"ახლა აღარავის აინტერესებს, პრეზიდენტი ვინ იქნება, ორივე მხარე ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ პროცესი არჩევნებთან ერთად არ დასრულდება და არჩევნების შემდეგ თუ არა, გაზაფხულზე მაინც გადავა ქუჩაში, ჩვენ ქუჩას უკვე ვერ ავცდებით", - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტამგ ძაბირაძე.
"მთელი კვირა": მეორე ტურის საარჩევნო კამპანია დასასრულს მიუახლოვდა. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ევროპული ყაიდის კამპანიას ატარებდა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ასე იყო? რასაც ჩვენ ვხედავთ, დაუნდობელი დაპირისპირება, ცემა, ბრალდებები თუ ტალახის სროლა მხოლოდ ოპოზიციის ბრალია?
ვახტანგ ძაბირაძე: ჩემი აზრით, ასეთი ბინძური საარჩევნო კამპანია საქართველოში არასდროს ყოფილა. ორივე მხარის კამპანია მთლიანად აგებული იყო ნეგატივზე, ერთმანეთის განადგურებაზე, გაცამტვერებაზსა თუ დისკრედიტაციაზე და არა იმაზე, რა იქნებოდა არჩევნების შემდეგ და რას შესთავაზებდნენ მოსახლეობას.
განსაკუთრებით გამძაფრდა ვითარება მეორე ტურის წინ, კიდევ უფრო აგრესიულები გახდნენ იმიტომ, რომ არც ერთს და არც მეორეს, გარდა იმისა, რომ ერთმანეთით შეაშინონ ამომრჩეველი, სალაპარაკო თითქმის არაფერი აქვთ. ამიტომ არიან მთლიანად გადასულები ერთმანეთის დისკრედიტაციაზე.
არ ვიცი, როგორი იქნება შემდეგი არჩევნები. ღმერთმა ქნას, ევროპული იყოს, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან სწრაფად გამოვიდეთ და ნორმალურ საარჩევნო კალაპოტს დავუბრუნდეთ. პირიქით, მგონია, რომ სიტუაცია არჩევნების შემდეგაც საკმაოდ დაძაბული დარჩება მიუხედავად იმისა, ვინ გახდება პრეზიდენტი.
"მ.კ.": ვინ უფრო სცოდავდა ამ კამპანიაში?
ვ.ძ.: პირველ ტურში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ჩამოყალიბება სტერეოტიპისა, რომ ზურაბიშვილის განცხადებები მოღალატის განცხადებებია, "ოცნების" მესიჯი კი იყო, რომ 9 წელი საშინელება გავიარეთ და გვემუქრებოდნენ, თუ ჭკუით არ მოვიქცეოდით, ისევ დაბრუნდებოდა ის 9 წელი.
ვინ პირველმა თქვა და ვინ - მეორემ, ასე თვალი არ მიმიდევნებია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ზურაბიშვილის პირველი ფრაზები, რაც ეხებოდა 2008 წლის ამბებს, იყო მცდელობა სააკაშვილისა და მისი გუნდის დისკრედიტაციისა იმით, რომ მათ დაიწყეს საომარი მოქმედებები, რასაც მოჰყვა საპირისპირო შედეგი და უკვე მეორე მხარემაც დაიწყო მისი მონათვლა მოღალატედ.
მეორე ტურში კი ორივე მხარე უკვე მთლიანად ნეგატივზე გადავიდა. თუნდაც სარეკლამო რგოლები ვნახოთ, ერთი მხრიდან არის - "არა ნაცებს", "არა მტარვალებს" და ა.შ. მეორე მხრიდან არის - "მოღალატე", "მატყუარა". ასეთი, მხოლოდ ერთმანეთის დისკრედიტაციაზე აგებული კამპანია არ მახსოვს.
"მ.კ.": 2012 წელზე მეტად რთული კამპანიაა დღეს?
ვ.ძ.: მაშინაც იყო ნეგატივი, შეჯახებები, ინციდენტები, მაგრამ ამ მიმართულებას წამყვანი როლი არ აუღია. "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია აგებული იყო იმაზე, თუ რას გააკეთებდა. იქითა მხარემაც, როდესაც რუსულ პროექტზე საუბარმა თავი ამოწურა, უფრო სოციალურ დაპირებებზე დაიწყო საუბარი. დღეს კი ერთმანეთის ცილისწამება და დისკრედიტირება ეპიზოდი კი არ არის, მთავარი თემაა და დანარჩენი თემა საერთოდ აღარ არსებობს.
