"საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროპელი პოლიტიკოსები ყოველთვის აღნიშნავენ დემოკრატიის კუთხით საქართველოს პროგრესს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და ამიტომ ის იმიჯი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, ასეთმა საარჩევნო კამპანიამ შეიძლება გააფერმკრთალოს," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველი პარტიის წინასაარჩევნოდ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელთაც მკაცრი შეფასებები მოჰყვა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან.
"საარჩევნო პროცესში შეხვედრები მქონდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, მაგრამ მათ ვითარება არ შეუფასებიათ, რადგან პროცესი დასრულებული არ არის; ფაქტია, დასავლეთის ქვეყნები დიდი ინტერესით აკვირდებიან, რამდენად მომწიფდა ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატია, რისი მანიშნებელიც და ერთგვარი ტესტი სწორედ არჩევნებია და თუ საარჩევნო პროცესი უსამართლო გარემოში ჩატარდება, ეს ქვეყნის იმიჯისთვის დიდი დარტყმა იქნება. მერე უკვირთ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ქვეყანა დაბალ რეიტინგებში ხვდება, არადა, მიზეზი ისაა, რომ შენ ვერ ატარებ ნორმალურ არჩევნებს, პოლიტიკური ველი ორ პარტიას აქვს მონოპოლიზებული, რომლებიც ერთმანეთის დემონიზაციითა და მარგინალიზაციით არიან დაკავებული," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.