აყალბი პირადობების სავარაუდო დაბეჭდვის შესახებ არასამთავრობოების სკანდალურ განცხადებას "ოცნების" მხრიდან მესამე სექტორზე თავდასხმის ახალი ტალღა მოჰყვა და "ოცნებამ" არასამთავრობოები ფაშიზმის ხელშემწყობებად მონათვლის შემდეგ ახლა უკვე ტყუილსა და "ნაცმოძრაობის" ინტერესებისა თუ დაკვეთის გატარებაში ღიად დაადანაშაულა.
პროკურატურაში საქმეზე გამოძიება დაწყებულია. გამოძიების პარალელურად კი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ "არასამთავრობოები ტყუილში გამოიჭირა" და არ გამორიცხავს, რომ ამ ტყუილის თქმის დავალება მათ "ნაციონალური მოძრაობიდან" მიიღეს.
წულუკიანის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ეკა გიგაური ამბობს, რომ მინისტრის განცხადება საგანგაშოა, რადგან მან, ფაქტობრივად, ინსტრუქცია მისცა გამოძიებას, რა შედეგი უნდა დადონ. ბრალდების მეორე ადრესატი მიხეილ ბენიძე კი ამბობს, რომ წულუკიანი აგრძელებს ნიშნის მოგებით საუბარს და პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცდილობს, არასამთავრობოებს "ნაცმოძრაობასთან" კავშირი დააბრალოს.
შეხსენებისთვის, სამშაბათს ეკა გიგაურმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოდან", ირმა პავლიაშვილმა საია-დან და მიხეილ ბენიძემ "სამართლიანი არჩევნებიდან" ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელ სოსო გიორგაძის დავალებით ყალბი პირადობების დაიბეჭდოს მეორე ტურისთვის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად. წყაროს ცნობით, მაგალითად, გარდაბანსა და წალენჯიხაში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან "სანდო" პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას "სანდო" პირები მიავლინეს.
არასამთავრობოების თქმით, ამ ორ მუნიციპალიტეტში ხელმძღვანელების შეცვლის ფაქტი დადასტურდა, ყალბი პირადობების დაბეჭდვის ფაქტი კი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და დაადგინოს.
ამ განცხადებას ბრალდებებითვე იმავე დღეს გამოეხმაურა თავად სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და არასამთავრობოებს უპასუხისმგებლო უწოდა "გაუგონარი ბრალდებებისა" და "ცილისწამების" გამო. მან თქვა, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ და არც ის გამორიცხა, რომ არასამთავრობოებს უჩივლოს.
ბრალდებებს გამოეხმაურნენ "ოცნებაში" და როგორც მოსალოდნელი იყო, არასამთავრობოებზე თავდასხმის ახალი ეტაპიც გაიხსნა. დეპუტატებმა, ზოგმა ირიბად და ზოგმა პირდაპირ, თქვეს, რომ ეს ინფორმაცია "ნაცმოძრაობის" მიერაა შემოგდებული და არასამთავრობოები ან მოტყუვდნენ, ან განზრახ თქვეს ტყუილი ოპოზიციის სასარგებლოდ.
ოთხშაბათს კი იუსტიციის მინისტრმა ისე, რომ ჯერ გამოძიება მხოლოდ საწყის ეტაპზეა, არასამთავრობოები უკვე "ამხილა" ტყუილშიც და "ნაცმოძრაობის" დაკვეთის შესრულებაშიც.
"ძალიან სამწუხაროა, რომ გუშინ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოჭერილი იქნა ტყუილში, საიდან მოდის ეს ტყუილი ჩემთვის, პრინციპში, ალბათ არის ნათელი. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მათ შესაძლებელია, ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობისგან," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ვარაუდობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რათა საჯაროდ ეთქვა ტყუილი და ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი. წულუკიანის აზრით, არასამთავრობოების ტყუილში გამოჭერას ადასტურებს ის, რომ არ დაასახელეს წყარო.
"მათ ათქმევინეს ტყუილი და როგორც ჩანს, ვიღაცას დასჭირდა, რომ არასამთავრობოებს ეს მეტი დამაჯერებლობისთვის გაეჟღერებინათ," - აღნიშნა წულუკიანმა.
ამას საპასუხო განცხადებებიც მოჰყვა. ეკა გიგაურის თქმით, როცა გამოძიება ერთი დღის დაწყებულია, იუსტიციის მინისტრი, ფაქტობრივად, უკვე გამოძიების შედეგებს გვიცხადებს.
"საგანგაშოა, რომ იუსტიციის მინისტრი არ დაელოდა გამოძიების შედეგებს და წინასწარ დააანონსა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი. ამით, ფაქტობრივად, ინსტრუქციები მისცა საგამოძიებო ორგანოებს, რომ მათ ეს შედეგი დაედოთ," - აცხადებს გიგაური.
მისი თქმით, შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ამ ამბავს ნამდვილად ვერ დამალავდნენ, ხოლო წყაროს ვერ დაასახელებენ მისივე უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მოტივით. ამ საერთაშორისო სტანდარტს დაიცავენ და მთელი დისკუსიის გადართვა იმაზე, "წყაროს რატომ არ ასახელებთ", წარმოუდგენელია.
მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ წულუკიანის მხრიდან "ნაცმოძრაობასთან" კავშირის ბრალდება პირველი არ არის.
"გასაგებია, რომ ის აგრძელებს მცდელობას, რომ რაღაცნაირად ეს კავშირები საიდანღაც დაადგინოს, მაგრამ ეს არის მოგონილი, სიცრუე და ტყუილი. დანარჩენად, მისი მცდელობა და განცხადებები, რომ ვიღაცა ტყუილში გამოიჭირა, არის მიუღებელი, მით უმეტეს, გამოძიების დასრულებამდე. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით ამბობს ამას, მით უმეტეს, როცა თავად ამბობს, რომ გამოძიება გაგრძელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე არის საკმარისი დეტალები, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების შედეგად დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ბენიძემ.
ის გამოეხმაურა პროკურატურის განცხადებასაც იმის შესახებ, რომ არასამთავრობოები წყაროს დასახელებისგან თავს იკავებენ. ბენიძე მიიჩნევს, რომ ამაზე აპელირება დაუშვებელია, რადგან ჩვენებებში იყო კონკრეტული ინფორმაციები, რაც შეიძლება გამოძიებას გამოადგეს.
საგულისხმოა, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დღეს სალომე ზურაბიშვილისსასარგებლოდ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბებაზესაუბრობს,ანალოგიურად საუბრობდა 2010 და 2012 წლების არჩევნებზეც დამაშინ მათი განცხადებები სარწმუნო იყო ოპოზიციაში მყოფი "ქართული ოცნებისთვის", ხოლომთავრობაში მყოფი "ნაცმოძრაობა" მესამე სექტორს აბსურდულ ბრალდებებში ადანაშაულებდა.
ახლა კი, 2018 წელს, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები ისევ ალაპარაკდნენ სავარაუდო გაყალბებაზე, რაც ოპოზიციაში მყოფ "ნაციონალებს" სჯერათ, მთავრობაში მოსულ "ოცნებას" კი არა და არასამთავრობოებს ოპოზიციის დაკვეთაში სდებენ ბრალს.