
სასტიკი მკვლელობა ბათუმში - მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ერთი ქალი მოკლა მეორე კი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ასევე დაჭრლია ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, ქალებს ახლდა. შემთხვევა პარასკევს ბათუმში, სამორინე „პრინცესაში“ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. მეორე ქალი კი ცივი იარაღით სახის, ბარძაყის და ფეხის მიდამოებში არის დაჭრილი. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამ დროისთვის ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.
რაც შეეხება მეორე დაჭრილ ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია.
თვითმხილველები ამბობენ, რომ, გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან. უცნობია, როგორ მოახერხა მამაკაცმა კაზინოში ცივი იარაღის შეტანა და ქალების დაჩეხვა.
კაზინოში მყოფი ადამიანები ყვებიან, რომ ქალებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს. მათ თავდამსხმელის ხელში დანა ვერც შენიშნეს. ყველაფერი კი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მამაკაცის შეჩერება ვერავინ მოასწრო.
„ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. წარმოდგენა არავის აქვს, ეს კაცი მოულოდნელად საიდან გაჩნდა. ქალებს მიუახლოვდა და ჯერ ერთს მუცელში და გულ-მკერდში დანა ურტყა, შემდეგ მეორეს მივარდა. მგონი მას შუბლში ჰქონდა ჩარტყმული და ფეხში.
„საწყალ გოგოებს სისხლი სდიოდათ. ეს იყო კოშმარი, ისეთი გამხეცებული იყო, როგორც თქვეს, მათთან ერთად მყოფი მამაკაციც არისო დაჭრილი. ვერ აკავებდნენ, დანას აქეთ-იქით გაგიჟებული იქნევდა. ორივე გოგო დაჩეხა.
„უცნაურია აქ დანით როგორ შემოვიდა. კაზინოში შესასვლელთან ყველაფერზე გამოწმებენ“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
კაზინოს ადმინისტრაციაში კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ასევე უცნობია მათი განმარტება, როგორ მოახერხა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა დანით კაზინოში შესვლა და რატომ არ მოხდა მისი შემოწმება.
ექიმი ნუგზარ ბოლქვაძე აცხადებს, რომ კაზინოში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ორი ქალი დაჭრილი დახვდა. ერთ-ერთ ქალს ჭრილობა გულის და მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. მისი თქმით, ჭრილობა საკმაოდ ღრმა და მძიმე იყო.
ამიტომაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში ბრიგადამ საავადმყოფოში გაადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსის ინფორმააციით, მეორე გოგონას ჭრილობები ცივი იარაღით შუბლის, იდაყვის და ბარძაყის არეში ჰქონდა მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე უკვე გახსნილია და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავებულია.
პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.