"სჯობს, ბიუჯეტი იყოს პატარა და გეგმაზომიერად დაიხარჯოს, სხვაგვარად არ გამოდის"
თამარ მუკბანიანი
27.11.2018

 ბიუჯეტი წელსაც ვერ შესრულდება. 2018 წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს. წლის დამთავრებამდე მხოლოდ 1 თვე დარჩა, ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხა კი 2.5 მლრდ ლარია მაშინ, როცა გასული 10 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 910 მლნ იხარჯებოდა.

წლის დასრულებამდე მხოლოდ 1 თვეღა დარჩა და ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხა ძალიან დიდია. ამ საფრთხის შესახებ "რეზონანსი" ჯერ კიდევ ზაფხულში წერდა, მაგრამ მაშინ მთავრობის წევრებმაც და ექსპერტთა ნაწილმაც კატეგორიულად გამორიცხეს წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვის შესაძლებლობა. ახლა კი, რამდენიმე თვის შემდეგ ვითარება უფრო დრამატულია, ვიდრე ამას "რეზონანსი" ვარაუდობდა. მთავრობა და ეკონომისტები კი ამჯერად სხვა ხმაზე საუბრობენ.

"ბიუჯეტის 6 თვის გეგმის შესრულების შემდეგ გადასახდელების ნაწილში თითქმის 300-მილიონიანი გარღვევაა. წლის პირველ ნახევარში უნდა დახარჯულიყო 5.748 მლრდ ლარი, რეალურად კი ათვისებულია 5.465 მლრდ. გარდა ამისა, პრობლემურია საგარეო ვალდებულებებში ჩამორჩენა და საშინაო ვალების ტემპის გადაჭარბებული ზრდაც. გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტიდან წლის მეორე ნახევარში უფრო მეტი უნდა დაიხარჯოს, ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ეს ვერ მოხერხდება და წლის ბოლოს დაიწყება დეფიციტური ხარჯვა, რაც ლარის გაუფასურებას გამოიწვევს.

სპეციალისტებს უდიდეს პრობლემად მიაჩნიათ საშინაო ვალის არანორმირებული ზრდა, რომელმაც საგარეო ვალდებულებები ჩაანაცვლა. ასეთი მიდგომა კომერციული ბანკების მოგებისკენაა მიმართული და არა - ქვეყნის კეთილდღეობისათვის", - წერდა "რეზონანსი" 16 აგვისტოს, ხელისუფლება კი ამ კუთხით მოსალოდნელ პრობლემებს გამორცხავდა. ჩვენი პროგნოზი, სამწუხაროდ, გამართლდა.

უცნობია, ახლა მაინც რას გეგმავს მთავრობა დეფიციტური ხარჯვის პრობლემების თავიდან ასარიდებლად, თუმცა ფაქტია, რომ ამ ვითარებაში წლის ბოლომდე დარჩენილი დროის განმავლობაში დღეში 100 მლნზე მეტი უნდა დაიხარჯოს, რაც დიდი დარტყმა იქნება ეროვნული ვალუტისათვის, რომლის გაუფასურების შეუქცევადი პროცესი წინასაარჩევნო პერიოდმა შეაჩერა.

ეკონომისტი ირაკლი მაკალათია მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულება იმდენად დიდ პრობლემად იქცა, რომ სჯობს, გადასახადების შემცირების ხარჯზე უფრო მცირე ბიუჯეტი შედგეს, რომლის განკარგვა უფრო ეფექტურად მოხდება.

"ხარჯვის პრობლემის სათავე ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვაა. წლის ბოლოს კი, როცა ჭარბად იხარჯება თანხა, ყოველთვის ჩნდება კორუფციის რისკი. მეორე პრობლემა ისაა, რაც უკვე მარადიულ თემად იქცა, რეგიონული თვითმმართველობების მიერ პროექტების არასწორი შედგენა. ამის გამო რეგიონების მოსახლეობა არაეფექტურ პროექტებს იღებს, რომლებიც მათ საჭიროებებზე საერთოდ არ არის გათვლილი.

პრობლემა არის სხვა კუთხითაც - როდესაც ეს თანხა ერთბაშად გამოდის ეკონომიკაში, იზრდება ფულის მასაც, მოძრაობის სიჩქარეც და, შესაბამისად, ინფლაციაც. როცა ბევრი ლარი არის მიმოქცევაში, მოქმედებს გაცვლით კურსზეც და ყველა სხვა ფაქტორთან ერთად ესეც იქონიებს გავლენას.

როგორც "ოცნებას", ასევე წინა ხელისუფლებას ამ მხრივ პლუსს ვერ დავუწერთ. დაგეგმვაცა და შესრულებაც იმდენად დიდი პრობლემად იქცა, რომ ალბათ სჯობს, ბიუჯეტი იყოს პატარა გადასახადების შემცირების ხარჯზე, ხარჯვა კი იყოს ეფექტური და არა იმგვარი, როგორიც დღესაა. ნაკლები საბიუჯეტო თანხის მობილიზების შემთხვევაში და ბიუროკრატიის შემცირების ხარჯზე, მეტი თანხა დარჩება კერძო სექტორში და ის შედარებით უკეთ განვითარდება. ხელისუფლებას კი რაც ნაკლები თანხა ექნება განსაკარგი, მით უფრო დიდ ყურადღებას მიაქევს ხარჯვის ნაწილს", - განუცხადა მაკალათიამ "ბიზნეს-რეზონანსს".

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია კი ამბობს, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა "ქართული ოცნების" ხელისუფლების თანამდევი გახდა, რაც გამოწვეულია დაგეგმვის ან შესრულების დროს კვალიფიკაციის ნაკლებობით.

"თუ ბიუჯეტი დააფინანსებს ადგილობრივ გადასახდელებს, რა თქმა უნდა, წნეხი გაიზრდება, მაგრამ თუ ეს იქნება უცხოური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ინფრასტუქტურულ პროექტებს აკეთებენ, ესეც იქონიებს გავლენას ლარის გაცვლით კურსზე. ლამის 1 მილიარდით მეტი უნდა დაიხარჯოს ბოლო თვეში და ეს, რასაკვირველია, მოახდენს უარყოფით გავლენას.

მხოლოდ ამაზე დაყრდნობით ვერ ვისაუბრებთ საბოლოო შედეგზე. მაგალითად, თუ იქნება ინვესტიციების, ტურიზმიდან შემოსული ფულის, გადმორიცხვების ნახტომისებური ზრდა, ვითარება შედარებით დასტაბილურდება. ყველა სხვა შემთხვევაში და თანაბარ პირობებში ლარზე ნეგატიური გავლენა გარდაუვალია.

უნდა აღინიშნოს, რომ პირველ წლებში, როცა დეფიციტური ხარჯვა ხდებოდა, დიდწილად გამოწვეული იყო ხელისუფლების გადაბარებით. "ოცნების" ხელისუფლებამ ძველი პროექტები შეაჩერა ან გადააკეთა, ამან კი, რასაკვირველია, გამოიწვია ის, რომ ვერ წავიდა საქმე იმ ტემპით, როგორითაც ეს დაგეგმილი იყო. ამით პირველი 2-3 წლის ობიექტური გამართლება შეიძლება ვიპოვოთ, თუმცა ეს უკვე ყოველი წლის ბოლოს ხდება და ცხადია, რომ დაგეგმვისა და შესრულების არაკვალიფიციურობასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს ჭარაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×