თამარ შუკვანი
23.11.2018

 საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ „ახალი რევოლუცია" ანონსდება. ვრცელდება ახალი ფარული აუდიოჩანაწერები, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია," სადაც სავარაუდოდ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე საუბრობენ. ჩანაწერებს ისევ უკრაინული ვებგვერდი ავრცელებს.

„მე მაქვს მოსმენების საფუძველზე ასეთი ინფორმაცია, „რუსთავი 2"-ს ვუსმენ-ხოლმე და პირდაპირ საუბრობენ სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი იმაზე, რომ ისინი აპირებენ რევოლუციას მეორე ტურის შემდეგ. „იმედზეც" ისმის იგივე, ისინიც აჩვენებენ შკლიაროვს, სააკაშვილს, ვაშაძეს და გვარამიას, ისინი პირდაპირ საუბრობენ რევოლუციაზე.

„ჩვენ ვიცით, რა „ღირებულებებზე" არის აგებული ზოგადად ეს პოლიტიკური ძალა, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ შეუძლია აგრესიის და ძალადობის გარეშე, მათ ექნებათ მცდელობა, თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს მცდელობა იყოს წარუმატებელი და ეს ასეც იქნება," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს.

გიორგი ვაშაძე ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია.

„აუდიოჩანაწერის ფიგურანტი არ ვარ, იქ ჩემი ფოტოა, ხმა კი არის ჩვეულებრივი სინთეზატორით დამზადებული სისულელე, ბოდვაა.

„ჩვეულებრივი ადამიანიც რომ მოისმენს ნახავს, რომ საერთოდ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში არ საუბრობს, აბსოლუტურად სხვადასხვა თემებზე არის საუბარი. საერთოდ, ამ საარჩევნო პერიოდში ბაქრაძეს პირადად არ შევხედრილვარ.

„ისრაელი საერთოდ რა შუაშია, ვერ გავიგე. ისრაელში საერთოდ ნამყოფი არა ვარ, თუ ძალიან გაინტერესებთ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში. ყველაფერს აქვს საზღვარი. სინთეზატორით გაკეთებული ხმა ჩემი ხმა არ არის. ეს საერთოდ ჩემი ლექსიკონი არ არის. ძალიან კარგად მიცნობს მთელი საქართველო და ძალიან ბევრი ადამიანი. ამის იმედი აქვს „ქართულ ოცნებას"? მივმართავ მათ - სასაცილოები ხართ.

„მოუსმინეთ და მიხვდებით, რომ ორი ადამიანი საერთოდ ერთმანეთს არ ელაპარაკება. დამზადებულია ხმების სინთეზი. ჩემი ხმა არ არის გარკვეულ კომპონენტებში, რაღაცებია აღებული, მიჭრილ-მოჭრილი. ეს ორი ადამიანი საერთოდ არ ესაუბრება ერთმანეთს, ერთი სხვას ამბობს, მეორე სხვას," - განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გავრცელებული აუდიოჩანაწერების შესახებ საუბრობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობა" რევოლუციას „ვერ გაბედავს."

„არავის უკვირს, რომ მიხეილ სააკაშვილს რევოლუციური ფიქრები აქვს და არავის გაკვირვებია ამ ჩანაწერის, უბრალოდ, ეს რეალური ხმით მოვისმინეთ. სააკაშვილს აქვს ერთი პროფესია და ერთადერთი რამ იცის, ესაა რევოლუციის მოწყობა.

„ჩვენ დავინახავთ ნაბიჯებს, რაზეც საუბრობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ გაბედავენ, რადგან მათ ხალხის რეალური მხარდაჭერა არ აქვთ. მეორე ტურის შემდეგ დავინახავთ, სად არის „ნაციონალური მოძრაობა" და სად არის ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სესიაშვილმა პირველ არხს უთხრა.

უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიჩანაწერებს ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც, რომელმაც ჩანაწერებს სასაცილო უწოდა.

„გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ე.წ. ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი, ვიტალი შკლიაროვი დეკემბერში საქართველოში რიგგარეშე „ვარდების რევოლუციას" პროგნოზირებს. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ რადიო „ეხო მოსკვიზე" გამოქვეყნებულ ბლოგში „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან" წერს.

„არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია" ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული ცვლილებების „რევოლუცია". რევოლუცია, სადაც არც ქვემოთ და არც ზემოთ არ სურთ ძველბურად ცხოვრება, რევოლუცია, რომელსაც არ ეყოლება წაგებული," - წერს ვიტალი შკლიაროვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×