გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა კიევში ვიზიტის დროს ევროკავშირში უკრაინისა და საქართველოს შესვლის კონკრეტული ვადა დაასახელა - ამის შესახებ უკრაინის მმართველი საპრლამენტო ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ კონონენკომ განაცხადა. მისი თქმით, მერკელმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კიევს 5-8 წელი მისცა.
„ასეთი რანგის პოლიტიკოსისგან მსგავსი ვადა პირველად გაჟღერდა", - ამბობს უკრაინელი დეპუტატი.
კიევში ანგელა მერკელის ოფიციალური ვიზიტი 1-ლ ნოემბერს შედგა. აღსანიშნავია, რომ არც უშაულოდ ვიზიტისას და არც მას შემდეგ ოფიციალური განცხადება მერკელის პოზიციაზე უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადებებთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, კონკრეტული ვადების დასახელება საეჭვო თემაა, რადგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვტილება მიიღება მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კონსენსუსის შედეგად.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა ვიტყოდი, რომ კონკრეტულად ვადების დასახელება ძალიან საეჭვო თემაა. ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, ის არის, რომ მიღწეული იქნას კონსენსუსი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის.
„გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეუძლია თქვას რასაც ის საჭიროდ თვლის და მისი კომენტირება გამიჭირდება. პირადად მე თავს შევიკავებდი ვადის დასახელებიდან როგორც უკრაინის, ისე საქართველოს შემთხვევაში. ერთ-ერთი ფაქტორი ამ გადაწყვტილების მისაღებად არის ასევე ქვეყნის მზაობა. ამიტომ ძნელია თქმა, რამდენი ხანი დასჭირდება უკრაინას ამ მიზნის მისაღწევად", - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.