რეზონანსი
22.11.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი დათო მჭედლიძე ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

"ამასობაში 22 ნოემბერიც დადგა. ზუსტად 30 წლის წინ, საღამოხანს, მწერალთა სახლს მივადექი. დიდი დარბაზის კარებიდან გამოსულ გურამ ფანჯიკიძეს გადავეყარე. გავესაუბრე, შიგნით კიდევ მსჯელობენო, ხელი ჩაიქნია და გავიდა. შევდივარ დარბაზში. ზვიადი ბოლთას სცემს და თან, იქვე, წინა რიგებში მსხდომთა, 10-15 ადამიანის, მათ შორის, ჯანსუღ ჩარკვიანის კითხვებზე პასუხობს. ახლოს მივედი. მწერლებმა, აქციას ნუ გამართავთ, ცეკა და საქართველოს უმაღლესი საბჭო მუშაობს მაგ თემაზეო. საუბარია მოსკოვში შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე, რომლის ძალითაც, ვერც ერთი რესპუბლიკა ვერ გავიდოდა საბჭოეთიდან ყველა სსრ-ს თანხმობის გარეშე. ზვიადიმ, მიტინგის გამართვა გადაწყვეტილიაო, მარა შიმშილობის აქცია ედეპეს და გია ჭანტურიას მოჰკითხეთ, ინიციატორი ჰელსინკის კავშირი არ არისო.

გამოვედი დარბაზიდან და იმჟამინდელი უმაღლესი საბჭოს კიბეებს მივადექი.

სხედან ჩემი თაობის ახალგაზრდები, ჰა, ჰა, 50- 70 ადამიანი, ანთებული სანთლებით. მივუჯექი, მაგრამ შიმშილობის აქციასთან მიერთება არც მიფიქრია. ვსხედვართ, არც ლეიბი, არც საწვიმარი, უბრალოდ ვსხედვართ. ნელნელა ჩვენი რიგებიც იზრდება. მოდიან და მოდიან. ზოგს ლეიბი მოაქვს, ზოგს საბანი, ზოგს "ადიალა" და ზოგსაც "ლეჟანკა". გამთენიისას წავედი, მანამდე კი ზვიად ქადარიამ გურამ გოგბაიძე გამაცნო. ესეც რუსთაველიაო. საღამოს დავბრუნდი და რუსთაველის ქუჩა უკვე გუგუნებდა. მესამე დღეს მთელი თბილისი იქ იყო.

ჰო, ეს იყო ზუსტად 30 წლის წინ. საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი დღე.

p.s. ფეისბუქში ბევრი მეგობარი მყავს, ვინც იმ ღამეს იქ იჯდა და, ალბათ ასობით, ვინც იმ აქციებში მონაწილეობდა. არავის ვთაგავ", - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×