ეკატერინე ბასილაია
24.11.2018

 მეორე ტურამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და რეიტინგებით ახალი ბრძოლა ისევ გახსნილად გამოცხადდა - უკვე გვაქვს ორი ტელევიზიის ორი აბსოლუტურად განსხვავებული კვლევა - "იმედის" დაკვეთით "გელაპ ინტერნეიშენალის" მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში სალომე ზურაბიშვილი იგებს, "რუსთავი 2"-ის დაკვეთით "ედისონ რისერჩის" კვლევით - გრიგოლ ვაშაძე, ორივე შემთხვევაში მცირე სხვაობით.

ამავე დროს, "ოცნება" აცხადებს, რომ მათ ცალკეც აქვთ შიდა კვლევა ჩატარებული. როგორც კახა კალაძე ამბობს, შიდა კვლევით დარწმუნებულები არიან, რომ იგებენ, თუმცა არ იგეგმება კვლევის გასაჯაროება.

"ოცნების" პრესსამსახურის წარმომადგენელი გრეტა წიწავა "რეზონანსთან" ამბობს, რომ "იმედმა" რაც გამოაქვეყნა, ეს ამ ტელეკომპანიის მიერ დაკვეთილი კვლევაა და არანაირი კავშირი არ აქვს პარტიის შიდა კვლევასთან. ვინ ჩაატარა "ოცნების" კვლევა და რა შედეგი დაიდო, ამაზე კი ამბობს, რომ "ვერ გვეტყვის".

ოპოზიცია "რუსთავი 2"-ის კვლევას ენდობა, "ოცნება" - "იმედის" კვლევას, თუმცა ცოტა ფრთხილად, რადგან პირველ ტურში მათი კვლევაც და ეგზიტპოლებიც, რომელიც "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა, უზარმაზარი ცდომილება აღმოჩნდა და როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ეს სამარცხვინო იყო, როს გამოც დიდად უსაყვედურა გუნდს.

გუშინ ტელეკომპანია "იმედმა" მის მიერ "გელაპ ინტერნეიშენალისთვის" დაკვეთილი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ხმები ასე გადანაწილდა: სალომე ზურაბიშვილი - 28%, გრიგოლ ვაშაძე - 26%; არ გადამიწყვეტია/არ ვიცი - 37%, არც ერთს - 9%. ზურაბიშვილი უმცირესი სხვაობით, 2%-ით უსწრებს ვაშაძეს.

ხმები ალოკაციის შედეგად კი ასე განაწილდა: ზურაბიშვილი - 52%, ვაშაძე - 48%.

კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და საველე სამუშაოები კომპანია "ეი-სი-თიმ" ჩაატარა.

ერთი კვირის წინ კი მსგავსი კვლევა გამოაქვეყნა "რუსთავი 2"-მაც. "ედისონ რისერჩის" გამოკითხვაში გამარჯვებული გრიგოლ ვაშაძეა. ალოკაციის გარეშე შედეგები ასეთია: ვაშაძე - 38%, ზურაბიშვილი - 34%, სხვაობა 4%-ია.

იმავე კითხვაზე პასუხი, სრული ალოკაციის მიხედვით (როდესაც გამოკითხული პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა დამატებითი კითხვების საშუალებით იგებს ორგანიზაცია, ვისი პოტენციური ამომრჩეველია), მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: ვაშაძე - 56%, ზურაბიშვილი - 44%.

კვლევა 1-ლი ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლითაა ჩატარებული.

საგულისხმოა, რომ "ედისონ რისერჩმა" საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინაც გამოაქვეყნა კვლევა და ეგზიტპოლი და ყველაზე მცირე, 3%-იანი ცდომილებით დაემთხვა ცესკო-ს საბოლოო მონაცემებს.

"ოცნების" კვლევას და ეგზიტპოლებს კი 15%-იანი აცდენა ჰქონდა. პირველ ტურში "იმედს" კვლევა არ ჩაუტარებია, თუმცა ტელეკომპანია წინა არჩევნებზე თანამშრომლობდა "ეი-სი-თი"-სთან, რომელმაც ახლა გამოკითხვის საველე სამუშაოები შეასრულა.

მაგალითად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე "იმედის" დაკვეთით ქართული კომპანია "ეი-სი-თის" ეგზიტპოლით: გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა 68%, დავით ბაქრაძეს - 17%. ეგზიტპოლი არ დაემთხვა ცესკო-ს მონაცემებს. ეგზიტპოლით მარგველაშვილს მოემატა 6%, ბაქრაძეს მოაკლდა - 4%.

ასევე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც "იმედის" დაკვეთით "ეი-სი-თის" ეგზიტპოლით: დავით ნარმანია - 51% , ნიკა მელია - 24%, "ოცნება" - 51%, "ნაცმოძრაობა" - 24%. კომპანიამ მეორე ტური ვერ გამოიცნო. ეგზიტპოლით ნარმანიას მიემატა - 5%, მელიას მოაკლდა - 3%.

