"პატრიოტთა ალიანსის" შუახევის ორგანიზაციის წევრმა ბეგლარ ფუტკარაძემ პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. ფუტკარაძემ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ოფისში გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის" რიგები კიდევ 10-მა წევრმა დატოვა.
ბეგლარ ფუტკარაძემ პარტიიდან მისი და თანაგუნდელების წასვლის მიზეზად „პატრიოტთა ალიანსის" რუსეთთან კავშირი და "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა დაასახელა.
"პარტიის არასწორმა და გამოუსწორებელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა დავტოვოთ „პატრიოტთა ალიანსი" და შევუერთდეთ გაერთიანებულ ოპოზიციას "ძალა ერთობაშია". ჩემთან ერთად პარტა დატოვა 10-მა ადამიანმა, მათ ამჟამად უამინდობის გამო, ვერ შეძლეს ჩამოსვლა. მათ უარი თქვეს, რომ დღეს დაგეგმილ „პატრიოტთა ალიანსის", სინამდვილეში კი „ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობა მიიღონ. მოვუწოდებ, ჩემს უკვე ყოფილ თანაგუნდელებს, დროა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა ფუტკარაძემ.
კითხვაზე, ის რომ პარტიის ლიდერები არასდროს მალავდნენ პოლიტიკურ სიმპათიებს რუსეთის მიმართ, იყო თუ არა მისთვის უფრო ადრე ცნობილი და ჰქონდა თუ არა ამაზე საუბარი პარტიის ლიდერებთან? ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ ის პარტიის პრორუსულ პოლიტიკას მანამდეც აკრიტიკებდა.
"მქონდა პარტიაში ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დაფიქსირებული. დღეს კიდევ ვაფიქსირებ და თან ვტოვებ პარტიას. მე პატრიოტად მივიჩნევ ადამიანს, რომელიც ქვეყნის, ხალხის სასიკეთოდ მოქმედებს, მოსახლეობის გვერდით დგას და არა ადამიანს, რომელიც გარკვეული ფულის სანაცვლოდ, თამაშობს სხვადასხვა როლს", - ამბობს ფუტკარაძე.
"ბათუმელების" კითხვაზე, თუ რას გულისხმობს "გარკვეული ფულის სანაცვლოდ" სხვადასხვა როლის თამაშში, ფუტკარაძე ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ფინანსურ სარგებელს იღებს მმართველი პარტიისგან.
ბეგლარ ფუტკარაძე ამბობს, რომ პარტიის დატოვების შესახებ „პატრიოტთა ალიანსი" ინფორმირებული არ არის და ის ამის შესახებ, დღეს, ბრიფინგის შემდეგ გაიგებს.