დღეს არაერთი ბიზნესკომპანია ათასობით ლარს ხარჯავს ქველმოქმედებასა და სხვადასხვა საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობაზე, მაგრამ ამგვარი ინიციატივები ხშირად უსისტემოა და სპონტანურ ხასიათს ატარებს. ასევე, შეინიშნება გრძელვადიანი შედეგების მომტან საქმიანობაზე გადასვლის ტენდენციაც. კომპანიები, რომლებსაც ქართული ბიზნესის ლიდერთა როლზე აქვთ პრეტენზია, აცნობიერებენ, რომ წარმატების მისაღწევად და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უნდა იხელმძღვანელონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით და ანგარიშგებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე.
საქართველოში სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების რიცხვი იზრდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ყველა თანხმდება, რომ ქვეყნის განვითარებისთვის პასუხისმგებლიანი ბიზნესსაქმიანობა აუცილებელია. შეკითხვაზე, რატომ უნდა იყოს პასუხისმგებლიანი მეწარმე, პასუხი მარტივია - მომხმარებელი ირჩევს იმ კომპანიის პროდუქციას, რომელიც სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობით აწარმოებს ბიზნესს. არაერთი მეწარმე აცნობიერებს, რომ "სწორი" ქცევა დადებითად აისახება მის ბიზნესზე, მაგრამ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ბევრ კომპანიას არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული.
ქსოვისა და თელვის ოსტატ მარიამ მიქელაძეზე, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში, ცხოვრობს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაში ბევრს საუბრობენ. ანა შანშიაშვილი, რომელიც ამ ასოციაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ოსტატი პროფესიით მხატვარ-კერამიკოსია, ტრადიციული ხელსაქმე კი დედისა და ბებიისგან შეისწავლა.
ასოციაცია დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ ხელოვანს აერთიანებს. ასეთი გაერთიანებები არაერთია და ყველა დამოუკიდებლად ცდილობს, საკუთარი საქმიანობა წარმართოს, დაამზადოს ნივთები და შემდეგ მყიდველიც იპოვოს. სოციალურ საწარმოებად გაერთიანება ასეთ საქმეს შედარებით აიოლებს.
ანა შანშიაშვილი: "ასოციაციის წევრებს ძირითადად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გვეხმარებიან. ამ მხრივ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" ყველაზე აქტიურად არის ჩართული. არაერთი ჩვენი ტიპის ორგანიზაცია იყენებს მათ მიერ ორგანიზებულ სერვისებს. რომ არა ეს დახმარება, წინ ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამდით, დაიკარგებოდა არაერთი ტრადიცია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია გაბნეული.
ბიზნესს რაც შეეხება, ჩვენ მათთან არ ვურთიერთობთ. ისინი არც კი გვისმენენ და კარიც არაერთხელ მოუხურავთ. ვიტყოდი, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დღეს ბიზნესს სხვაგვარად ან საერთოდ არ ესმის. არადა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევის საქმეში ბიზნესს გადამწყვეტი როლი აქვს".
ერთ-ერთი კომპანიის პიარსამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც ვინაობის დაფარვა გვთხოვა, ამბობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობის აღება, რაც ბიზნესისაგან დამატებით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს, კომპანიებისთვის მიუღებელია:
"სოციალური პასუხისმგებლობა პირდაპირ უკავშირდება კომპანიის კონკურენტული უპირატესობის შექმნას, ანუ საზოგადოებრივად მოაზროვნე კომპანია ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს კონკურენტებს. არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოში კი ძნელია, დაარწმუნო ბიზნესი, აიღოს ეს პასუხისმგებლობა. რჩება მხოლოდ ემოცია, რომლის საფუძველზეც ჩვენს კომპანიას არაერთი კამპანია ჩაუტარებია. ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და ამ მიმართულებით შესაბამის ფონდებში ათასობით ლარი გვაქვს გადარიცხული".
