თამარ შუკვანი
22.11.2018

 „ქართული ოცნება" ყველანაირი მეთოდით, მუქარით, შანტაჟით და მოსყიდვით ცდილობს შექმნას სურათი, თითქოს "ევროპული საქართველოს" წევრები "ქართული ოცნების" მხარეს გადადიან. ამ მეთოდს განსაკუთრებით იყენებს "ქართული ოცნება" იმ რაიონებში, სადაც ვერ შეძლეს დაშინება და მოსყიდვა.

„ამიტომ დგამენ სპექტაკლებს ვითომდა გადასვლის თაობაზე. თერჯოლის რაიონული ორგანიზაციიდან პარტიის არცერთი წევრი არ წასულა, ტყიბულიდან კი მხოლოდ ერთი აქტივისტი წავიდა და ისიც პარტიის წევრი არ იყო. ტყუილია ქართული ოცნების მიერ გავრცელებული ინფორმაცია 17 წევრის მხრიდან პარტიის დატოვების შესახებ," - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ ტყიბულსა და თერჯოლაში ოპოზიციური პარტიები 17-მა წევრმა დატოვა. „ევროპული საქართველოს" ცხრა წევრი და „ნაციონალური მოძრაობის" რვა წევრი „ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ.

მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" გაერთიანება იყო. ამასთანავე, ყოფილ თანაგუნდელებსა და მოქალაქეებს მოუწოდეს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ.

დეპუტატმა ოთარ კახიძემ ამაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ადამიანების მოსყიდვით ცდილობს შექმნას სურათი თითქოს „ევროპულ საქართველოს" წევრები ტოვებენ.

„ეს ადამიანები არც შტაბის წევრები არიან, არც მნიშვნელოვანი პოზიცია არ ჰქონიათ და არც ვიცი, არიან თუ არა „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები. ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი ვიცანი, რომელმაც განცხადების გაკეთებაში „ქართულ ოცნებას" ფული გამოართვა.

„ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარეს დაურეკა და უთხრა, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა და მას ამ განცხადების გაკეთება მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ უწევდა, რისთვისაც წინასწარ ბოდიში მოუხადა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება პანიკაშია, რაც საბოლოო სურათს ვერ შეცვლის, რადგან მეორე ტურში მარცხი გარანტირებული აქვთ, განსხვავება დრამატული და მათთვის გასაკვირი იქნება.

„ევროპული საქართველოს" წევრებისთვის წინასწარ ცნობილი იყო, რომ მხარს გრიგოლ ვაშაძეს ვუჭერდით. ხელისუფლება ცდილობს, ქრთამით უცნობი პირები გამოიყვანოს, რომლებიც იტყვიან, რომ „ევროპულ საქართველოს" ტოვებენ. თერჯოლაში, წინა არჩევნებზე, ოთხი ათასმა ადამიანმა ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა, საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, ოპოზიცია შემოხაზეს. ამიტომ, ამაზე იფიქრონ და არა 17 ადამიანის გადაბირებაზე წვრილმანი ქრთამის სახით," - აცხადებს პარლამენტარი ოთარ კახიძე პირველ არხთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×