საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ნეგატიური ჩანაწერების ბაზაშია რეგისტრირებული. მისი რეგულირება და ზედამხედველობა პირველი სექტემბრიდან ეროვნული ბანკის ფუნქცია გახდა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კი თარიღებსა და ტერმინებში "დაიკარგა" და აცხადებს, რომ მოვალეთა რეესტრი იანვრიდან ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცევა.
როგორც ჩანს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ნეგატიური ჩანაწერებისა და მოვალეთა რეესტრის გარდა, თარიღიც შეეშალა. ის, რის რეგულირებასაც ზოიძე მოსახლეობას 1-ლი იანვრიდან ჰპირდება, უკვე 2 თვეა, ცენტრალური ბანკის მოვალეობაა.
გადაცემა "360 გრადუსში" "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მოვალეთა რეესტრი 2019 წლის იანვრიდან რეგულირების ქვეშ გადავა.
"მოვალეთა რეესტრი გადავა ეროვნული ბანკის გამგებლობის ქვეშ. "შავი სია" აღარ იქნება ქვეყანაში. ძირითად ორგანიზაციებთან მიღწეულია შეთანხმება, დანარჩენ მიკროსაფინანსოებთან მოლაპრაკება მიმდინარეობს. საბოლოო პირობები 3 დეკემბრისათვის ჩამოყალიბდება.
რეალურად რა პარამეტრებზეა საუბარი? ვთვლით, რომ 600 000-ზე მეტ ადამიანზე უკვე მიღწეულია შეთანხმება. საუბარია 2000 ლარამდე სესხზე (რაც არის პრინციპული თანხა, ნარჩენი ან თავიდან აღებული, მნიშვნელობა არ აქვს საჯარიმო საურავებს და ა.შ.), რომელზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში გადახდა არ ფიქსირდება. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც გადაიწურეს იმედი, გამოთიშული არიან ეკონომიკურ საქმიანობას და პრაქტიკულად, არალეგალურად ეწევიან შრომას. სწორედ მათ მივცემთ მეორე შანსს. როგორ გამოიყენებენ, ეს მათზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, ვიღებთ რეგულაციებს, რათა ეს შანსი ბოროტად არ გამოიყენონ და აღარ აიღონ სესხი, რომელსაც ვერ გადაიხდიან", - განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ მოვალეთა რეესტრში ამჟამად 750 000 მოვალეა და მის რეგულირებას 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკი მოახდენს.
"რეზონანსი" ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მათ უფლება-მოვალეობებში არ შედის მოვალეთა რეესტრის არც აღრიცხვა, არც ზედამხედველობა და არც რეგულირება.
"პირველი სექტემბრიდან ისედაც ვაწარმოებთ ნეგატიური ჩანაწერების აღრიცხვას. სავარაუდოდ ამაზე უნდა იყოს საუბარი და არა - მოვალეთა რეესტრზე, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს დაქვემდებარებაშია. ჩვენ მისი არც აღრიცხვა და არც წარმოება არანაირი ფორმით არ გვეხება", - თქვეს ეროვნულ ბანკში.
მარეგულირებლის განცხადების შედეგ, "რეზონანსმა" ინფორმაცია აკაკი ზოიძესთან გადაამოწმა. ჯანდაცვის კომიტეტის თამჯდომარემ გარკვევით გაიმეორა, რომ ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან მოვალეთა რეესტრის რეგულირებას დაიწყებს.
"მე გადაცემაშიც განვმარტე, რომ არა აღრიცხვას, არამედ მოვალეთა რეესტრის რეგულირებას დაიწყებს ეროვნული ბანკი იანვრიდან და ქვეყნაში აღარ იარსებებს ე.წ. "შავი სიები", - აღნიშნა ზოიძემ.
მოგვიანებით დეპუტატი თავად დაუკავშირდა რედაქციას და განმარტა, რომ მოვალეთა რეესტრის ნაცვლად ნეგატიური ჩანაწერების ბაზა იგულისხმა, ეს კი მეორე უხერხულობას აჩენს, რადგან მისი ზედამხედველობა 1-ლი სექტემბრიდან ისედაც ეროვნული ბანკის ფუნქციაა.