აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში
თამარ შუკვანი
22.11.2018

 ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული წარმატებული ანტიტერორისტული სპეცოპარაციიდან ერთი წელი შესრულდა, რა დროსაც ლიკვიდირებულ იქნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, რომელთაც ცნობილი აჰმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა აჰმედი" ხელმძღვანელობდა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 2017 წლის 21 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო სპეცსამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი გმირულად დაიღუპა ტერორისტებთან ბრძოლაში.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგები

2017 წლის 21 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დაწყებისას დაკავებული იქნა შოაიპ ბორზიევი, რომელსაც 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ამავე საქმეზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობასა და თბილისში დაკავებული იქნა რამაზ მარგოშვილი, ვისაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ზურიკო გორნაკაშვილი - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა; რუსლან ალდამოვი - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა; ბაადურ ჩოფანაშვილი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2018 წლის 9 იანვარს დაკავებული იქნა ზურაბ იდოიძე, ვისაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს; 2018 წლის 22 იანვარს დაკავებული იქნა ანატოლი ბერძენიშვილი. მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამავე პერიოდში დაუსწრებლად ბრალი წარედგინა და ძებნა გამოცხადდა რუსლან შავაძეზე. მას დაუსწრებლად შეეფარდა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და იგი 2018 წლის 8 აგვისტოს იქნა დაკავებული.

ფაქტია, რომ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოზე ძლიერ ქვეყნებში ხდება ტერაქტები, საქართველოში ტერორისტებმა თავიანთი გეგმების განხორციელება ვერ შეძლეს.

კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით უწყების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა.

პირველ რიგში მან დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი გაიხსენა: "მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნის წინაშე და მადლობა ვუთხრა გმირობისათვის. მინდა, პირობა მივცე მის ოჯახს, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით", - ამბობს ირაკლი ჩიმაკაძე.

"კანონმდებლობის შეცვლამ საშუალება მოგვცა, დაგვეკავებინა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი პირები საქართველოში, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აღარ დაფიქსირებულა სირიაში საბრძოლველად გამგზავრების ფაქტები. ასევე შემცირდა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერ პირთა რიცხვიც.

"ამ ცვლილებებმა საშუალება მოგვცა, დაგვეკავებინა ის პირები, რომლებიც გაწევრიანებული იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებში და საქართველოში ბრუნდებოდნენ. ამით აღვკვეთეთ ტერორისტული ორგანიზაციების წევრების - საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება.

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ინფორმაციას მუდმივად ვცვლით, რაც საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალურად აღვკვეთოთ ტერორისტული ორგანიზაციების წევრების ტრანზიტული გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე", - ამის შესახებ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე საუბრობს.

მისი თქმით, ჩატაევმა კარგად იცოდა, რომ საქართველოში ეძებდნენ, რადგან ის მუქარა, რაც თავის დროზე ხელისუფლებას გაუგზავნა, რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. თანაც, ჩატაევი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ნუსხაში შედიოდა და წარმოუდგენელი იყო, რომ მას თბილისში აღმოაჩენდნენ.

"ვიცოდით თუ არა, რომ ჩატაევი თბილისში იყო, რა თქმა უნდა, არა. არსად დაფიქსირებულა და არც ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილა. ჩატაევმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში ეძებდნენ და სისხლისსამართლებრივად დევნიდნენ.

"ისედაც ცხადი იყო, რომ მუქარა, რომელიც ხელისუფლებას გამოუგზავნა, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ნუსხაში იყო შეყვანილი და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ ყველა სათანადო ღონისძიება ჩატარდებოდა.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევს, ვინც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდა, არაერთ ქვეყანაში ჰქონდა დაგეგმილი ტერაქტები, მათ შორის - საქართველოშიც. თუმცა, ვინმეს რომ სცოდნოდა, ჩატაევს 21 ნოემბერს თბილისში აღმოვაჩენდით, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო", - დასძინა ირაკლი ჩიმაკაძემ.

21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია და ასევე, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაცია მოხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა და ითქვა, რომ სამსახური არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას ზოგადად, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

"ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველო საიმედო პარტნიორი აღმოჩნდა"

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სპეცოპერაცია და რამდენად საფიხათო გახლდათ ეს დაჯგუფება საქართველოსთვის - "რეზონანსი" აღნიშნულთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს გაესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეს ანტიტერორისტული სპეცოპერაცია საკმაოდ დიდი მნიშველობის გახლდათ - საბოლოოდ, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, საქართველო საკმაოდ საიმედო პარტნიორი აღმოჩნდა.

"საქართველოში შემოპარული ტერირისტული დაჯგუფება მივიღეთ, რომელიც ტერაქტების ჩატარებას ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ადგილებშიც აპირებდა, ამიტომაც მათი გაუნებელყოფა განხორციელდა.

"ამ ტერირისტული ჯგუფის გაუვნებელყოფის შედეგად კი რამდენიმე პირის დაკავება და ნეიტრალიზაცია მოხდა. საქართველო ამ კუთხით მჭიდროდ თანამშრომლობდა თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ანტიტერირისტული ბრძოლის კუთხით და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა საიმედო მოკავშირე ტერირიზმთან ბრძოლაში.

"ამ ოპერაციის დროს ძალოვანმა სტრუქტურებმა დანაკარგი განიცადეს, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა მთავარი არის ის, რომ არც ერთი მშვიდობიანი მოსახლე არ დაღუპულა. ეს არის ერთ-ერთი პოზიტიური მახასიათებელი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

"განადგურდა მაღალი რანგის საერთაშორისო ტერორისტი"

ვახტანგ მაისაიას თქმით, ჩატაევი ტერორისტულ სამყაროში, შესაძლოა ითქვას, საკმაოდ მაღალი რანგის გახლდათ და მისი ლიკვიდაცია საქართველოს სპეცსამსახურებმა საკმაოდ წარმატებით განახორციელეს.

"ჩატაევის ლიკვიდაცია ქართული სპეცსამსახურების მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატება იყო. განადგურებულ იქნა საკმაოდ მაღალი რანგის საერთაშორისო ტერორისტი.

"ჩატაევი "დაეშის" ხელმძღვანელობაში რიგით მეექვსე ადგილზე იყო, ის "დაეშის" ერთ-ერთ სპეცსამსახურს ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც კავკასიის მიმართულებას კურირებდა. ბუნებრივია, რომ ჩატაევის ლიკვიდაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი იყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×