავნებლური პოპულიზმია, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ ძალიან კარგი საქმისათვის მადლობა უნდა გადავიხადოთ. თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ეს ახალი ინიციატივა?
ვახტანგ ძაბირაძე: ასეთი რადიკალური შეფასებები, რომ "მადლობა გადავუხადოთ", თუ "მავნებლური პოპულიზმია", ძალიან რთულია. გააჩნია, რა პოზიციიდან შეხედავთ ამას. ვისაც ვალები აქვს და მართლა ჩამოაწერენ, მათთვის ეს ამოსუნთქვის საშუალებაა. ლაპარაკი იმაზე, მავნებლურია თუ არა, ამ მხრივ ეს ინიციატივა პრობლემატურია.
სხვა მხრიდან თუ შეხედავთ ამას, იმავე ოპონენტების მხრიდან, ეს მოსყიდვის ელემენტებს შეიცავს, თუმცა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც ეს საკითხი დააყენეს, უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ სანამ ხელისუფლება ამ ინიციატივას გაახმოვანებდა, სააკაშვილმა ზუსტად იგივე თქვა. ამიტომ, თუ ერთი მხრიდან ეს მოსყიდვაა, მეორე მხრიდანაც მოსყიდვაა, ამიტომ ამ ფაქტის ცალსახად შეფასება გამიჭირდება.
ჩემთვის ზოგადად უსიამოვნო ფაქტია, როდესაც ასეთი რამ ხდება საარჩევნო პროცესის დროს, გინდ ერთი მხრიდან და გინდ მეორე მხრიდან იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცნაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ეს ზედმეტი რაღაცები უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო პროცესიდან, მაგრამ ამას დარეგულირება სჭირდება. როგორც ჩანს, დღეს ეს იმდენად არასწორადაა დარეგულირებული, რომ საშუალებას იძლევა, ხელშეკრულება გააფორმო, დაჰპირდე 400-ლარიან პენსიასა და 1000-ლარიან ხელფასს და არანაირი ზღვარი და საშუალება ამის არ არის.
ამჯერად მგონია, რომ ეს უნდა გაარკვიოს პროკურატურამ და იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც უფრო ჩახედული არიან ამ საქმეში, არის თუ არა ეს ამომრჩევლის მოსყიდვა. მაგრამ არ შეიძლება ამ ერთი ინიციატივის ცალკე აღება, მაშინ უნდა იყოს აღებული ისიც, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სააკაშვილმა გაახმოვანეს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ტოლობის ნიშანია. სხვა მხრივ, მოსყიდვაა თუ არა, ეს უნდა გაირკვეს.
"რ": ცუდი რატომაა თქვენთვის ეს ინიციატივა?
ვ.ძ.: იმიტომ, რომ სწორედ იმ განცდას აჩენს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა ხდება, ერთის განცხადებაც ასეთია და მეორისაც. საზიზღარი საარჩევნო კამპანიაა, ასეთი არ მახსოვს, მხოლოდ ნეგატივი, ერთმანეთის შეურაცხყოფა და ლაფში ამოსვრა მიდის მთელი ამ 2 თვის განმავლობაში. ეს საშინელებაა. სულერთია, ვინ გახდება პრეზიდენტი, ეს მეორე პლანზე გადაიწევს, თუ ლაპარაკი არ იქნება იმაზე, როგორ გავასწოროთ საარჩევნო სისტემა, რომ ხვალაც იმავე ჭაობში არ აღმოვჩნდეთ.
არჩევნების დასრულების შემდეგ ეს უნდა გასწორდეს. ან მთლიანად პროპორციულზეა გადასასვლელი, ან სხვა სისტემაა საჭირო, რომ ამ ფულმა, ადმინისტრაციულმა რესურსმა და ა.შ. არ იმუშაოს ან მინიმალური გავლენა მოახდინოს, მაგრამ არც ერთ პოლიტიკურ ძალას ასეთ სისტემაზე გადასვლა არ უნდა.
"ოცნებამ" უარი თქვა პროპორციული არჩევნების სისტემაზე, ამაზე უარესი დაზიანება რამ უნდა მოიტანოს, 600 000 კაცის ვალის გადახდამ? თანაც, "ოცნებამ" გააკეთა წინადადება, მაგრამ არჩევნები არის მანამ და ამომრჩეველმა მისცეს ხმა იმას, ვისზეც ხმის მიცემა სურს?!
"რ": ეს ხარჯი "ოცნებას" მოუტანს შედეგს, მხარდამჭერებს მოუმატებს?
ვ.ძ.: ძალიან მინიმალურ გავლენას იქონიებს მხოლოდ ეს. მე რასაც ვუყურებ, უფრო დიდ გავლენას იქონიებს სხვა გარემოება - დღეს ის ამომრჩეველი, ვინც პირველ ტურში არ წავიდა, აპირებს წასვლას იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების ეშინია.
ახლა შეეტყო მოსახლეობასა და ქვეყანას, რომ არჩევნებია. ახლა ყველგან გაიგონებთ კამათს, ლაპარაკს - რა იქნება, თუ "ნაციონალები" დაბრუნდებიან ან რა იქნება, თუ "ოცნების" კანდიდატი გაიმარჯვებს? რესურსი "ქართულ ოცნებას" აქვს, 500 000 ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც არჩევნებზე არ მივიდა და თუ ამ ამომრჩევლის ნახევრის მიყვანას მოახერხებს, გაიმარჯვებს, თუ ვერ მოახერხებს - წააგებს.
ამ დაპირებამ კი რატომ უნდა იმუშაოს? "ნაციონალებმა" თქვეს კიდეც, რომ ეს დაპირება აფერაა და დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ ეს აფერაა, არაფერიც არ იქნება, ვალები ისედაც ჩამოიწერება და ა.შ.
არ ვიცი, თქვენ გახსოვთ თუ არა შევარდანაძის განცხადება, როდესაც ამომრჩევლებს მიმართა - ფულს თუ გაძლევენ, გამოართვით, მაგრამ კაბინაში სხვა შემოხაზეთო. საქართველოში ასეთი დროც იყო. ასეთ ვითარებაში ვართ 30 წელია და უნდა ვიფიქროთ, ამ ვითარებიდან როგორ გამოვიდეთ, თორემ დღეს ეს დაპირებაა, ხვალ ვიღაც კიდევ ახალს მოიფიქრებს და ვიქნებით სულ ამის განხილვაში და ქვეყანას საშველი არ დაადგება.