არჩევნების მეორე ტურის წინ ევროკავშირის ოფისში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ერთგვარად უიღბლო გამოდგა, რადგან სწორედ მისი ვიზიტის პარალელურად ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, დაშინებასა და ზეწოლა დიდი ბრალდებების საგანი გახდა ევროპარლამენტში და ევროდეპუტატების მწვავე განცხადებებსა თუ ბრალდებებზე თავის მართლება საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს მოუწია.
ევროპელი პოლიტიკოსების აღშფოთების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 600 000 ადამიანისათვის ვალის გადახდის გადაწყვეტილება იყო და ითქვა, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა. ასევე წითელ ხაზად შეფასდა ყალბი პირადობის მოწმობების სავარაუდო დაბეჭდვაც.
გაისმა ერთგვარი მუქარანარევი განცხადებაც, რომ შესაძლოა საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ვიზელიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც კი დადგეს.
თბილისში ოპოზიცია ფაქტს საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით კი, „ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლებას წითელი ბარათი აჩვენეს".
„სამსაათიანი ჯოჯოხეთი, რომელიც „ქართულ ოცნებას" ევროპარლამენტში მოუწყეს, ჩემთვისაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი", - განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
ევროდეპუტატების კრიტიკის პასუხად კი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ევროპელების განცხადებებით გაკვირვებულია, გამაფრთხილებელი ბარათი კი არავის უჩვენებია.
დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, ის ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ხელისუფლების ოპონენტებთან მჭიდრო კავშირში არიან, სხვა ევროპარლამენტარები კი ამბობდნენ, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროინტეგრაციის გზაზე.
ცნობისათვის, 21 ნოემბერს საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ახალ, უმაღლეს ფორმატზე გადასვლის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეხებოდა ეკონომიკის, განათლებისა და უსაფრთხოების სფეროებში და ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რის მიხედვით ევროკავშირი საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე ფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ვიზიტი წარმატებულ იყო. თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პრემიერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და შემდეგ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრს ევროდეპუტატებმა კითხვები წინასაარჩევნო გარემოზე დაუსვეს და ეს კითხვები ძალიან კრიტიკული იყო.
ჟან-კლოდ იუნკერმა „რუსთავი 2"-ს უთხრა, რომ საარჩევნო გარემოზე მამუკა ბახტაძესთან საუბარი ჰქონდა და ეს იყო მეგობრული საუბარი. მას ეჭვი არ ეპარება, რომ „ყველა დემოკრატიული სტანდარტი დაცული იქნება".
თავად მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ნეგატივს „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს და ეს არ არის ჯანსაღი, რადგან საქართველოში ტარდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. მისივე თქმით, როდესაც საუბარია დარღვევებზე, საჭიროა კონკრეტული ფაქტები.
იუნკერისაგან განსხვავებით დემოკრატიული არჩევნების მოლოდინზე მეგობრული საუბარი სულაც არ ყოფილა ევროდეპუტატების მხრიდან, სადაც ახსენეს - ოლიგარქი, ხმების მოსყიდვა, გაყალბება, ყალბი პირადობების დაბეჭდვა და ა.შ.
საგარეო საქმეთა კომიტეტზე, სადაც დავით ზალკალიანი ქვეყნის შიგნით ოკუპაციის პრობლემებზე საუბრობდა, მას მწვავე კითხვები არჩევნებზეც დაუსვეს.
ევროპარლამენტში საქართველოს მთავრობამ დიდი კრიტიკა სესხების განულების ინიციატივამ გამოიწვია.
როგორც ევროპარლამენტის დეპუტატმა ლატვიიდან სანდრა კალნიეტემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება მოსახლეობის მძევლად აყვანას ემსახურება.
„დღეს მე სიბრაზეს ვგრძნობ თქვენი პრემიერის მიერ ორშაბათს გაკეთებული განცხადებით გამო... ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობა მძევლად აჰყავს,"- განაცხადა ევროდეპუტატმა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი საკუთარი ფონდის მეშვეობით მზადაა 600 000 ადამიანს ბანკის ვალი ჩამოაწეროს, ეს არის დაფარული გზა, რომ მოსახლეობის ნახევარი იქცეს იმ ფონდის მძევლად, რომლსაც მართავს უმდიდრესი და პოლიტიკური გავლენების მქონე ადამიანი.
სხვა დეპუტატებმაც დასვეს შეკითხვა, რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მაინცდამაინც მეორე ტურის წინ.
ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ განაცხადა, რომ „ამგვარი გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ბევრ მიღწევასა და მთავრობისადმი ნდობას".
ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ შემაშფოთებელია არასამთავრობოების ინფორმაცია იმაზე, რომ ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება და თუ ეს დადასტურდება, ეს ასოცირების ხელშეკრულების დარღვევად შეფასდება. ასევე ითქვა, რომ უარყოფითია არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა და ეს ოპოზიციის მომხრეების არჩევნების პროცესიდან ჩამოშორების მცდელობად შეფასდა.
ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან იაცეკ სარიუშ-ვოლსკი კი „რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ თუ დადასტურდება ივანიშვილის ბანკის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა და ყალბი პირადობების დამზადება, რაც ევროკავშირი და ევროპარლამენტი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს და ასეთ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასაც არ არის გამორიცხული.
ევროპელების კრიტიკის პასუხად დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმის მოსმენით, როცა გაყალბებაზე საუბრობენ. მისი თქმით, ევროპა დღეს ოპოზიციის ენით საუბრობს.
„ცოტა გაკვირვებული ვარ იმის მოსმენით, რომ გაყალბებებზე საუბრობთ, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება მეორე ტური. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დამკვირვებლების დადებითი შეფასება, რომ პირველი ტური დემოკრატიულად ჩატარდა," - თქვა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოქალაქეებისთვის დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა პრემიერმა დააყენა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, მაისში და არა ახლა და ამიტომ ეს არჩევნების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.
„მიზანი მოსახლეების ტანჯვის აღმოფხვრაა. ამ პრობლემაზე მთავრობამ დიდი ხნის წინ დაიწყო საუბარი. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ბიუჯეტის ფული. მას გასცემს საქველმოქმედო ფონდი და გაყალბებებთან არანაირი კავშირი არ აქვს და არანირი კავშირი არ აქვს არც მეორე საქმეს, ინფორმაციას პირადობის მოწმობების შესახებ," - განაცხადა ზალკანიანმა ბრიუსელში.
ჟურნალისტებთან საუბრისას კი ზალკალიანმა თქვა, რომ ევროპარლამენტში არანაირი ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებისთვის სხვადასხვა წყაროთი, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის მიერ, მიწოდებული ინფორმაცია ხშირად არასწორი, ან არასრულყოფილია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ის, რომ ევროპარლამენტის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღის უქმედ გამოცხადების შესახებ.
„მქონდა ძალიან გულწრფელი საუბარი, გავეცი ყველა კითხვაზე პასუხი, რაც იყო წარმოდგენილი და ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია იყო აქტიურად მიტანილი,"- აღნიშნა ზალკალიანმა.