ეკატერინე ბასილაია
23.11.2018

 „ოცნება" და „ნაციონალები" ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მოუკლავს მეორეს გულს, ვინ უფრო მეტ სიბინძურეს იტყვის... ამ დღეებში ერთიც და მეორე მხარეც კიდევ რაღაც კომპრომატებს დადებს. ვინ უფრო ოსტატურად გააკეთებს ამას, ესეც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შედეგზე," - აცხადებს სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი, რომლის თქმითაც, „ხელისუფლების დამარცხება იდეოლოგიური თვალსაზრისით დიდ დარტყმას მიაყენებს თავად „ოცნების" მომხრეებს პარტიის შიგნით და ამან შეიძლება პარტიში დიდი განხეთქილებაც კი გამოიწვიოს".

„რეზონანსი": არჩევნებამდე დღეებია დარჩენილი და ისევ ორი განსხვავებული სოციოლოგიური კვლევა გვაქვს, „იმედის" კვლევით ზურაბიშვილი იგებს 2%-იანი სხვაობით და „რუსთავი 2"-ის კვლევით ვაშაძე იგებს 4%-ით. რას ნიშნავს ეს, ისევ პროპაგანდისტული ნიშნის კვლევებს ვხედავთ?

ამირან ბერძენიშვილი: ღიად პროპაგანდისტული იყო ფსიქოპროექტმა 52% რომ დაუწერა სალომე ზურაბიშვილს. ამ შემთხვევაში გააჩნია რა მეთოდოლოგიით ატარებენ კვლევას. შესაძლოა ამ კვლევებშიც იყოს ჩადებული პროპაგანდა, მაგრამ ამას გარდა, ჩვენი ამომრჩეველიც დაბნეულია. თავს ვინც გადაავლებს ტელევიზიას, გაზეთებს, ინტერნეტს, საზიზღარი რაღაცები იწერება, ერთმანეთზე ლაფის სროლაა. მიკვირს, როგორ ესალმებიან ადამიანები ერთმანეთს და ერთმანეთზე არ იწევენ საცემად. ამიტომ, ძალიან ადვილად შეიძლება მონაცემები დღეების მიხედვით შეიცვალოს, ასეთი პროპაგანდა-აგიტაციის, დაპირისპირებების შემდეგ. ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ელექტორატი ჩვენ ხომ არ გვყავს. ჩვენი საზოგადოება ისე რესტრუქტურიზებული არ არის, როგორც აშშ-ი, რომ ან დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს უჭერდეს მხარს ყველა სიტუაციაში. ამიტომ ამომრჩეველიც მერყეობს და ეს ყველანაირი გადათამაშების შესაძლებლობას აძლევს კვლევით ინსტიტუტებსაც. ყოველ წუთს იცვლება სიტუაციები.

„რ": თუმცა, როდესაც ხელისუფლების კვლევა საკუთარ კანდიდატს 52%-ს უწერს და ეს კანდიდატი 38%-ის იღებს, ეს ახლა ამომრჩევლის მერყეობას ვერ დაბრალდება და ეს პროპაგანდა უღირდათ? ეს ხომ „ოცნებისთვის" დიდ დარტყმა იყო რეპუტაციის თვალსაზრისით?

ა.ბ: ეს ცდომილება ნებისმიერი ორგანიზაციისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ მე მგონია, რომ მათ ამ რისკის შესახებ დასაწყისშივე იცოდნენ, მაგრამ ჩათვალეს, რომ ღირდა რისკად. ხელისუფლებას სხვა გათვლები ჰქონდა. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა მართლაც მიეღოთ ეს ხმები, არა იმით, რომ არჩევანს თავისი ნებით განახორციელებდა ვინმე, არამედ იმ საკმაოდ დიდი რესურსების გამო, რომელიც სამთავრობო სისტემას აქვს, ადმინისტრაციული რესურსით, მაგრამ „არ გაუმართლათ". არ გაუმართლათ იმიტომ, რომ არ იყო მეცნიერული და არ იყო მეთოდოლოგიურად სწორი. პროპაგანდისტული იყო, გარისკეს და რისკი ყოველთვის არ ამართლებს.

„რ": „იმედიც" და „რუსთავის 2"-იც პოლიტიკურ პარტიებთან არიან აფილირებულები და ორივე არხის კვლევაში ის იმარჯვებს, ვისი მხარდამჭერიცაა ეს ტელევიზია. ახლაც პროპაგანდას ვხედავთ?

ა.ბ: ეს კვლევები სწორედ ამ ტელევიზიის მესვეურებს სჭირდებათ იმისთვის, რომ თავიანთ ამომრჩეველს, ვინც შედარებით მყარადაა, აჩვენოს, რომ კარგად მიდის საქმე. რომ ამდენი ცუდი პროპაგანდის შედეგად არ დაეჭვდეს და არ დათმოს თავისი წინანდელი პოზიცია, ხელი არ ჩაიქნიოს.

„რ": ცუდი პროპაგანდა ახსენეთ. ხელისუფლების მთავარი მესიჯიც ამგვარია, „ნაციონალების" სასტიკი რეჟიმის დაბრუნებას ჩვენნაირი უუნაროები გერჩიოთო და ეს იმუშავებს მეორე ტურში?

