მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება 2019 წლის იანვრიდან აღარ დაინერგება და აღნიშნული სისტემის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, პროექტისათვის განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტების ნაწილზე უკვე დასრულებულია მუშაობა, თუმცა ნაწილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი.
პროექტისათვის განსაზღვრულია საგამოცდო მარშრუტები, რომლის ნაწილზეც უკვე დასრულებულია, ხოლო ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" უწყებაში.
როგორც ცნობილია, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარების პრაქტიკის დანერგვის სავარაუდო თარიღი რამდენჯერმე დასახელდა, თუმცა ყველაჯერზე გადავადდა. ბოლო ინფორმაციით, ახალი სისტემა 2019 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში - ქალაქის ქუჩებში ჩატარების პარალელურად, მისი ძველი სისტემით ჩაბარების ვალდებულებაც ექნებათ.მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. კერძოდ, შესაბამის პირებს ვალდებულება ექნებათ, გამოცდა ჯერ ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში - რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ.
"მართვის მოწმობის
მისაღებად, კანდიდატს თეორიული და განახლებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის შენარჩუნების მიზნით, პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპად დაიყოფა. კანდიდატები პირველ რიგში გამოცდას დახურულ მოედანზე, არსებული ბარიერების გადალახვის შემდეგ შეძლებენ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავა პოტენციური მძღოლი, გამოცდის მეორე, მართვის უფლების მისაღები გამოცდის ქალაქის რეალურ პირობებში ჩაბარების ეტაპზე", - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.
მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ.
კიდევ ერთი ინფორმაცია, როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოში განაცხადეს, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ახალი სისტემით, საწყის ეტაპზე, ზუგდიდსა და ფოთში არ ჩატარდება, ვინაიდან ამ ორ ქალაქში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ფოთსა და ზუგდიდში მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, მხოლოდ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება.
"მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება ყველა იმ ქალაქში მოხდება, სადაც გამოცდებს კანდიდატები აქამდე აბარებდნენ. პროექტის საწყის ეტაპზე გამონაკლისი იქნება ზუგდიდისა და ფოთის მომსახურების ცენტრები, ვინაიდან ამ ქალაქებში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები როგორც მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციების, ასევე ასფალტის საფარის ცვლილებას ითვალისწინებს. ფოთსა და ზუგდიდში, მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარება აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება შესაძლებელი", - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.