ბეჭდავს თუ არა იუსტიციის სამინისტრო ყალბი პირადობის მოწმობებს მეორე ტურზე სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად - არასამთავრობოების მხრიდან გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მათ ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე ინფორმაცია მიიღეს, "ოცნებაში" დიდი ალიაქოთი და ბრალდებების ახალი ტალღა მოჰყვა.
თავად ადრესატი, სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე არასამთავრობოებს ცილისწამებასა და სააგენტოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს, ასევე გამოძიების დაწყებას ითხოვს. არასამთავრობოებისაგან ის მოითხოვს კონკრეტული მტკიცებულებების - გაყალბებული პირადობების წარდგენას.
"ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია და უნდა დადგინდეს, ეს საბოტაჟი და პროვოკაცია ხომ არ არის. უფრო მეტიც, გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, "ნაცმოძრაობამ" განზრახ მიაწოდა სამოქალაქო სექტორს ეს ტყუილი, რომ ბრალდებები დაწყებულიყო.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეს ფაქტი სიმართლეა და "ოცნება" ყველანაირ გაყალბებაზე მიდის, რომ სალომე ზურაბიშვილს გაამარჯვებინოს.
პროკურატურა კი განცხადებას ავრცელებს და დღეს არასამთავრობო სექტორის იმ სამ წარმომადგენელს გამოკითხვაზე იბარებს, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა.
მთელი ეს ხმაური დაიწყო იმით, რომ გუშინ ირმა პავლიაშვილმა საია-დან, ეკა გიგაურმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდან" და მიხეილ ბენიძემ "სამართლიანი არჩევნებიდან" ბრიფინგი გამართეს.
ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისათვის, რომ მოხდეს მათი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.
წყაროს ინფორმაციით, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გადაწყდა. მისი თქმით, ამ პროცესს ხელმძღვანელობენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძე. წყაროს განმარტებით, წინა კვირას ამ თემაზე სპეციალური თათბირიც ჩატარდა.
გეგმის თანახმად, ერთ ადამიანზე უნდა დაბეჭდილიყო 5 პირადობის მოწმობა, რომლებშიც სხვადასხვა სახელი, გვარი და პირადი ნომერი მიეთითებოდა, ხოლო ფოტო ამ ერთი პირის იქნებოდა. ამ პირის მონაცემები აისახება რამდენიმე საარჩევნო უბნის საარჩევნო სიაში და, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება, ერთმა ადამიანმა სხვადასხვა პირადობით რამდენიმე უბანზე მისცეს ხმა, რაც ე.წ. "კარუსელის" პრინციპით ხმის მიცემას წარმოადგენს.
წყაროს განმარტებით, იმ რეგიონებში, მაგალითად, გარდაბანსა და წალენჯიხაში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან "სანდო" პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას "სანდო" პირები მიავლინეს.
არასამთავრობოების თქმით, ფაქტი შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულების ნიშნებს. საუბარია როგორც არჩევნების გაყალბებაზე, ასევე დოკუმენტაციის გაყალბებაზე, რაზედაც პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
სწორედ ამ ბრიფინგს მოჰყვა საპასუხო ბრიფინგი იუსტიციის სახლში და თავად უშუალო ადრესატმა სოსო გიორგაძემ არასამთავრობოებს უპასუხისმგებლო უწოდა და თქვა, რომ ეს გაუგონარი ბრალდება და ცილისწამებაა, ხოლო იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ მესამე სექტორს "აბსოლუტურ დილეტანტიზმში" დასდო ბრალი.
"ოცნების" დეპუტატებისგან, ტრადიციისამებრ, არასამთავრობოების ამ განცხადებასაც ზოგი ირიბად და ზოგიც პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს.
მამუკა მდინარაძის თქმით, წარმოუდგენელია, მსგავსი რამ ხდებოდეს, თუმცა გამოძიება უნდა ჩატარდეს და გაეცეს პასუხი, რამდენად რეალური იყო ეს ყველაფერი.
