მარი გოცირიძე
22.11.2018

 "სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის" ორგანიზებითა და "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით თბილისის ღია უნივერსიტეტში ფორუმი - "კაპიტალის ბაზრის სამართალი - მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში" გაიმართა. ფორუმის მთავარ თემას კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირება და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციების დადგენა წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილე იურისტებმა და ეკონომისტებმა კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების პერსპექტივაზე, ამ სფეროში არსებულ ხარვეზებსა და პრობლემაზე, ასევე სხვა აქტუალურ ეკონომიკურ-სამართლებრივ საკითხებზე იმსჯელეს.

ფორუმი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, იურიდიული ფირმების, უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები.

ფორუმის მიზანია კაპიტალის ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების სფეროში კვლევების ჩატარების ხელშეწყობა, რაშიც აქტიურად იქნება ჩართული როგორც საფინანსო, ისე დაფინანსებით დაინტერესებული კერძო სექტორი, მათ შორის - საგანმანათლებლო დაწესებულებები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ფორუმი გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების კურიკულუმში კაპიტალის ბაზრის სამართლის დისციპლინად დამკვიდრებასაც.

"თიბისი კაპიტალის" დირექტორ ირაკლი ელაშვილის შეფასებით, კაპიტალის ბაზარი არის საქართველოში მზარდი და შედარებით ახალგაზრდა ბაზარი, რომელიც სწრაფად ვითარდება.

"საფუძველი ეყრება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას, რამდენადაც, კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ალტერნატიული წყაროების მოზიდვის თვალსაზრისით. იმისათვის, რომ ბაზარი განვითარდეს, აუცილებელია სხვადასხვა მოთამაშის როლის გაძლიერება, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ამისათვის არის იურიდიული მხარე და ამ მიმართულებით სპეციალისტების ჩამოყალიბება.

კაპიტალის ბაზარი მზარდი და შედარებით ახალგაზრდა ბაზარია, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. კომპანიებისათვის ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია. ყველაზე საინტერესო სიახლე იქნება ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციების დაახლოება საქართველოს კანონმდებლობასთან. საუბარია ევროკავშირის სხვადასხვა დირექტივაზე, რომლებიც უნდა გადმოვიდეს საქართველოს კანონმდებლობაში", - განმარტა ირაკლი ელაშვილმა.

"საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას "თიბისი კაპიტალი" და "თიბისი ბანკი" აქტიურად უჭერს მხარს. დღესდღეობით ქართული კომპანიები 300 მლნ ლარის რესურსით სარგებლობენ და ეს მოცულობა სწრაფად მატულობს. ნებისმიერი კაპიტალის ბაზრის ტრანზაქცია დაკავშირებულია კომპლექსურ სამართლებრივ ანალიზთან, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი სპეციალისტების მზაობა და რესურსის მომზადება, რათა კიდევ უფრო განვითარდეს კაპიტალის ბაზარი და ღიად ვიმსჯელოთ სამართლებრივი საკითხების მოგვარებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპია, ჯერჯერობით ძალიან მცირე ზომისაა კაპიტალის ბაზარი და მისი წილი, ევროპისა და ასევე მეზობელი ქვეყნებისაგან განსხვავებით, ძალიან მცირეა. გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია, მეტი კომპანიის მიერ გამოშვებული კაპიტალის ბაზრისათვის აპრობირებული პროდუქტები, რისთვისაც აქტიურად უნდა ვიმუშაოთ როგორც სამართლებრივმა ჯგუფმა, ასევე - საფინანსო სექტორმა", - განაცხადა გოგა თხელიძემ, "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ.

სისტემური რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა "სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის" დამფუძნებელმა ირაკლი ბურდულმა.

"ეკონომიკაში არსებობს ტერმინი "სინერგიის ეფექტი", რაც ნიშნავს, რომ კორპორაციული დაფინანსების, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებლი სუბიექტების წყარო მხოლოდ საბანკო სესესხო დაფინანსებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს ამისი ალტერნატივა - კაპიტალის ბაზრის სამართალი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაშიც კორპორაციების დაფინანსება მხოლოდ ბანკების მეშვეობით მიზანშეუწონელია და ამას კარგად ხვდება თავად საბანკო სექტორიც, რომელიც ამ ალტერნატივის განვითარებაში გვეხმარება.

ჩვენი მიზანია კაპიტალის ბაზრის სამართალი, როგორც დამოუკდიებელი დარგი, შემოვიტანოთ საქართველოში, რათა სასწავლო პროგრამებსა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებით სამაგისტრო პროგრამა ჩამოყალიბდეს. იმისთვის, რომ სისტემური ხასიათის რეფორმები განხორციელდეს, ფსკერზე დალექილი პრობლემა უნდა ამოვიდეს ზედაპირზე, მოხდეს მათი იდენტიფიცირება და შემდგომ უკვე- სისტემური ანალიზი, რის საფუძველზეც შემდეგში ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდება", - აღნიშნა ბურდულმა.

გიგა ბათლიძე, იურიდიული ფირმა "ბიელსის" პარტნიორი: "საკანონმდებლო დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს მთელი რიგი ინფრასტრუქტურა, მათ შორის - საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი, რომელიც ჯერჯერობით პროექტის სახით არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების სასესხო ობლიგაციების გამოშვების წესის ცვლილება და ისეთი მექანიზმის შემოღება, რომელიც ფასიან ქაღალდებს მეტ სანდოოობას გაუჩენს.

ზოგად ეკონომიკურ კანონებში არის გარკვეული შეუსაბამობები. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კაპიტალის ბაზრის განვითარების სამართლებრივი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესს, რაშიც დონორები ძალიან გვეხმარებიან. არსებობს სტრუქტურული ფინანსირების მთელი რიგი ინსტრუმენტები, რომელთათვისაც საჭირო ინფრასტრუქტურა ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს. დღეს ეს საჭიროება გაჩნდა და ჩვენი კანონმდებლობა ამ მოცემულობას შესაბამისად უნდა დავაწიოთ".

"სამართლისა და ეკონომიკის ცენტრი" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული ცენტრია და მიზნად ისახავს სამართლისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო და სამეცნიერო საკითხების შესწავლას, პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას.

"თიბისი კაპიტალი" "თიბისი ბანკის" შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 2017 წლიდან ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე - სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისია. "თიბისი კაპიტალი" საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბირჟის განვითარებაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×