ბანკები არღვევენ კანონს და არაპროფილურ საქმიანობას არხეინად აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არასაბანკო საქმიანობა ეკრძალებათ, უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები სხვადასხვა ბიზნესში აქტივებს დღესაც ფლობენ და არ დარჩა ეკონომიკის თითქმის არც ერთი მიმართულება, სადაც ბანკების გავლენა არ იგრძნობა. დეველოპერული და ტურისტული კომპანიები, სააფთიაქო ბიზნესი, უნივერსიტეტები, ღვინისა და კონიაკის საწარმოები და სხვა ბანკების ბოლოდროინდელი ფუნდამენტური მიმართულებაა.
ცხადია, ამას მთავრობაშიც ხედავენ, მაგრამ ნებისმიერ ასეთ ფაქტზე თვალს ხუჭავენ, ხოლო ბანკების ასეთი მიდგომით ეკონომიკაც ზარალდება და მოსახლეობაც.
ასეთ ფონზე პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს მოუწოდა, გაამზადონ კანონპროექტი, რომლითაც მსხვილ აქციონერებს არაპროფილური ბიზნესის ფლობის უფლება არ ექნებათ. დეპუტატი ირწმუნება, რომ "ასეთი იყო დაპირება, რომელიც პარლამენტის კედლებში დაიდო".
"ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ და სებ-მა დაპირება არ შეასრულეს და ამიტომ იგი მოითხოვს, რადიკალურო ზომები იქნეს მიღებული, რათა ბანკებმა უკანონო ქმედებების გამო პასუხი აგონ.
"მიღწეული გვქონდა შეთანხმება სებ-თან და მთავრობასთან, რომ მივიღებდით ისეთ კანონს, რაც ბანკების არაპროფილურ საქმიანობას აკრძალავდა. სინამდვილეში მივიღეთ კანონი, მაგრამ დარჩა შავი ხვრელები, რომლის მეშვეობით ბანკები აგრძელებენ არაპროფილურ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, რა ვალდებულებაც აიღეს სებ-მა და მთავრობამ, არ შესრულდა.
ბანკები მეწარმეებთან შევიდნენ კონკურენციაში და მათთვის კონკურენციის გაწევა არის წარმოუდგენელი. ბიზნესი არათანაბარ პირობებში ექცევა და შემდეგ მათი გაკოტრება ხდება. მოსახლეობის ენაზე ამას ჰქვია "გადაგდება" და ბანკებმაც გადაწყვიტეს, რომ "გადაგვაგდონ". არ ვიცი, როგორ შეეგუებიან ამას სხვები, მაგრამ მე არ დავთმობ.
ბანკირებს, რომლებიც ასახლებენ მოქალაქეებს და ყრიან ოჯახებიდან აღმასრულებლების დახმარებით, ჩვენ ვაიძულებთ, გაიგონ ხალხის ხმა და პასუხი აგონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის. რაც აკრძალულია, აიკრძალოს და ყველა კანონის მორჩილებას მიეჩვიოს.
გონივრული ეჭვის საფუძველზე ლამის მთელი ქვეყანა დაიჭირეს, ახლა ის დროა, როცა ბანკები "გონივრული ეჭვის" საფუძველზე არღვევენ კანონს და პასუხი უნდა მოვთხოვოთ თითოეული ასეთი ქმედებისთვის. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია", - აცხადებს ჭიჭინაძე.
დეპუტატის შეფასებით, სესხებზე დამოკიდებულების შემცირება და მოსახლეობაზე ზრუნვა მთავრობას რეალურად თუ უნდა, სამომხმარებლო კრედიტების ნაცვლად, უნდა გააქტიურდეს ბიზნესსესხები, რათა ქვეყნის რეალური სექტორი განვითარდეს.
