საოჯახო ტიპის საცხოვრისები ევროპაში ძალიან პოპულარულია. განვითარებული ქვეყნები საჯარო უწყებებზე ამბობენ უარს და ახალ-ახალი ტიპის ჰოსპისებს აშენებენ, თუმცა საქართველოში არსებული 5 საცხოვრისი დაფინანსების სიმცირის გამო დახურვის პირასაა. რა ელით იქ მყოფ ადამიანებს, არავინ იცის.
ორგანიზაცია "ხელი ხელს", რომლის საოჯახო საცხოვრისებშიც უკვე მეშვიდე წელია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ცხოვრობენ, შესაძლოა, ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს. ამ დროს კი შშმ პირები იქ დაცულად გრძნობენ თავს, არ აქვთ ყოველდღიური პრობლემები, თუმცა მომავალი წლიდან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ამირან დათეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ დაფინანსება ექნებათ თუ არა, მისთვის უცნობია.
"მოლაპარაკება გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და თითქოს მზად არიან, რომ გაითვალისწინონ შემდეგი წლის ბიუჯეტში ჩვენი საკითხი, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღწეული არ არის. რა ფორმით და როგორ მოხდება დაფინანსება, ჯერ კიდევ უცნობია. საუბარია 5 საცხოვრებელ სახლზე. ერთ-ერთი უკვე დახურულია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დროებითია", - აღნიშნა მან.
მომავალი წლიდან მათ დაფინანსებას უმცირებს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოც", 2020 წლიდან კი საერთოდ შეუწყვეტს, რადგან ფონდის დახმარებითვე ამ წლების განმავლობაში შემუშავდა საქართველოზე მორგებული საოჯახო საცხოვრისების სტრატეგია. მან მსგავსი საცხოვრებლების პრაქტიკა დანერგა და ახლა მისი ფინანსური ჩანაცვლების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება.
ხათუნა დოლაბერიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც აპროტესტებს საცხოვრისების დახურვის საკითხს და ფიქრობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, შშმ პირების მიმართ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს, გამოყოს დაფინანსება და ამჟამინდელი გარემო შეუნარჩუნოს.
"ხშირად მინახავს სხვადასხვა სიუჟეტი ამ თემაზე და მუდმივად სიამაყის განცდა მქონდა, რადგან ვხედავდი, როგორ მიიყვანეს ეს ადამიანები და აცხოვრებდნენ ოჯახურ, თბილ გარემოში. ახლა რა გამოდის, ვითარება იცვლება? შშმ პირების ბედი ნამდვილად არ ანაღვლებთ. როგორ შეიძლება, ასეთ პროგრამაზე ამბობდე უარს.
დისშვილი მყავს, რომელსაც საკმაოდ მძიმე დიაგნოზი აქვს. მუდმივად ვფიქრობ, როცა აღარ ეყოლება დედა, სად უნდა წავიდეს და ვინ მიხედავს მას? ამ დროს სწორედ ეს საცხოვრისები მახსენდება და ვხვდები, რომ მარიამს აქვს საშუალება, იცხოვროს ისე, რომ მის სურვილებს პატივი სცენ და იგრძნოს დამოუკიდებლობა.
სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და ეს კარგი საქმე, რომელიც წამოწყებულია, კი არ უნდა გაანადგუროს, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყოს. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავალთ.
ევროპაში ასეთ საცხოვრისებს უფრო და უფრო მეტს ხსნიან, ჩვენ თან რა ხდება? როგორ შეიძლება, ისედაც თითზე ჩამოსათვლელი დაწესებულებები დახურო და ეს ადამიანები ქუჩაში დატოვო, სითბოს, ზრუნვის გარეშე და დააბრუნო იქ, საიდანაც კარგი არაფერი ახსოვთ და ეშინიათ კიდეც იქ დაბრუნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ხათუნა დოლაბერიძემ.
საოჯახო ტიპის საცხოვრისების აუცილებლობას საზოგადოება სწორად აღიქვამს და პროტესტიც უჩნდებათ არსებული რეალობის გამო. ადამიანები, რომლებიც ამ საცხოვრისებში ცხოვრობენ, დამოუკიდებლად ახერხებენ არსებობას, საშუალება ეძლევათ, ოჯახურ გარემოში იცხოვრონ, მათი უმეტესობა უკვე მუშაობს და დამოუკიდებლად ცდილობს ყოფითი საკითხების გადაჭრას. აქედან გამომდინარე, ჰოსპისმა თავისი ვალი შეასრულა და ამ ადამიანებს დაეხმარა საკუთარი თავის პოვნაში.
სახელმწიფო კი იმის ნაცვლად, რომ საცხოვრისების რაოდენობას ზრდიდეს, ხელს უშლის და დაუფინანსებლობის გამო, შესაძლოა, ის ხუთი სახლიც კი დაიხუროს.
ორგანიზაციამ "ხელი ხელს", ჯანდაცვის სამინისტროს გარდა, ბიუჯეტში ამისთვის თანხის გათვალისწინების თხოვნით პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა და, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტებსაც მიმართა.