95% მაინც არ იხდიდა და ბიუჯეტი ამით მხოლოდ 30 მილიონს დაკარგავს
თამარ მუკბანიანი
23.11.2018

 2019 წლის ბიუჯეტმა, შესაძლოა, 30 მლნ დაკარგოს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი "ევროპული საქართველოს" დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის ინიციატივას გაიზიარებს. კანონპროექტის მიხედვით, გადასახადი უნდა მოეხსნათ ბინის გამქირავებლებს, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში 30 000-ზე ნაკლებია. სხვათა შორის, ამ აზრს უმრავლესობაც იზიარებს.

ბინის გაქირავებისათვის 5%-იანი გადასახადის მოხსნას დარგობრივ კომიტეტში ხელისუფლების წარმომადგენლებიც მხარს დაუჭერენ. საკანონმდებლო ინციატივა პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დააყენა და საკომიტეტო მოსმენაც დაგეგმილია.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ფიზიკურ პირებს, რომლებიც საკუთარ უძრავ ქონებას აქირავებენ და წლის განმავლობაში 30 000 ლარზე ნაკლებ შემოსავალს იღებენ, აღარ მოუწევთ 5%-იანი გადასახადის გადახდა. როგორ გეგმავენ არაფორმალურ სექტორში შემოსავლის განსაზღვრას კანონმდებლები, ჯერ უცნობია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ამ ინიციატივის მხარდაჭერა მისი პირადი პოზიციაა, კომიტეტის უმრავლესობის მოსაზრება კი საკომიტეტო მოსმენისას გამოიკვეთება. შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 5%-იანი გადასახადის ჩამოწერა მოხდება შემდეგი პრინციპით: ბინის გამქირავებლები მოხვდებიან დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში, რის შედეგადაც მათ 5%-იანი გადასახადი მოეხსნებათ. დაბეგვრის სპეციალურ რეჟიმში მოსახვედრად კანონში შევა ცვლილება და ბინის გამქირავებლებს მეინიჭებათ მიკრობიზნესის სტატუსი.

უძრავი ქონების სფეროში მომუშავეთათვის გაუგებარია, როგორ აღრიცხავს 30 000 ლარის გადასახადს სახელმწიფო და რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს პირს, დაარეგისტრიროს ბიზნესი მაშინ, როცა დღევანდელი მდგომარეობითაც ამ გადასახადისათვის თავის არიდებას ბევრი გამქირავებელი ახერხებს.

ნინო მოსულიშვილი დედაქალაქში 3 ბინას ფლობს, რომლებსაც მუდმივად აქირავებს. მას ბიზნესი რეგისტრირებული აქვს და 5%-იან გადასახადსაც იხდის. სამომავლოდ ბინათმფლობელისთვის ნებისმიერი შეღავათი მისასალმებელი იქნება, თუმცა ვინ რამდენ მოგებას იღებს, ამის დადგენა მთავრობას გაუჭირდება.

"3 ბინა მაქვს ცენტრიდან მოშორებით. სამივეს ვაქირავებ და გადასახადსაც ვიხდი მას შემდეგ, რაც 20%-იდან 5%-მდე შემცირდა. ამას ისიც დაემატა, რომ სესხის გამოტანისას ეს კარგ საბანკო ისტორიას მიქმნიდა. მოკლედ, დაინტერესება ჩემი მხრიდანაც დიდი იყო, რომ ბიზნესი ლეგალურად მექცია. რა თქმა უნდა, რაც ნაკლები ბიუროკრატია და ხარჯი იქნება მცირე ბიზნესისთვის, მივესალმები, მაგრამ როგორ უნდა განსაზღვრონ, ვინ იღებს 29 000-ს და ვინ - 30 000-ს, ვერ ვხვდები.

აღსრულება რთული იქნება ალბათ და ისევე დარჩება კანონი ფურცლებზე, როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში. ხალხი თავის არიდების გზასაც იპოვის და შვილებზე, მეუღლეებზე გადააფორმებენ, რომ შემოსავალი არ დაეკისროთ.

ჩემი აზრით, ამას გადასახადის დროებითი ამნისტია ან რამე მსგავსი მექანიზმი სჯობს. თუ შემოსავალს იღებ, სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადო, მთავარია, გადასახადი ადეკვატური იყოს. კარგი იქნებოდა, ამ კუთხით მეტი ემუშავათ", - ამბობს ნინო მოსულიშვილი "რეზონანსთან".

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი ბინების გაქირავებისათვის გადასახადის მოხსნას მიესალმება, თუმცა ამბობს, რომ ამასთან ერთად აუცილებელია, ყველა დარეგისტრირდეს და მათთვის კონკრეტული სტანდარტი შეიქმნას.

"ქვეყანაში 8 მლნ-მდე ტურისტია შემოსული, მათი განთავსების ადგილები კი ძალიან მცირეა. მთელ მსოფლიოში მოგზაურებისათვის ყველაზე ხელსაყრელი 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროებია. ჩვენთან ასეთი ძალიან მცირეა და რატომღაც ბიზნესი კვლავ ბიზნესკლასის სასტუმროების მშენებლობაზეა ორიენტირებული, რომლებიც ისედაც მრავლადაა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, სანახევროდაც არ არის დატვირთული. სწორედ ამიტომ ყველაზე პოპულარული საშუალება ბინებია, რომელთაც ინტერნეტით ქირაობენ ქვეყანაში სტუმრობის მსურველები.

აშკარად პოზიტიური ნაბიჯია, რომ გადასახადისაგან გათავისუფლდეს ეს სექტორი, თუმცა აუცილებელია მათი რეგისტრაცია და ელემენტარული მოთხოვნები მათაც უნდა დაუწესდეთ. ძალიან ხშირად სტუმრებს საერთოდ სხვა ბინა და სხვა პირობები ხვდებათ და სხვა არის განთავსებული საიტებზე, რაც ამცირებს ვიზიტორების ქვეყანაში ხელმეორედ მობრუნების ალბათობას. ამიტომ მათ უნდა გაუმარტივდეთ საგადასახადო ტვირთი", - ამბობს ალადაშვილი "რეზონანსთან".

2017 წელს ბინის გაქირავების 5%-იანი გადასახადით ბიუჯეტში 32 მილიონი ლარი შევიდა. შესაბამისად, ამ საგადასახადო შეღავათის ამოქმედების შემდეგ ბიუჯეტს 30 მილიონ ლარზე მეტი დააკლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×