თამარ შუკვანი
22.11.2018

 „მინდა გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში ნაციონალური მოძრაობის სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი," - ასე პასუხობს უმრაველესობის წევრი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ონში მათი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს „ქართული ოცნების" აქტივისტები დაესხნენ თავს.

მელიას ინფორმაციით, გვიან ღამით მათი წევრის სახლში „ქართული ოცნების" აქტივისტები, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი მივიდნენ და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენეს.

„გუშინ ღამის 12-ის ნახევარზე ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ბურდილაძე იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მასთან სახლში მივიდა "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი, კახა ისაკაძე და გია მეტრეველი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ოჯახის უფროსს შესაბამისი რეაქცია ჰქონდა და "ქართული ოცნების" ორმა კრიმინალმა აქტივისტმა უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ცივი იარაღით მუცლის არეში. სამი ჭრილობა აქვს გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელს ონში. მძიმე მდგომაროებაში გახლავთ იგი. დაზიანებული აქვს კუჭი და ელენთა და ის ვიდრე მე ვსაუბრობ, ებრძვის სიკვდილს," - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობას" ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კახა ისაკაძეს და მისი თანხლები გია მეტრეველს „ქართულ ოცნებასთან" არანაირი კავშირი არ აქვთ.

„ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.

„წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენლმა, რომელიც ცხოვრობს ქალაქ ონში. მინდა, სანამ ბატონი ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ბატონ ნოდარ ბურდილაძეს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მალე და დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ბატონი ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ,,ქართულ ოცნებასთან". ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები," - აცხადებს მდინარაძე.

ნიკა მელიას თქმით, დაჭრილი კლინიკაში თავად წავიდა, რა დროსაც ავარია მოუვიდა. ონის საავადმყოფოში დაშავებულის გაფორმება უნდოდათ ისე, თითქოს ის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა.

„ონის საავადმყოფოში იგი გააფორმეს როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული, პარალელურად, მყარდებოდა კონტაქტი "ქართული ოცნების" ონის მერთან, ემზარ საბანაძესთან, რომელიც გახლავთ ქალაქ ონში იგივე პერსონა, რაც არის ენზელ მკოიანი ახალქალაქში. ის გახლავთ შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

მდინარაძე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკაონ მსგავსი განცხადებებისგან.

„კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია თუ „ნაციონალური მოძრაობის" ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები.

„ამიტომ, მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა, მართალი არის მხოლოდ ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×