თამარ შუკვანი
23.11.2018

 „ნამდვილად არ მივესალმები რომელიმე პოლიტიკური ძალის და განსაკუთრებით მმართველი გუნდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებსა და მათ მიმართ რაღაც შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებას.

„ეს კარგ ტონად არ აღიქმება არც ქვეყანაში და არც სტრატეგიულ პარტნიორებში, თუმცა თუკი არსებობს ის, რაც კრიტიკას იმსახურებს, კრიტიკასგან თავი არ უნდა შევიკაოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციაა," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მმართველი გუნდი არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმას განაგრძობს. სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოხატული კრიტიკა „ქართული ოცნების" მხრიდან, ხშირ შემთხვევაში აგრესიაში გადადის, - რა შეიძლება ეწოდოს მმართველი გუნდის მსგავს თავდასხმებს და რამდენად წამგებიანია ეს „ოცნებისთვის", აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი" ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

ზაალ ანჯაფარიძე: ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის წევრებს ვურჩევდი მკვეთრი გამონათქვამებისგან თავი შეიკაონ. ეს პოლიტიკურ ორგანიზაციას, არც პოლიტიკურად და არც რეპუტაციულად, არაფერს შემატებს.

„რეზონანსი": საიდან გამომდინარეობს და რა იწვევს მმართველი გუნდის ასეთ აგრესიას?

ზ.ა: არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც მოაწყვეს ეს ცნობილი პრესკონფერენცია, სადაც მმართველი პარტია და ხელისუფლება დაადანაშაულეს არჩენების გაყალბების ძალიან სერიოზულ ფაქტებზე პირადობის მოწმობის დამზადებასთან დაკავშირებით, ვერ წარმოადგინეს რაიმე სერიოზული მტკიცებულება.

ამის სასარგებლოდ საუბრობენ რაღაც წყაროზე, რომლის გამხელაც მათ არ სურთ. გასაგებია, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციებმა, როდესაც ასეთ სენსიტიურ თემებზე საუბრობენ, შეიძლება არ გაამხილონ წყარო არც გამოძიების წინაშე და არც სასამართლოზე.

თუმცა, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდება მოდის და საჯაროდ ცხადდება, ეს წააგავს ხელისუფლებაზე საინფორმაციო შეტევას, - მისთვის პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანის მიყენების მცდელობას და სწორედ ეს გახლდა მიზეზი და ბიძგი იმისა, რაც ხელისუფლებისგან არასამთავრობო ორგანიზაციის ამ ერთი ჯგუფისადმი წამოვიდა.

ეს მაშინვე ხელზე დაიხვია ოპოზიციამ კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ," - ჩვენ კი არ ვსაუბრობთ არჩევნების გაყალბებაზე, არამედ დამოუკიდებელი ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი საუბრობს ამაზეო. ხელისუფლებამ ეს აღიქვა, როგორც ერთგვარი შეტევა.

ალბათ უმჯობესია, რომ არჩევნების წინ უფრო თავშეკავებული იყოს ხელისუფლება, რადგან სამოქალაქო სექტორის დაპირისპირებას ასეთი ხელისუფლებისთვის პოზიტიური შედეგები არ მოუტანია, თუნდაც ჩვენი უახლესი ისტორიიდან გამომდინარე.

არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ მათ განცხადებებს და უფრო მეტი მტკიცებულება წარმოადგინონ, როდესაც ვინმეს ასეთ სერიოზულ ბრალდებას უყენებენ.

„რ": შესაძლოა მმართველ გუნდს ვინმე კარნახობდეს არასამთავრობოების კრიტიკას?

ზ.ა: შესაძლოა უმრავლესობის წევრები საკუთარი ინიციატივითაც აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს. მესმის, რომ ისინი გაღიზიანებულები არიან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოყენებულმა ბრალდებამ საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა. დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. ევროპარლამენტში დაისვა კრიტიკული კითხვები, მართლია მხოლოდ პარტიული დეპუტატების მხრიდან, თუმცა თემა საჯარო სივრცეში მაინც დატრიალდა.

საჭიროა დიალოგის მაგიდასთან დასხდომა და ურთიერთობის გარკვევა. ასეთი მტრობის რეჟიმში ურთიერთობის გაგრძელება, ვფიქრობ, არცერთისთვის არ იქნება კარგი. ცხოვრება არჩევნებით არ მთავრდება და ალბათ მომავალში მოუწევთ რაღაც ურთიერთობა. ასეთ ფონზე კი ურთიერთობა ცოტა გაჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×