წუხელ ზუგდიდში სროლა და დაპირისპირება იყო. ფაქტი "ქართული ოცნების" აფხაზეთის მიმართულების ოფისთან მოხდა, სადაც გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაკურ გულუას გვიან ღამით ესროლეს.
მას მიმავალი მანქანიდან ცეცხლი გაუხსნეს. მათი თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა და გულუა ფაქტობრივად ჩაცხრილა. ამის შემდეგ კი თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. გულუას ტყვია ფეხში მოხვდა. გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში უცხო პირმა მიიყვანა, რომელმაც ის ქუჩაში დაჭრილი ნახა.
გულუას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა ის რეამინაციაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის - თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.
„ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გასროლა და ავტომობილის სწრაფად წასვლის ხმა გავიგონე. როგორც ამბობენ, ორნი მდგარან ქუჩაში, გამოიარა ავტომობილმა და ჩაწეული შუშიდან ვიღაცამ ერთს ესრროლა. ფეხებში იყო დაცხრილული. გამვლელს წააუყვანია, ვინც დაჭრილი დაინახა. მერე გავიგეთ, რომ ბაკურ გულუა ყოფილა. თავდამსხმელი გაიქცა. მთელი ღამე პოლიცია დარბოდა, ეძებდნენ ეტყობა. სხვა ჩვენც არაფერი ვიცით", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ექიმ მაია ესებუას განცხადებით, გულუას ჭრილობა ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
"ჭრილობების დამუშავება მოხდა წუხელ. პაციენტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში რჩება, თუმცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობს ექიმი.