ტატა შოშიაშვილი
24.11.2018

 კომპანია "გელაპ ინტერნეიშენლისთვის" ტელეკომპანია "იმედის" მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებისა და წინასაარჩევნო განწყობის შესახებ "რეზონანსი" რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს - ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ კვლევა სანდო არაა და მასზე დაყრდნობით წინასწარი დასკვნების გამოტანა გაუმართლებელია.

ლევან ბერძენიშვილის აზრით, სინამდვილეში ხმათა რაოდენობა აბსოლუტურად სხვაგვარად გადანაწილდა და არა ისე, როგორც ამაზე კვლევა იუწყება.

"ეს არის ე.წ. ალოკაცია. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 26%, ხოლო ვაშაძემ 24%. 37%-მა კითხვას პასუხი არ გასცა, ასე რომ, სინამდვილეში ეს კვლევა არ არის, ის სანდო არაა," - აღნიშნავს პოლიტიკოსი.

მისივე განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლებამ ბევრი შეცდომა დაუშვა და მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება მეორე ტური, მოქმედი ხელისუფლება პოზიციის გამყარებას მაინც ვერ შეძლებს.

"შეცდომებს მხოლოდ ხელისუფლება უშვებს, ოპოზიციას შეცდომა საერთოდ არ დაუშვია. არც კი ვიცი, როგორ უნდა დაუშვას ოპოზიციამ შეცდომა. ვაშაძე, უბრალოდ, ხალხს ხვდება.

"პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილის შეცდომა არის ის, რომ ხალხს არ ხვდება და არ ელაპარაკება მათ - არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. მეორე არის ის, რომ ბილბორდზე გამოჩნდა ხალხი, რამაც შეურაცხყო პრეზიდენტობის კანდიდატი და თუ ვინმე ვერ ხვდება, რომ ეს შეურაცხმყოფელია, ეს მათი საქმეა. მესამე კი მის შვილს უკავშირდება - თეიმურაზ გორჯესტანი უაზროდ ჩაერია კამპანიაში და მოითხოვა დებატები. იდიოტიზმის ამ დონეს საქართველოშიც კი არ ჰქონია ადგილი. ასე რომ, შეცდომებს უშვებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, რადგან პანიკაშია.

"რომც გაიმარჯვოს სალომე ზურაბიშვილმა, უკვე სრულიად ნათელია, რომ ამ ხელისუფლებას წყალი შეუდგა და ის ვერ გაძლებს დიდხანს," - ამბობს ბერძენიშვილი.

იგი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებზე კომენტარს ვერ გამოთქვამს, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხალხზეა დამოკიდებული.

"როგორც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ისე დასრულდება მეორე ტური. მე ვგულშემატკივრობ იმას, რომ ვერ გაიმარჯვოს ხელისუფლებამ და მისმა კანდიდატმა, მაგრამ საბოლოოდ რა იქნება, ამას ვერ ვიტყვი. იმედი მაქვს, იმდენს ვერ მოახერხებენ, რამდენსაც იმუქრებიან, რადგან გაყალბების გარეშე სალომე ზურაბიშვილი ვერ გაიმარჯვებს. თუმცა რამდენს და როგორ გააყალბებენ, შესაბამისად, რამდენად აიტანს ამას ქართველი ხალხი და ამომრჩეველი - ვერ ვიტყვი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×