საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ 600 ათასი ამომრჩევლისათვის ვალების განულების გადაწყვეტილების კრიტიკას „რამდენიმე პრესონის პირად დამოკიდებულებად“ მიიჩნევს. ამის შესახებ მან „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა.
დღეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში ვალების განულებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობის მოქრთამვას წარმოადგენს. მანამდე კი ამავე საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს მოუწია ევროპარლამენტში განმარტებების გაკეთება.
ქანთარიას თქმით, ვალების განულებაზე მოლაპარაკება ხანგრძლივი პროცესი იყო და ოფიციალური განცხადება მაშინ გაკეთდა, როდესაც მთავრობამ და ფინანსურმა ორგანიზაციებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, ეს კი უბრალოდ დაემთხვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.
„ბუნებრივია, რომ ამდენი შრომა ახლა გამომზეურდა და ეს არის ძალიან ლოგიკური. ვინ რას დაარქმევს ამას და ზოგიერთისთვის რანაირად ჩანს ევროპიდან, ეს მხოლოდ რამდენიმე პერსონის დამოკიდებულებაა. მთავარია, რომ გაკეთდეს ეს ამბავი და ამ ხალხმა შვება იგრძნოს. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია,“ - აღნიშნა ქანთარიამ.