"ჩვენ ხალხი მივაჩვიეთ ვალით ცხოვრებას და ეს არის დამღუპველი. ბანკები უწყობენ ხელს, რომ მოსახლეობა გაღარიბდეს და ამაში მათ პირდაპირ თუ ირიბად მთავრობაც ეხმარება. ამიტომ ტყუილად ვწუხვართ, რომ მოსახლეობას კატასტროფულად უჭირს, როცა ამაში მთავრობის წვლილიც დიდია.
კრედიტების შეზღუდვა სინამდვილეში არასწორი გადაწყვეტილებაა. ხელმისაწვდომი უნდა გახდეს არა სამომხმარებლო სესხები, არამედ ბიზნესსესხები, ხოლო ბანკები, რომლებსაც არ ექნებათ თავიანთი არაპროფილური საქმიანობა, რეალურ სექტორს დააფინანსებენ. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს და უფრო მეტად დასაქმებული და შემოსავლიანი საზოგადოება გვეყოლება.
მცირეშემოსავლიან, ღარიბ მოსახლეობას აძლევენ გაუმართლებლად მაღალ სესხებს, რომელიც იწვევს მათ კიდევ უფრო გაღატაკებას და ამაში ერთვებიან ონლაინსესხების კომპანიები, რომლებიც ამ სიტუაციით სარგებლობენ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭიჭინაძემ.
დეველოპერები კი შიშობენ, რომ საფრთხეშია არა მარტო სამშენებლო ბიზნესი, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკა, რომელზეც ბანკების არაპროფილური საქმიანობა დამანგრევლად იმოქმედებს. ამიტომ უმსხვილესი დეველოპერები აქტიურად მოითხოვენ ბანკების მხრიდან დეველოპერული საქმიანობის შეზღუდვას, რაც საკანონმდებლო დონეზე მიღწეულია. ასეთ ფონზე ერთადერთ გამოსავლად დეველოპერები ბანკებისთვის დეველოპერული საქმიანობის შეზღუდვას მიიჩნევენ. მათი განცხადებით, პრობლემა ხელისუფლების მხრიდან მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, რომ სამშენებლო დარგს განვითარების შესაძლებლობა მიეცეს, რაშიც მათ ბანკები ხელს უშლიან.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, თუ ბანკების არაპროფილური საქმიანობა საბოლოოდ არ აიკრძალება, საფრთხე მუდმივად იარსებებს არა მარტო დეველოპერული, არამედ სხვა ბიზნესებისთვისაც, სადაც ბანკებს აქვთ პირდაპირი ინტერესი.
"ჩვენ აქამდეც ვაპროტესტებდით, რომ ბანკებს აქვთ არაპროფილური ბიზნესი. მათი ინტერესი, საბანკო სფეროს გარდა, უამრავ სხვა პროფილს მოიცავს - ღვინისა და კონიაკის საწარმოები, ტურისტული ფირმები, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფერო და სხვა, რაც ბიზნესის განვითარებას კლავს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
როდესაც მეწარმეს ბანკისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, ბიზნესი მოისპობა და გახდება მონოპოლია ბანკების ხელში. წინა ხელისუფლების დროს ყველა ბიზნესს პროკურატურა აკონტროლებდა, ახლა - ბანკი. როდესაც ფინანსური ინსტიტუტი უკვე გლეხისთვისაც იქცევა კონკურენტად, კომენტარიც ზედმეტია", - აცხადებს როსტომაშვილი და დასძენს, რომ არაპროფილური ბიზნესი არის ქართული ეკონომიკის დამანგრეველი.
"ადამიანებმა არ იციან, რომ მათ მიერ ბანკში ჩადებული თანხა არამიზნობრივად გამოიყენება. შედეგად მივიღეთ ის, რომ მშენებლები კოტრდებიან და მათ ხარჯზე ბანკები მილიონობით მოგებას ნახულობენ. როდესაც 500 კომპანია კოტრდება და მათი ქონება ბანკების ხელში გადადის, ფაქტია, ქვეყანაში რაღაც არასწორად კეთდება.
დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის კეთება არის წამგებიანი. ბევრად მომგებიანია, თანხა შეიტანო ბანკში და წლიურად 10 პროცენტი მოიგო, ვიდრე ბიზნესი გააკეთო და გაკოტრდე. ასეთ პირობებში ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარიც წარმოუდგენელია. ასე მოხდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც მთელი ბიზნესი ერთი კლანის ხელში გადავიდა და უცებ გამდიდრდნენ. დღეს ბანკებიც ანალოგიურ პოზიციაზე არიან, რაც ხელისუფლების რეაგირების მიღმა არ უნდა დარჩეს", - აცხადებს როსტომაშვილი.
სამშენებლო კომპანია "ზენიტის" დამფუძნებელი კიაზო აბესაძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ მოახერხა სესხის მიღება, რადგან ბაკებმა შეგნებულად შეზღუდეს დეველოპერულ კომპანიებზე სესხების გაცემა, რამაც ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.
"ახალი პროექტებისთვის ვემზადებით, მაგრამ გვჭირდება დამატებითი რესურსი, რისი მიღებაც ბანკების მხრიდან გაჭიანურდა. არც არის გასაკვირი, რადგან აქ უფრო სხვა პრობლემაა - მონოპოლია ბაზარზე ბანკებს უჭირავთ პარალელური ბიზნესის გამო, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს კრედიტის მიღება ძალიან უჭირთ.
როგორმე უნდა დარეგულირდეს ბაზარი და სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესდეს. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ლარის გაუფასურებას სამშენებლო სექტორისთვის ისეთი ზიანი არ მიუყენებია, რაც ამ ბიზნესს ბანკების არაპროფილური საქმიანობის გამო მიადგა", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" კიაზო აბესაძე.
საბანკო სფეროს სპეციალისტები ხედავენ რისკს, რომ არაპროფილური საქმიანობის გამო თავად ბანკებიც შეიძლება დაზარალდნენ, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზეც მძიმედ აისახება. პროფესორი ლია ელიავა აცხადებს, რომ ბანკების არაპროფილური საქმიანობა კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.
"ეროვნული ბანკის მიერ ცხადადაა დადგენილი, თუ რა არის ბანკისთვის არაპროფილური საქმიანობა, მაგრამ კანონის აღსრულება არ ხდება. ცივილურ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა კომერციული ბანკების არაპროფილურ საქმიანობასაც, რაც შესაბამისი ორგანოების მიერ მკაცრად რეგლამენტირდება.
ცალკე საკითხია, დააზარალებს თუ არა ბანკს არაპროფილური აქტივები, რომელიც მაღალი რისკის მატარებელია. მაგალითისთვის, მშენებლობის დაფინანსება ასეთ ნიშნებს დღემდე შეიცავს, რადგან დეველოპერულმა კომპანიებმა დღემდე ვერ გამოავლინეს წარმატებული საქმიანობის შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა ან უხარისხოდ აშენებული ბინების, ან, საერთოდ, ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად. ამიტომ კომერციული ბანკებისთვის ასეთი არასტაბილური ბიზნესის დაფინანსება მაღალი რისკის შემცველია, რაც შესაბამისად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც. უდავოა, რომ საბანკო კანონმდებლობა დასახვეწია, ეროვნული ბანკის დღევანდელ მმართველობაში კი ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას", - აცხადებს ლია ელიავა.
2017 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, კომერციულ ბანკებს ე.წ. არაპროფილური აქტივების ფლობა აეკრძალათ. აღნიშნული ითვალისწინებს იმას, რომ ბანკებს ინვესტირების შესაძლებლობა მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუტებსა და საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან დაკავშირებულ კომპანიებში აქვთ, ხოლო განსხვავებული პროფილის კომპანიებში მათ პირდაპირ თუ ირიბად ინვესტირება ეკრძალებათ.