აღსანიშნავია ისიც, რომ "გელაპ ინტერნეიშენალი", რომელსაც "იმედმა" კვლევა დაუკვეთა, შვეიცარიაში რეგისტრირებული ორგანიზაციაა და სახელწოდების გამო წლების წინ სკანდალშიც გაეხვია, რადგან ამერიკულმა "გელაპმა", რომელიც ლამის ერთსაუკუნოვანი კომპანიაა, სასამართლოში უჩივლა "გელაპის" სახელის არასანქცირებული გამოყენებისთვის.

"ოცნებაში" კვლევების სანდოობა-არასანდოობაზე კომენტარი დიდად არ სურთ, როგორც ნუკრი ქანთარია ამბობს, იმის შემდეგ, რაც პირველ ტურში პარტიის კვლევა "ვერ მოარტყეს", ფრთხილები არიან, თუმცა, მისივე თქმით, კვლევების გარეშეც რამდენიმე დღეში დავრწმუნდებით, რომ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.

"რასაც ვატყობ, გარემოება შეცვლილია და საზოგადოების თვითმობილიზაცია არის ძალიან დიდი. ამას ვგრძნობთ. რაც შეეხება კვლევებს, მოდით, ნუღარ დავიწყებთ ციფრებსა და პროცენტებზე საუბარს, რამდენიმე დღეში ყველაფერ ზუსტად გამოჩნდება. მე კვლევებზე არაფერს ვამბობ, ვსაუბრობ იმ სიტუაციაზე, იმ გარემოზე, რასაც ვგრძნობ შეხვედრების დროს. მთავარია, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში მართლა დარწმუნებული ვართ. კვლევების სარწმუნოობასა და სიზუსტეზე კი მე არასდროს ვსაუბრობ. შიდა კვლევები სულ ტარდება, მაგრამ არ მგონია, ამის გამოცხადება ახლა სწორი იყოს, მით უმეტეს იმის შემდეგ, რომ პირველი ტურის წინ ჩვენ გამოვაცხადეთ და ვერ მოვარტყით. ვერ ვიყავით კარგ ხასიათზე, როცა ასეთი აცდენა მოხდა. ასე, რომ იმის შემდეგ, მით უმეტეს, განსაკუთრებულად ფრთხილად ვართ," - ამბობს ქანთარია.

მისი თქმით, ახლა პარტიაში მიმდინარეობს საუბარი ეგზიტპოლების დაკვეთაზე, თუმცა წინასწარ არ იცის, კონკრეტულად ვის დაუკვეთავენ.

"ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე კი საერთოდ არჩევნების შედეგსაც პროგნოზირებს - ამბობს, რომ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 55%-ზე მეტს მიიღებს.

"2012 წლიდან ვმონაწილეობ არჩევნებში, ჩამიტარებია სხვადასხვა ტიპის არჩევნები, ვხელმძღვანელობდი საარჩევნო შტაბსაც, მერის არჩევნებზე პირადად ვიყავი პროცესებში ჩართული და გარკვეული შეგრძნებები მეც მაქვს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, 55%-ზე მეტს მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი აქტივობა იქნება და ძალიან ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე," - განაცხადა კალაძემ.

რამდენად დამაჯერებელია სოციოლოგიური კვლევები საქართველოში და რომელს უნდა ვენდოთ დღეს?

სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ერთი, ორივე ტელევიზია პოლიტიზებულია, ამიტომ მათ კვლევებში ის კანდიდატი იმარჯვებს, ვისი მხარდამჭერიცაა არხი და ეს ერთგვარად პროპაგანდისტული ხერხიცაა, საკუთარი მომხრეების მობილიზება და რწმენის გამყარება, რომ იმარჯვებენ. მეორეც - იმდენად მცირე სხვაობა კანდიდატებს შორის, რომ ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს მონაცემები.

"შეიძლება მონაცემები დღეების მიხედვითაც შეიცვალოს ასეთი პროპაგანდა-აგიტაციის, ასეთი დაპირისპირებების შემდეგ. ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ელექტორატი ჩვენ ხომ არ გვყავს. ჩვენი საზოგადოება ისე რესტრუქტურიზებული არ არის, როგორც აშშ-ი, რომ ან დემოკრატებს ან რესპუბლიკელებს უჭერდეს მხარს ყველა სიტუაციაში. ამიტომ ამომრჩეველიც მერყეობს და ეს ყველანაირი გადათამაშების შესაძლებლობას აძლევს კვლევით ინსტიტუტებსაც. ყოველ წუთს იცვლება სიტუაცია," - აცხადებს ბერძენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×