ეკატერინე ნონიაშვილი, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" წარმომადგენელი: "ბიზნესის მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ჩვენი ფონდი ვერაფერს გააკეთებდა. დღეს უკვე 3 მილიონამდე ლარი გვაქვს დახარჯული. ქვეყანაში ჯერ არ არის ის კულტურა, თავად კომპანიები გიკავშირდებოდნენ და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე თავად იღებდნენ. ვცდილობთ, მათში სოციალური პასუხისმგებლობის სურვილი გავაჩინოთ. ბევრს ჯიბიდან ამოუღია ფული და მოუცია - ესეც უნდა ითქვას.
ბიზნესის მხრიდან შედარებით კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას იმით ვხსნი, რომ ჩვენი ფონდი ძალიან მტკივნეულ თემას ეხება: ლეიკემიასა და ბავშვებს. პირდაპირ ვიტყვი, ფონდებს კომპანიები არ ენდობიან და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ დაგვიჯერონ.
ვფიქრობ, საზოგადოებამ სწორად უნდა გაიგოს, რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობა. ბიზნესს ფული აქვს და ვალდებულია, მოგცეს - ასე არ არის. არც ის არის სწორი, როდესაც ბიზნესთან გჭირდება მტკიცება, რომ საჭიროა, სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარება გაუწიოს. პასუხისმგებელიანი ქცევა კომპანიის გრძელვადიანი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს".
გვანცა ფაცაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი: "ცენტრმა 2004 წლიდან დაიწყო აქტიური საქმიანობა ქვეყანაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციისა და პრაქტიკის დასამკვიდრებლად. როგორც საზოგადოებრივი აზრი, ასევე თავად ბიზნესკომპანიები კორპორაციულ პასუხისმგებლობას მეტწილად მსხვილი კომპანიების საქმედ მიიჩნევენ, რაც კონცეფციის უმართებულო გააზრების შედეგია.
ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მიმართულებაა "პრო ბონო" კონცეფციის ხელშეწყობა და განვითარება ქვეყანაში. სწორედ ამ მიზნით 2015 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით, ფონდ ქ|ეწთე უ.ქ.-ის, ფონდ იქც რუკიუკე ღგფ#ვე-ისა და ფონდ ეფზკწწე-ის თანადგომით დაარსდა "პრო ბონო ქსელი". ამჟამად სულ 20-მდე კომპანიაა გაერთიანებული და ეს ძალიან ცოტაა. რაც შეეხება "პრო ბონო" დახმარებას, მას არაერთი სამოქალაქო, სათემო ორგანიზაცია და სოციალური საწარმო იღებს.
ხშირად ჩვენი ინიციატივებისთვის სკეპტიკურადაც შეუხედავთ ან უთქვამთ, უშედეგო იქნებაო, თუმცა მიღებული შედეგი იმდენად ხელშესახები და ორივე მხარისთვის სასარგებლო გამხდარა, რომ "პრო ბონო" აქტივობის სარგებლიანობაზე აღარ გვედავებიან. "პრო ბონო" მედიაცია ხორციელდება პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
უფრო ნათელი რომ გახდეს, მოგიყვებით ერთი "პრო ბონო" მარათონის შესახებ: ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლებმა მთელი დღის განმავლობაში უსასყიდლოდ (ანუ "პრო ბონოდ") 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და სოციალურ საწარმოს გაუწიეს კონსულტაცია, რის შედეგადაც ამ ორგანიზაციათა წინაშე არსებული 40-მდე პრობლემა გადაიჭრა. კონსულტაცია შეეხებოდა: სამართლებრივ საკითხებს, ადამიანური რესურსების მართვას, მარკეტინგს, სოციალური მედიის მართვას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და სხვა.
გვინდა, ჩვენი საქმიანობით მივაღწიოთ იმას, რომ თავად ბიზნესი ჩაერთოს მთელ ამ პროცესში და თუნდაც ამ ტიპის მხარდაჭერა კომპანიების საქმიანობის თანამდევი გახდეს. სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს: შენ ცხოვრობ, გესმის, რომ საზოგადოების ნაწილი ხარ, შეგიძლია გავლენის მოხდენა საზოგადოებაზე და მიზანმიმართულად შენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში იღებ პასუხისმგებლობას".