"ინვესტორს არ უღირს ამდენი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება"
თამარ მუკბანიანი
22.11.2018

 საბჭოთა ეპოქის ბინების, ე.წ. "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების მცდელობა მერიისათვის ჯერჯერობით კვლავ უშედეგოა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქალაქს არ გააჩნია ერთიანი საბინაო პოლიტიკა, ტენდერის ჩაშლა გასაკვირი არ არის.

ინტერესთა გამოხატვის პირველი ნაკადი 15 აგვისტოს დასრულდა და მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. რამდენიმე დღეში ახალი ტენდერი უნდა ჩატარდეს, მერია კი კვლავ საუბრობს ბიზნესთან უფრო შედეგიანი მოლაპარაკებების შესახებ, რომლითაც ამჯერად ვარკეთილის რაიონში არსებული 4 "ხრუშჩოვკის" ჩანაცვლება მოხდება.

თბილისში 4-5-სართულიანი დაახლოებით, 512 "ხრუშჩოვკაა", სადაც 12 000 ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით 600 000 კვ/მეტრი ფართი უკავიათ. ეს შენობები, ძირითადად, ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ვარკეთილში, ნავთლუღში, დიღომსა და კრწანისშია განთავსებული. სწორედ ამ ბინების ჩანაცვლების პროექტზე მუშაობს თბილისის მერია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ყველა "ხრუშჩოვკა" არ არის ავარიული, შესაბამისად, ეს საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

თბილისის ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძის თქმით, პირველ კონკურსში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს და უახლოეს დღეებში ინტერესთა გამოხატვა დაზუსტებული პირობებით გამოცხადდება.

"პირველად გამოცხადებული კონკურსი დაიხურა ისე, რომ წინადადებები კომპანიებმა არ წარმოადგინეს. იყო შედარებით მკაცრი პირობები. გვქონდა კონსულტაცია პოტენციურად დაინტერესებულ პირებთან და მათთან შუალედი გამოინახა", - აცხადებს "ბიემთან" ხმალაძე.

სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ლექტორი უჩა ზაქაშვილი მიიჩნევს, რომ ინტერესთა გამოხატვის პირობები ზედმეტად მკაცრია, რაც ინვესტორებს აფრთხობს.

"ყველაზე რთულია 3.5 მლნ აშშ დოლარზე მშენებლობის გარანტია, რომელიც არის გამოუხმობადი და, ვადების დარღვევის შემთხვევაში, ამ თანხას რეალურად კარგავს ინვესტორი. ეს არის დიდი რისკი კერძო ბიზნესისათვის. გადასაცემი ფართი არის 4500 კვ/მ. ამას ემატება ხარჯები, რომელიც უნდა მოხმარდეს სკვერის მოწყობას 2500 კვ/მ-ზე, რაც არ დაჯდება მცირე თანხა და ამას დაუმატეთ მშნებლობის თანხაც. სანამ ინვესტორი გადავა მოგებაზე, დაახლოებით 7-8 მლნ-იანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს პირობების დაკმაყოფილებისათვის.

ერთ-ერთი შეზღუდვა ეხება რეალიზების საკითხს. ინვესტორს უფლება არ აქვს, რეალიზება დაიწყოს მანამ, სანამ ამ 7500 კვადრატულს გადასცემს და სკვერს მოაწყობს. ბიზნესმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი არ უღირს.

ასევე შესაძლებელია, ერთ-ერთი ფაქტორი იყოს "კა-2" კოეფიციენტი, რომელიც ფართების სიდიდეს ზღუდავს, თუმცა პირველი ფაქტორი მაინც უმნიშვნელოვანესი შემაფერხებელია", - აცხადებს ზაქაშვილი "რეზონანსთან".

იურისტების გარდა, მერიის გარკვეულ როლს ტენდერში სფეროს სხვა სპეციალისტებიც ხედავენ. ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საბინაო პოლიტიკა. არადა, სწორედ ამის ნაწილი უნდა იყოს "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება და არა - კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

"მოგეხსენებათ, ძველი 5-სართულიანი შენობების თითქმის 100% პრივატიზებული ბინებია, ამხანაგობებია შექმნილი და თუ ერთი ადამიანიც კი იქნება წინააღმდეგი, ვერ დაინგრევა. ამიტომ უნდა შესთავაზო გაცილებით უკეთესი პირობები, ადგილები ან მეტი ფართი ახალი ბინის აშენების შემდეგ.

ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ დეველოპერების მიმართ ნდობა, გარკვეული მიზეზების გამო, ნაკლებია. ახლავე თუ მისცემენ ბინებს, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, დათანხმდება, მაგრამ, პრაქტიკიდან გამომდინარე, მენაშენეებს არ სჯერათ, რომ დათქმულ ვადებში დასრულდება კორპუსები, ამიტომ ინვესტორს არ უღირს, ყველა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

მერიას გათვლილი უნდა ჰქონდეს ზუსტი საინვესტიციო პირობები, რომლებიც მიმზიდველი იქნება ბიზნესისათვის. მიზანი უნდა იყოს ავარიული შენობების ჩანაცვლება. არ მგონია, რომ ყველა "ხრუშჩოვკა" ავარიულია. ეს უნდა იყოს საბინაო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საბინაო კოდექსი", - ამბობს "რეზონანსთან" ვარდოსანიძე.

ურბანისტი ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქისათვის საბინაო პოლიტიკის შექმნის სპეციალისტებს კონცეფცია უკვე შემუშავებული აქვთ, თუმცა მერია ამით არ ინტერესდება, განსხვავებით საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან.

"ერთადერთი კანონი ამ სფეროში არის 2007 წელს მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ. სხვა ასეთი ქვეყანა არ არსებობს, რომელსაც ერთი და ისიც ძალიან ვიწრო ფუნქციის კანონი აქვს.

ნუ მოგვერიდება ნახვა, როგორ კეთდება ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იქნება ეს ბალტიისპირეთი თუ ჩრდილოელი მეზობელი. დავცალოთ პოლიტიკისაგან მსგავსი გამოცდილება და შევხედოთ, როგორ გათავისუფლდა მოსკოვი საბჭოთა კორპუსებისაგან. ნუ ვიქნებით კონიუნქტურის მსხვერპლნი და ვისწავლოთ ის, რაც ჩვენ ახლა დავიწყეთ, პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნებმა კი წარმატებით დაასრულეს.

არაფერი გაკეთებულა, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებისა, რაც ნამდვილად პოზიტიური ნაბიჯი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ელექტორატისათვის იყო საჭირო. ამასობაში ხელმეორედ დაინტერესდა გაერო-სთან არსებული ორგანიზაცია და გადავუგზავნე კვლევა, რომელიც არის საბინაო პოლიტიკის კონცეფცია. არსებობს ეს სტრატეგია და იქნებ ვინმე დაინტერესდეს სპეციალისტების აზრითაც. შედეგად გვექნება ნაკლები ჩაგდებული ტენდერი და მეტი განვითარება ქალაქისათვის", - განუცხადა ვარდოსანიძემ "რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×