„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?" - ამ თემაზე ტელეკომპანია „იმედმა" წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა "გელაპ ინტერნეიშნალს" დაუკვეთა.
საველე სამუშაები კომპანია „ეისითიმ" ჩაატარა. ხმები ალოკაციის შედეგად კი ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი 52%, გრიგოლ ვაშაძე 48%.
შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ასეთია, მონაცემთა შეწონვა განხორცილდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილიყო შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით, - სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით.
მონაცემთა ალოკაციისას გათვალისწინებულ იქნა პირველი ტურის შედეგები; კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა.
წარმომადგენლობითი, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საარჩევო ხმის უფლების მქონე საქართველოს 2 400 მოქალაქე, გამოკითხვის შედეგების ცდომილება 2%-ს შეადგენს. ხოლო, საიმედობა არის 95%.
ამასთან, ჩაატარებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლებს კვლავ "ფსიქოპროექტი", ჯერჯერობით უცნობია.
როგორც სოციოლოგმა და "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ განაცხადა, იგი თანამშრომლობას აგრძელებს "ქართულ ოცნებასთან", თუმცა იქნება თუ არა ჩართული ეგზიტპოლების კვლევაში, ამაზე მეორე ტურის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
"ქართულ ოცნებასთან" ვთანამშრომლობ ყოველთვის, მაგრამ ასეთ კითხვებზე პასუხს არ ვიძლევი, ვიდრე არ დასრულდება მეორე ტური", - განაცხადა ზურაბ ბიგვავამ "2020NEWS"-სთან.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ეგზიტპოლები "ფსიქოპროექტს" დაუკვეთა, რომლის მონაცემებითაც, სალომე ზურაბიშვილი ხმების 52%-ით ლიდერობდა. თუმცა ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ზურაბიშვილმა არჩევნებში ხმების 38% მიიღო და 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც, შესაბამისად მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 28 ოქტომბერს ჩატარდება.