თუკი ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ეროვნულ ვალუტას მართლაც ეშველება
მარი ჩიტაია
24.11.2018

 მთავრობა არჩევნების შემდეგ ლარის გამყარებას ელოდება. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ეს პროცესი დაწყებულია და სამომავლოდ კურსი კიდევ გამყარდება. ფინანსისტებს მთლად ასეთი შემართება რა აქვთ. ისინი ვარაუდობენ, რომ გამყარება არ იქნება გრძელვადიანი და გარკვეული დროის შემდეგ ლარი ისევ გაუფასურდება. პირველი რიგის ამოცანა სავალუტო რყევების მინიმუმამდე შემცირებაა.

ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას შეფასებით, ლართან დაკავშირებული პრობლემა უმეტესწილად რეგიონულ ფაქტორთან არის დაკავშირებული. უარყოფითად იმოქმედა ასევე მოლოდინმაც, თუმცა ქობულია ამტკიცებს, რომ ლარი გამყარდება არჩევნების შემდეგ და ადეკვატურ ნიშნულს დაუბრუნდება.

"გაუფასურება დაკავშირებულია რეგიონულ სიტუაციასთან. როდესაც რეგიონში უფასურდება, ვთქვათ, თურქული ლირა, ასეთ დროს იწყება პანიკა და ჰგონიათ, რომ აქაც იქნება კრიზისი, ანუ ეს არის მოლოდინი. გარდა ამისა, პოლიტიკური დებატებისას ბევრი გამოდის და ამბობს, რომ დაგვენგრა ქვეყანა და ა.შ. ზის ხალხი, რომელიც შესაძლოა, კარგად ვერ ერკვევა ამ სიტუაციაში და ფიქრობს, რომ მართლაც საშინელება ხდება. ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებიც უწყობენ ხელს ამ რეალობის შექმნას.

საერთო ჯამში, არც ერთი არაა ფუნდამენტური მიზეზი. ამდენად, ლარის გაუფასურება ეს არის მოლოდინისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგი. სინამდვილეში ლარს სერიოზული არაფერი სჭირს და ამას დავინახავთ უახლოეს მომავალში, რა მოხდება. დიდი ალბათობაა, ეს სტრესი შემსუბუქდება, ლარიც შესაბამის ნიშნულს დაუბრუნდება.

გამყარება უკვე დაწყებულია კიდეც და ნახავთ არჩევნების დასრულების შემდეგ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ამის გარანტიას არავინ იძლევა, მაგრამ ასეთი მაქვს მოლოდინი. ჩვენ თუ ჩვენი პროგრამა შევასრულეთ, ანუ ექსპორტი გავზარდეთ და უცხოური ინვესტიციების დონე ავწიეთ, პირიქით, შესაძლოა, ლარი ზედმეტადაც გაძლიერდეს", - განუცხადა "კომერსანტს" ქობულიამ.

მინისტრის ოპტიმიზმს ექსპერტთა წრეებში ნაკლებად იზიარებენ, მაგრამ გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ეკონომიკური ფაქტორების გავლენით კურსის დაბალანსება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. რაც ლარს მომდევნო პერიოდში გაამყარებს, ინვესტიციებისა და ექსპორტის ზრდააა. ამდენად, თუკი მინისტრის მოლოდინმა გაამართლა, სავალუტო ბაზარზე გამოცოცხლება დაიწყება.

ასე ფიქრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი გოჩა თუთბერიძე, რომლის შეფასებითაც, დღესდღეობით არსებული რეალობა ლარზე სასიკეთოდ არ მოქმედებს, თუმცა ამ ორი კომპონენტის (ექსპორტისა და ინვესტიციების ზრდა) გავლენით ცვლილება სავსებით შესაძლებელია.

"დღეს ისეთი არაფერი ხდება, რამაც შეიძლება გაცვლით კურსზე რადიკალურად მოახდინოს გავლენა. მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ცვლილება ამ მიმართულებით არ გვაქვს. შეიძლება პატარა რყევები იყოს, მაგრამ მასშტაბურ გამყარებას არ ველოდები. შეიძლება მინისტრს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ რეალურად რომ გამყარდეს ლარი, მაშინ საკმაოდ დიდი მოცულობის ინვესტიცია უნდა შემოვიდეს ქვეყანაში და ექსპორტის ზრდა მოხდეს. ასეთი რამე თუ იგეგმება და აქვს გიორგი ქობულიას ამის შესახებ ინფორმაცია, ცხადია, რომ ეს ლარს საგრძნობლად გაამყარებს.

