თამარ შუკვანი
26.11.2018

 „უკრაინა შეძლებს რუსეთს წინააღმდეგობის გაუწიოს, რადგან მას 300 ათასიანი არმია ჰყავს. თუ ქერჩის სრუტეზე გასასვლელს უკრაინა დაკარგავს, დიდი პრობლემა შეექმნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის.

„უკრაინა იძულებული იქნება რუსეთს გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს. უკრაინა იბრძოლებს იმისთვის, რომ არ დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდება საზღვაო კავშირების გზით გარე სამყაროსთან თანამშრომლობის განვითარება," - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

რუსეთმა უკრაინა საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და მის მიერ ანექსირებული ყირიმის სანაპიროს სიახლოვეს მცურავი უკრაინული ხომალდების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, რაც შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად.

ნიკა ჩიტაძე: არსებობს პესიმისტური სცენარი, - განხორციელდეს კონფლიქტის მეტი ესკალაცია. უკრაინამ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში რუსეთს წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან ყირიმის მოსახელობის უმრავლესობა მხარს რუსეთთან შეერთებას უჭერდა.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, დასავლეთის პოზიცია როგორი იქნება?

ნ.ც: თუკი დასავლეთი რუსეთის მიმართ უფრო მტკიცე პოზიციას გამოავლენს, - განაცხადებს, რომ შესაძლებელია საქნციების კიდევ უფრო გაძლიერება, ან დასავლეთი უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდებას განიხილავს, კერძოდ კი, ნატო, შესაძლებელია ამ შემთხვევაში რუსეთმა უკან დაიხიოს და დასავლეთის პოზიცია გაითვალისიწინოს.

რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა გახლავთ, მათ შორის 1982 წელს მიღებული საერთაშორისო კონვენციის საზღვაო სამართლის შესახებ ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევაც, რადგან უკრაინის სამხედრო ხომალდები საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გადაადგილდებოდნენ.

გარდა ამისა, რუსეთსა და უკრაინას შორის 2003 წლის შეთანხმება არსებობს, - ქერჩის სრუტეში, როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულების მცურავი საშუალებების შეუფერხებელი და შეუზღუდავი გადაადგილების შესახებ.

„რ": რუსეთის მიზანს რა წარმოადგენს?

ნ.ჩ: რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ზრახვები. რუსეთს სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ სწორედ ის არის შავი ზღვის აკვატორიაში მდგომარეობის ბატონ-პატრონი. შემთხვევითი არაა, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 32 ათასამდე გაიზარდა, 2014-2018 წლამდე პერიოდს ვგულისხმობ.

რუსეთის მიზანია ერთი მხრივ კუნთები ათანამაშოს და გამოაჩინოს თავი, რომ თვითონ არის ბატონ-ბატრონი. მეორე მხრივ, რუსეთის მიზანი ყურადღების გადატანაა რუსეთში არსებული ვითარებიდან, როდესაც პუტინის რეიტინგი 80%-დან 56%-მდე დაეცა.

„რ": თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა ამ ყველაფერმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს?

ნ.ჩ: უარეს შემთხვევაში შესაძლებელია მასშტაბური სახეც მიიღოს. თუ ესკალაცია გაგრძელდა, შეტაკებებს უფრო ექნება ადგილი საზღვაო სივრცეში. თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები იქნებიან კონფლიქტში ჩართული. შესაძლებელია პირიქით, - ვითარების დარეგულირება განხორციელდეს, თუ დასავლეთი ერთიან მტკიცე პოზიციას აჩვენებს რუსეთს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×