"მ.კ.": ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტი უმნიშვნელოა და თუ მას "ოპოზიცია წაიღებს", ეს დემოკრატიისთვის კარგიც იქნებაო. ახლა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომით რას გვეუბნება, დემოკრატია არ ანაღვლებს და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა მისი მიზანი?
ვ.ძ.: ახლა ამბობს, წაგება არ შემიძლიაო და ეს კი არა, ძველი გვარდიისა და მხარდამჭერების საყოველთაო მობილიზებას აცხადებს. მგონია, რომ ეს სიტყვის მასალად მოაყოლა და უფრო პოპულისტური განცხადება იყო. თუ სერიოზულად ფიქრობდა ასე, მაშინ არც ერთი კანდიდატისთვის არ უნდა დაეჭირათ მხარი. ასე რომ მოქცეულიყო ივანიშვილი, გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, ვიდრე ამ ბრძოლაში ჩართვა.
თუკი რომელიმე კანდიდატს მხარს უჭერ და ის ვერ იმარჯვებს, ე.ი. იმ კანდიდატთან ერთად შენც მარცხდები და ამის დაშვება არ შეუძლია "ოცნებას". ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე შეეცდება, ისე წარმოაჩინოს, რომ ახლა თუ დავამარცხეთ, 2020-შიც, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთო. მოსახლეობაშიც გაჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებამ წააგო და ალბათ კიდევ წააგებს.
მათ შეცდომები დაუშვეს. ახლა დამარცხება კი ძალიან რთული იქნება როგორც "ოცნებისთვის", ისე, სამწუხაროდ, შეიძლება ქვეყნისთვისაც.
"მ.კ.": ქვეყნისთვის რატომ იქნება ცუდი?
ვ.ძ.: ქვეყნისთვის ცუდი იმიტომ იქნება, რომ ამ კამპანიამ პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა გადაზარდა ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ახლა აღარავის აინტერესებს, პრეზიდენტი ვინ იქნება, ორივე მხარე ძალაუფლებისთვის იბრძვის. ამიტომ "ნაცმოძრაობის" გამარჯვების შემდეგ პროცესი არჩევნებთან ერთად არ დასრულდება და არჩევნების შემდეგ თუ არა, გაზაფხულზე მაინც გადავა ქუჩაში.
"ნაცმოძრაობა" შეეცდება, ამ გამარჯვებას მეორე, უფრო დიდი გამარჯვება მიუმატოს, რაც ძალაუფლების ხელში აღებას, ვადამდელ არჩევნებზე წასვლას გულისხმობს.
"მ.კ.": ზურაბიშვილის გამარჯვების შეთხვევაში რა იქნება?
ვ.ძ.: მაინც ქუჩა იქნება. ჩვენ ქუჩას უკვე ვერ ავცდებით. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კრიზისია და როგორც ყველა წინა ხელისუფლების პირობებში, კრიზისი გადავა ქუჩაში.
"მ.კ.": მეორე ტურის კამპანიისას ყველაფერი ვნახეთ, რაც შეიძლება წარმოგვედგინა - მოლოტოვის კოქტეილების შეგდება ოპოზიციონერისთვის, დაჭრა, ამომრჩევლის მოსყიდვა, კარტოფილის დარიგება, დაშინება, ყალბი პირადობების ბეჭდვა, ფარული ჩანაწერები, პირად ცხოვრებაზე ჭორები, გადატრიალების დაანონსება, ბანკის ვალების გადახდის შეპირება. კიდევ რამე ახალს უნდა ველოდოთ?
ვ.ძ.: ამასაც კი არ ველოდებოდი და ვერაფერს გეტყვით, ჩემი ფანტაზია ამ მიმართულებით არ მუშაობს. ვინ რას მოიგონებს ახალს, ვის რა ფანტაზია აქვს, რთული გამოსაცნობია, თუმცა არ მგონია, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, იმის გარეთ კიდევ რამე სკანდალური გასკდეს.
ინფორმაციას რაღაც დრო სჭირდება, რომ ის ამომრჩევლამდე მივიდეს და მასზე ზემოქმედება მოახდინოს. მარტო მოსმენა არ კმარა, მოსმენას გადამუშავება სჭირდება. ამიტომ კიდევ რაღაც ექსტრაორდინარულს აღარ ველოდები, მაგრამ რაც არის, ამ სტილში ისევ გაგრძელდება, პატარ-პატარა დაპირისპირებები და ინციდენტები ამ დღეებშიც იქნება.