ვეთანხმები მას, რომ რეგიონულმა ფაქტორმა ლარზე გავლენა მოახდინა. განსაკუთრებით თურქეთისა და რუსეთის სავალუტო ბაზრებზე არსებულმა სიტუაციებმა, ეს ნამდვილად სწორია. კურსზე ეს ფაქტორი საკმაოდ მოქმედებდა, თუმცა არ ვიცი, რა იგულისხმა ადეკვატურ ნიშნულში, რადგან ადეკვატურია ნებისმიერი მონაცემი, რომელიც კურსს ასახავს. ასე თუ მივუდგებით საკითხს, ამ ეტაპზეც ლარი ადეკვატურ ნიშნულზეა", - ამბობს "რეზონანსთან" თუთბერიძე.

სპეციალისტების ერთი ნაწილი ლარის გამყარებას მხოლოდ მოკლე პერიოდით ვარაუდობს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კურსის დასტაბილურება შეუძლებელია. ექსპერტ მიხეილ თოქმაზიშვილის შეფასებით, დინამიკაში კურსის ცვალებადობა იქნება ყოველთვის, სანამ ეკონომიკა არ გაძლიერდება და არ გახდება სტაბილური.

"ეროვნულ ვალუტას მკვეთრი ცვალებადობა ახასიათებს. გარკვეული პერიოდით მყარდება და შემდეგ ისევ უფასურდება, რაც მიმდინარეობს უკვე წლების განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკა არ იძლევა საშუალებას, გამყარდეს ლარი და ეს პროცესი გაგრძელდეს მომავალ წლებშიც. ის ყოველთვის იქნება მერყევი. ალბათ კონკრეტული ვადა აქვს მინისტრს მხედველობაში და გამყარება მართლაც შეიძლება მოხდეს, სავსებით შესაძლებელია", - ამბობს თოქმაზიშვილი და დასძენს, რომ მსგავს დაპირებას ჩვენ ვისმენთ წლების განმავლობაში, მაგრამ ინვესტიციები არ არის საკმარისი და ვერ აბალანსებს ეკონომიკას.

"ლარი ვერ გამყარდება ვერც უცხოეთში მცხოვრები ქართველი მიგრანტების საშუალებით და ვარც იმ ვალით, რომელსაც იღებს ქვეყანა. ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუკი რყევა მინიმუმამდე დავა. ეს არის მთავარი ამოცანა და არა ის, რომ ხალხს უთხრან, თითქოს ლარი გამყარდება და ასეთ პოზიციას წლების განმავლობაში შეინარჩუნებს. ეს არ არის სწორი.

პროგნოზი, რეალურად არავის შეუძლია, თუმცა შესაძლებელია მოკლე პერიოდით ლარის გამყარება სებ-ის ინტერვენციებით. ეს იქნება წერტილოვანი დარტყმები. ჯინის ბოთლივით ეფექტს მივიღებთ, როცა ამოხეთქავს იგი და შემდეგ ისევ გაუფასურდება. თავისუფალი მცურავი კურსი უნდა ჰქონდეს ეროვნულ ვალუტას და ეკონომიკის განვითარების დინამიკა და თანაფარდობა განსაზღვროს", - ამბობს თოქმაზიშვილი.

მთავრობის პათოსს იზიარებს ეკონომისტი რატი აბულაძე, რომლის ვარაუდითაც, არჩევნების შემდეგ ლარის გამყარება სავსებით შესაძლებელია, თუ ეკონომიკური პარამეტრები არ გაუარესდება.

"ბოლო 3 თვეა, ლარი 2.60-2.76 ფარგლებშია. ამ ფონზე, ლარის ნიშნულში ვინ რა სიდიდეს გულისხმობს, რთულად სათქმელია. არსებული ფაქტორებისა და დადებითი მოლოდინის ფონზე, ბუნებრივია, გაცვლით კურსთან მიმართებით დამაიმედებელი ვითარება იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ, რეგიონული ფაქტორების გარდა, ლარის კურსზე მოქმედებს ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი, სახელმწიფო ვალი, საპროცენტო განაკვეთები, სავაჭრო პირობები და სპეკულაცია, როცა კურსის ცვლილება არ ეფუძნება ეკონომიკის საწყისებს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ლარის კურსის გამყარებაზე დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკური გარემო. სამწუხაროდ, არსებული მოცემულობის პირობებში არც "არჩევანის შესაძლებლობა" გაქვს, რადგან არჩევნებში წარმოდგენილი არიან ის პოლიტიკური სუბიექტები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა და პოლიტიკური იმედი დაბალია", - განუცხადა რატი აბულაძემ "რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×