"თუნდაც ამ ინფორმაციის 1% ხომ არ იყო სიმართლესთან მიახლოებული, ხომ არ არის აქ საბოტაჟის ან პროვოკაციის ნიშნები? რა წყაროებზეა საუბარი და საერთოდ არსებობენ თუ არა ასეთი წყაროები? უამრავი კითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა მდინარაძემ.
ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ თუ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა ხდება, ეს დანაშაულია, მაგრამ ასევე დანაშაულია ამის თქმა, თუ ამის საფუძველი არ არსებობს და არ გამორიცხავს, რომ "ნაცმოძრაობამ" შეუგდო ეს ტყუილი" სამოქალაქო სექტორს.
"მე ძალიან მეეჭვება, ბუნებაში ასეთი რამ იყოს. არასამთავრობოების ამ განცხადებას რა საფუძველი აქვს, ამას გამოძიება დაადგენს და ასევე - რა მიზნები ამოძრავებთ, ხომ არ არის გარკვეული მზადება. შესაძლოა, არასამთავრობოებს ეს ინფორმაცია ვიღაცამ განგებ შეუგდო. ვინ შეუგდებდა, ეს მაინცდამაინც რთული გამოსაცნობი არ არის, რომ ეს შეგდებული ინფორმაცია არასამთავრობოებს გაეხმოვანებინათ, რომ შემდეგ დადგეს არალეგიტიმურობის რაღაც საფუძვლები და თქვან - აი, ხომ ვამბობდითო...
"როდესაც არასამთავრობოები ასეთ რამეს ამბობენ, მას აუცილებლად კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. ამდენად, გამოძიება უნდა ჩავიდეს ძირამდე, ვისზე დაყრდნობით აცხადებენ, სად დაიბეჭდა და აჩვენონ ეს დაბეჭდილები.
"იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ "ნაცმოძრაობა" აპირებდეს რაღაც სუროგატების დაბეჭდვას, რომელსაც შორიდან ააფრიალებენ და მოუნდებათ ამაზე აჟიოტაჟის შექმნა. ეს მათი სტილია. იმედი მაქვს, პროკურატურა პასუხს გაგვცემს.
"თუ არასამთავრობოები ფაქტებს ვერ გვაჩვენებენ, ე.ი. მწარედ მოტყუვდნენ და ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ ასეთ სერიოზულ განცხადებას გააკეთებს. თუკი მათ არ აქვთ საბუთი, მაშინ დასკვნების გაკეთებაც შესაძლებელი გახდება", - ამბობს ქანთარია.
ზაზა პაპუაშვილი კი არასამთავრობოებს "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გატარებაში ღიად ადანაშაულებს.
"ეს აგონია დამთავრდება 28-ში. ეს არის ამათი მაქსიმალური გაბრძოლება, მაქსიმალური რესურსები უზრდელობის, ცილისწამების, ტყუილის... ამ ე.წ. არასამთავრობოების გარდა სხვა არასამთავრობოები საქართველოში არ არიან?! ესენი ხომ პარტიული მუშაკები არიან.
"ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე მე ნუ მირეკავთ! არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში კითხვები არ არის, დამთავრდა, მორჩა ეს! რაც შეეხება, ყალბ პირადობის მოწმობას ვინმე დაბეჭდავს თუ არა, ეს თუ გამოაშკარავდება, დაისჯება.
"მე ამ არასამთავრობოებს არ ვენდობი იმიტომ, რომ ისინი ქცევით, რიტორიკით ცნობილნი არიან, ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები თუ გამხმოვანებლები. თუ გინდათ, გამოკითხვა ან პლებისციტი ჩაატარეთ და შეეკითხეთ ადამიანებს, რამდენად აქვთ ამ ვითომ არასამთავრობოების ნდობა. არ არის ნდობა. თუ არა, მოიტანონ დოკუმენტები და არგუმენტებით ილაპარაკონ, მორჩა!" - აცხადებს პაპუაშვილი.