ა.ბ: ეს არის პროპაგანდისტული მესიჯები და არა ობიექტური სიტუაციის გაანალიზება. სწორედ ასეთი რაღაცებით აშინებენ ადამიანებს და ამუქებენ ამას, რომ ის დაბრუნდება, „ბუაა" და რაღაც მსგავსი. არასასიამოვნო სიტუაციაა. ამას არ უნდა კადრულობდეს არც ნორმალური პარტია, არც მაუწყებლობა, საჯაროდ გამოსული ადამიანი ასეთ შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს ხალხს.

„რ": ვინ უფრო სცოდავს ამ საარჩევნო კამპანიაში?

ა.ბ: ისეთნაირად მიდის ყველაფერი, რომ დიდი განსხვავება არ არის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მოუკლავს მეორეს გულს, ვინ უფრო მეტ სიბინძურეს იტყვის და ხალხსაც ღამით ძილის საშუალებას არ მისცენ, ვინც მათ მოუსმენს. როგორ შეიძლება ადამიანის პირიდან ამოვიდეს ამდენი ზიზღი, ამდენი უბედურება. ასე თუ გვძულს ერთმანეთი, მაშინ რა გვინდა?! ამ თავიანთი პოლიტიკით, მგონია, რომ ადამიანებს საერთოდ უკარგავენ არჩევნების მონაწილეობის სურვილს

„რ": მეორე ტურში რას ელოდებით, მცირე სხვაობა იქნება ისევ?

ა.ბ: ჯერ კიდევ დროა. წინა დღეებში ერთიც და მეორე მხარეც კიდევ რაღაც კომპრომატებს დადებს. ვინ უფრო ოსტატურად გააკეთებს ამას, ესეც ძალიან დიდ გავლენას მოახდენს სწორედ იმ ჩამოუყალიბებელ ამომრჩეველს. იმდენად თანაბარია ორივე მხარე ლანძღვის სფეროშიც, ქების სფეროშიც თუ საქმიანობის სფეროშიც, რომ მეტნაკლებად 1-2%-იანი სხვაობა უნდა იყოს. ძალიან არაპროგნოზირებად და არარაციონალურ რაღაცებზე ვართ დამოკიდებულები.

„რ": ხელისუფლება გვიცხადებს, რომ დიდი არეულობისთვის ემზადება ოპოზიცია, თქვენ რას ელოდებით, რა იქნება თუ ვაშაძე გაიმარჯვებს და რა იქნება თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს?

ა.ბ: არანაირი არეულობა არ იქნება, ესეც პროპაგანდაა. გავიარეთ ასეთი რაღაცები ჩვენ ძალიან ბევრი. ოპოზიციას არ აქვს ძალა. ამას ხელისუფლება არ უნდა ამბობდეს. ძალიან ცუდია, როცა ამას აანონსებს და ამით გულუბრყვილო ამომრჩეველს აშინებს - თუ ჩემს კანდიდატს არ მისცემ ხმას, ძალიან ცუდად იქნება საქმე. ეს ძალიან იაფფასიანი სვლაა და ძალიან პრიმიტიული აზროვნების ადამიანებზეა გათვლილი. ასეთები ნამდვილად არ ვართ. შეურაცხმყოფელია, როცა ასეთი დაშინებებით ცდილობენ არჩევნების მოგებას და არა იმით, რომ ადამიანებს მიეცეს საშუალება წყნარად, ნორმალურ სიტუაციაში დასხდნენ, აწონ-დაწონონ და ვისზეც ფიქრობენ, რომ უკეთესი მომენტები აქვს, იმათ დაუჭირონ მხარი. არ უნდა ხდებოდეს, რომ ნევროზის და აფექტის მდგომარეობაში გააკეთოს ადამიანმა არჩევანი, ან უბრალოდ 5 ლარად გაყიდოს ხმები. საერთოდ, ქვეყანაში, სადაც ხმები იყიდება, რომელ არჩევნებზე და მეცნიერულ კვლევებზე ვლაპარაკობთ?!

„რ": ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ პრეზიდენტის პოსტი უმნიშვნელოა და ახლა რატომ იქცა ეს არჩევნები ასე სამკვდრო-სასიცოცხლო ომად?

ა.ბ: ბევრს არ ეგონა, რომ ასეთი დიდი რაოდენობა დაუჭერდა მხარს ოპოზიციას. „ოცნებამ" ეს ვერ გათვალა, ეგონა ამ არჩევნებს ჩვეულებრივად გაივლიდნენ და ამიტომაც თითქოს არ თვლიდნენ მნიშვნელოვნად, მაგრამ, რაც არ უნდა დიდი ფუნქციების მატარებელი არ იყოს ეს თანამდებობა, ხელისუფლების დამარცხება ნიშნავს, რომ ხალხის დიდმა მასამ აქცია ზურგი და იდეოლოგიური თვალსაზრისით ეს დიდ დარტყმას აყენებს თავად „ოცნების" მომხრეებს პარტიის შიგნით. ამან შეიძლება პარტიის შიგნით დიდი განხეთქილებაც კი გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×