ბიტკოინი 11 თვეში 16 000 დოლარით გაიაფდა და ახლა უმდაბლეს ნიშნულზეა
თამარ მუკბანიანი
27.11.2018

 2018 წელს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ვალუტა ციფრული ფული გახდა. ბიტკოინის ფასი თავბრუდამხვევ კლებას განაგრძობს. კრიპტოვალუტის ღირებულება 2017 წლის დეკემბერში 20 000 დოლარს აღწევდა, 11 თვის შემდეგ კი 4000 დოლარზე ნაკლებია. ანალიტიკოსები ბიტკოინს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ "საპნის ბუშტს" უწოდებდნენ.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბოლო პერიოდის განმავლობაში კატასტროფას განიცდის, მისი "მომპოვებლები" კი დიდი ფინანსურ დანაკარგის წინაშე დგანან. შარშან დეკემბერში 1 ბიტკოინის ღირებულება 20 000 დოლარს აღწევდა, იანვარში - 19 000 დოლარს, დღეს კი მისი ფასი 3900 დოლარზე ნაკლებია. პირველად 2017 წლის სექტემბრის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება 4000 დოლარს ჩამოსცდა და მაღლა სვლასაც ვერ ახერხებს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კრიპტოვალუტის კურსი 5000 დოლარამდე შემცირდებოდა, მაგრამ ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში ბიტკოინი 20%-ით არის გაუფასურებული, რაც ძირითადად განპირობებულია გაურკვევლობით, რომელიც ინვესტორებს ამ ვალუტის მიმართ აქვთ.

ერთ-ერთი ვერსიით, ბიტკოინის ფასის ვარდნას სხვადასხვა ფაქტორთან ერთად უკავშირებენ იმ შეზღუდვას, რაც ელექტრონული ფულის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ დააწესა. ცნობილია, რომ აზიური ქვეყნის მთავრობამ შეზღუდა ქვეყანაში ბიტკოინის მაინინგი (გამომუშავება), ასევე, გადაწყვიტა ყველა იმ ვებ-გვერდის დაბლოკვა, რომლებიც ციფრული ვალუტით ვაჭრობასთანაა დაკავშირებული.

ნავარაუდევია, რომ კრიპტოვალუტის ფასი დროთა განმავლობაში კიდევ შემცირდება, დღესდღეობით კი ბიტკოინის ღირებულება ბოლო 1 წლის მინიმუმზეა და უახლოეს მომავალში ტენდენციის შეცვლის ნიშნებიც არ იკვეთება.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ უახლოეს პერიოდში ბიტკოინი გააგრძელებს გაიაფებას, ხოლო გარკვეულ სიტუაციებში მისი ღირებულება, შესაძლოა, 3000 აშშ დოლარს ჩამოსცდეს.

ჯერ კიდევ აპრილში მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციები ბიტკოინის სრულ დაცემას პროგნოზირებდნენ. "ბანკ ოფ ამერიკის" ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი "საპნის ბუშტი" მალე გასკდებოდა, ჩანს, პროცესი უკვე დაიწყო.

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ბიტკოინის 20 000-იანი ნიშნული ზედმეტად გაბერილი იყო და ამიტომ ბუნებრივია მისი კორექტირება და ვარდნა. მომავალში კრიპტოვალუტას კვლავ აქვს ფასის მატების რესურსი და ის დიდწილად ჩაანაცვლებს ცენტრალური ბანკების მიერ რეგულირებად ფულს.

"ბიტკოინის ვარდნა გამოწვეულია რიგი ქვეყნების მოწოდებით, რომ მოხდეს რეგულირება ციფრული ვალუტის სფეროში. მოგეხსენებათ, ელექტრონული ფული სწორედ იმითაა მიმზიდველი, რომ მის წარმოებასა და მიმოქცევას არ არეგულიერებენ ცენტრალური ბანკები. ცხადია, რეგულაცია მაინინგზე უარყოფით გავლენას ახდენს და თვითონ ბიტკოინის კურსიც დაბლა ეშვება.

რასაკვირველია, ამ ახალ ფულთან დაკავშირებით, ისევე როგორც სხვა ციფრულ ვალუტებთან, იქნება სირთულეები, მაგრამ ეს არ გააქრობს მათ და რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი კვლავ შეიძენენ რენტაბელობას, ვინაიდან იძლევიან საშუალებას, თავი ავარიდოთ უამრავ საკომისიოს, რომელსაც ბანკებში ვიხდით.

ახალი ტექნოლოგიები, მისი განვითარება, დანერგვა და ბლოკჩეინის მოქნილობა მიგვიყვანს აქამდე. თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ აქ სპეკულაციის რისკი მაღალია. 20 000 დოლარამდე როცა მივიდა ფასი, ეს ძალზე გადაჭარბებული იყო და გასაკვირი არ არის, რომ მიდის მისი კორექცია", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" თუთბერიძე.

ეკონომიკის დოქტორი, ასევე, აღნიშნავს, რომ მცირე მაინინგფერმები, რომლებიც საქართველოშიც საკმაოდ მრავლად იყო, დაიხურება სწორედ კრიპტოვალუტის კურსის ვარდნის გამო.

"დიდი რესურსი და კაპიტალი არ იყო ჩადებული საოჯახო ბაზაზე ბიტკოინის გამომუშავებაში, ე.წ. მაინინგში. ასე რომ, მათ დიდ ნაწილს ალბათ მოუწევს დახურვა, რადგან საკმარის მოგებას მაინც ვეღარ ნახავენ. ყველა ხედავს, რომ მკვეთრად ეცემა კრიპტოვალუტების ფასი", - აღნიშნავს თუთბერიძე.

განსხვავებულია საბანკო სფეროს ანალიტიკოს მიხეილ თოქმაზიშვილის ხედვა. ის მიიჩნევს, რომ ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი არ აქვს და მათზე მაღალი ფასი მხოლოდ ხელოვნური აჟიოტაჟით იყო გამოწვეული.

"ბიტკოინი კრიპტოვალუტაა, რომელიც არ არის გამაგრებული რამე განსაკუთრებული ღირებულებით. ის თანამედროვე ტექნოლოგიებზეა აგებული, რაც გასცდა იმ ძირითად სტიმულს, რამაც ღირებულება შესძინა. მას პროგრამული უზრუნველყოფა აქვს და არავინ იცის, როგორ მოიქცევა პროგრამა, როდესაც კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს. ყველაფერი იწყება და მერე მთავრდება. ეს პროცესი ახასიათებს ბიტკოინსაც, რომელზეც მოთხოვნამ კულმინაციას მიაღწია და ახლა თანდათან იკლებს, რაც შეუქცევადი პროცესია.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ბიტკოინს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა აგრესიული და ინტენსიური რეკლამა, რამაც მიიზიდა საკმაოდ ბევრი ინვესტორი. აგორდა აჟიოტაჟი, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ ეს ყველაფერი მცირე დროის შემდეგ ნელდება. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, რაც მოსალოდნელი იყო და მომავალშიც გაგრძელდება.

ხელოვნური მანიპულაციით ბიტკოინის ფასის ზრდა შესაძლებელია, თუმცა, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ დროებითი პროცესი იქნება", - აცხადებს თოქმაზიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან".

ბიტკოინი თანამედროვე ვირტუალური ვალუტაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის საქონლის შესაძენად ან ნებისმიერი სერვისის განსახორციელებლად გამოიყენოს. ბიტკოინს ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს და მისი შექმნა ნებისმიერი ძლიერი კომპიუტერიდან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით შეიძლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×