ზუდიდში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი კაცი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი თხილი გახდა. ერთ-ერთი დაჭრილი ზუგდიდის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის მეწილია. თვითმხილველები ყვებიან, რომ მეწილეებს ერთმანეთში დავა მოუვიდათ, რაც შემდეგ ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირებაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩაერთვნენ, რამაც არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.
ჩხუბი კი საბოლოოდ ორი ადამინის დაჭრით დასრულდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ქარხნის მეწილეს, 35 წლის ბესო დგებუაძეს სამი ტყვია მოხვდა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დანით არის დაჭრილი ფეხის არეში მისი მეგობარი 30 წლის კახა ჯიქია, მისი მდგომაროება სტაბილურია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
„არაფერი არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. ერთი ის ვიცით, რომ რაღაც ჩხუბი მოუვიდათ და იარაღიდან ესროლეს. თხილის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს. ზუსტად არავინ იცის, რა გახდა რეალურად ჩხუბის მიზეზი. როგორც მედიკოსები გვეუბნებიან, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამბობენ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა ჩხუბში. მეორე დაჭრილი მისი მეგობარია. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ გადარჩეს და ჩხუბში მონაწილე პირების დადგენა არ მგონია, რომ პოლიციას გაუჭირდეს", - ამბობს დაჭრილი ახალგაზრდას ახლობელი.
ექიმი გიორგი გერლიანი აცხადებს, რომ 35 წლის ბესო დგებუაძის მდგმარეობა, მიუხედავად სასწრაფო ოპერაციისა, მძიმეა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"მოყვანილია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, მძიმე შოკურ მდგოამრეობაში, ერთს მიყენებული ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობები, მეორეს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა. პირველი პაციენტი სასწრაფოდ გაყვანილი იქნა საოპერაციოდ და მისი მდგომარეობა ამჟამად არის მძიმე. მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - განცხადა ექიმმა გიორგი გერლიანმა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 19-108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების თქმითვე, ორივე პირი ერთი ინციდენტის მონაწილეა. ინციდენტი ზუგდიდში მოხდა.