"საქართველოს ბანკმა" პსი-ს ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. "საქართველოს ბანკი" არის პირველი ბანკი ქვეყნის მასშტაბით, რომლის გადახდის ტერმინალებსა და ბანკომატებში GCB-ს ქსელში ჩართული ბარათებით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. პსი იაპონიაში დაფუძნებული ერთადერთი მსხვილი საერთაშორისო საგადახდო ბრენდია, რომლის ბარათებიც 190 ქვეყანაში გამოიყენება. 117 მილიონი ადამიანი, რომელიც ფლობს GCB-ის ქსელში ჩართულ ბარათებს, წარმატებით ახორციელებს ტრანზაქციებს 30 მილიონამდე ასოცირებულ მერჩანტთან მსოფლიოს მასშტაბით.
"საქართველოს ბანკში" განმარტავენ, რომ საქართველოს ბანკის საგადასახადო ქსელში კიდევ ერთი საერთაშორისო ბარათების ქსელის ჩართვა საშუალებას მისცემს უცხოელ, კერძოდ, აზიელ ტურისტებს, რომ თავიანთი ბარათებით საბანკო პროდუქტების მომსახურება დაუბრკოლებლად შეძლონ.
"საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორ კახა კიკნაველიძის შეფასებით, ბანკის საგადასახადო სისტემაში ახალი ბარათის მიღება ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისითაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა.
"საქართველოს ბანკი" მოხარულია, რომ არის პირველი ბანკი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც GCB ბარათების მიღების ლიცენზია მოიპოვა. 117 მილიონ ადამიანს, ვინც ფლობს GCB-ის ბარათებს, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ "საქართველოს ბანკის" გადახდის ტერმინალებით და ბანკომატებით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ "საქართველოს ბანკის" საგადასახადო ქსელში კიდევ ერთი საერთაშორისო ბარათების ქსელი ჩაერთო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ქსელი, რომელიც 190-ზე მეტ ქვეყანაშია ჩართული. დღეიდან "საქართველოს ბანკი" ყველა ტიპის საერთაშორისო ბარათს იღებს თავის ქსელში.
საქართველო აზიური ქვეყნებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანაა და ვფიქრობ, "საქართველოს ბანკის" საგადამხდელო სისტემაში პსი ბარათების მიღება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა GCB-ის გენერალურმა დირექტორმა ტაკაში სუეცუგუმ, რომლის შეფასებითაც, ახალი სერვისის შეთავაზებით მომხმარებლებს კომფორტული მომსახურების მიღება შეეძლებათ.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ბანკთან წარმატებით შედგა. როდესაც ჩვენი კომპანია განიხილავდა რეგიონში საკუთარი ბიზნეს აქტივობის გაფართოების საკითხს, არჩევანი შევაჩერეთ "საქართველოს ბანკზე", რადგან ის გამოირჩევა საიმედო და სტაბილური რეპუტაციით, მუდმივი ინოვაციით. ბანკის მიზნები სრულ თანხვედრაშია ჩვენს ფასეულობებთან - მომხმარებელს შევთავაზოთ საიმედო და თანამედროვე სერვისები. გვჯერა, რომ ერთობლივი თანამშრომლობით ჩვენ კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და შესაძლებლობებს მივცემთ GCB ბარათების მფლობელებს",- განაცხადა ტაკაში სუეცუგუმ.
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკმა" გასულ ათწლეულებში არაერთი ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საბანკო მომსახურების სფეროში: "საქართველოს ბანკი" იყო პირველი, ვინც ქვეყანაში 1996 წელს -Western Union-ში შემოიყვანა. ამავე წელს შექმნა პირველი პლასტიკური ბარათი - Georgian Card--ი, ხოლო 1998 წელს დადგა პირველი ბანკომატი საქართველოში. მომხმარებელს ბანკმა პირველად შესთავაზა ისეთი ინოვაციური სერვისები და პროდუქტები, რომელიც კლიენტსაც უმარტივებდა ამოცანებს, მეტ შესაძლებლობას აძლევდა და ბანკთან თანამშრომლობის კულტურას უყალიბებდა, ამავე დროს ქვეყანაში ბევრ მნიშვნელოვან ბიზნესმიმართულებას ავითარებდა.