ელზა პაპოშვილი
26.11.2018

 სასტიკი მკვლელობა ბათუმში - მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ერთი ქალი მოკლა, მეორე კი დაჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრლია ერთი მამაკაციც, რომელიც, სავარაუდოდ, ქალებს ახლდა. შემთხვევა პარასკევს ბათუმში, სამორინე "პრინცესაში" მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა გულმკერდის არეში დანით აქვს მიყენებული. მეორე ქალი კი ცივი იარაღით სახის, ბარძაყისა და ფეხის მიდამოებში არის დაჭრილი. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ, გარდაცვლილი და დაჭრილი ქალები უზბეკეთის მოქალაქეები არიან. უცნობია, როგორ მოახერხა მამაკაცმა კაზინოში ცივი იარაღის შეტანა და ქალების დაჩეხვა.

კაზინოში მყოფი ადამიანები ყვებიან, რომ ქალებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს. მათ თავდამსხმელის ხელში დანა ვერც კი შენიშნეს. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მამაკაცის შეჩერება ვერავინ მოასწრო.

"ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. წარმოდგენა არავის აქვს, ეს კაცი მოულოდნელად საიდან გაჩნდა. ქალებს მიუახლოვდა და ჯერ ერთს მუცელში და გულმკერდში დანა ურტყა, შემდეგ მეორეს მივარდა. მგონი, მას შუბლში ჰქონდა ჩარტყმული და ფეხში.

"საწყალ გოგოებს სისხლი სდიოდათ. ეს იყო კოშმარი. ისეთი გამხეცებული იყო, როგორც თქვეს, მათთან ერთად მყოფი მამაკაციც დაჭრილიაო. ვერ აკავებდნენ, დანას აქეთ-იქით გაგიჟებული იქნევდა. ორივე გოგო დაჩეხა.

"უცნაურია, აქ დანით როგორ შემოვიდა. კაზინოში შესასვლელთან ყველაფერზე გამოწმებენ", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

კაზინოს ადმინისტრაციაში კი მომხდართან დაკავშირებით არაფერს ამბობენ, ამდენად, უცნობია მათი განმარტება, როგორ მოახერხა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მამაკაცმა დანით კაზინოში შესვლა და შეამოწმეს თუ არა იგი.

ექიმი ნუგზარ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ კაზინოში გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი დაჭრილი ქალი დახვდა. ერთ-ერთს გულმკერდის არეში ჰქონდა საკმაოდ ღრმა და მძიმე ჭრილობა მიყენებული. იგი კრიტიკულ მდგომარეობაში ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე გოგონა ცივი იარაღით შუბლის, იდაყვისა და ბარძაყის არეში იყო დაჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე უკვე გახსნილია. 1961 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×