ია აბულაშვილი
27.11.2018

 „ოფიციალური ერევნისთვის გაუგებარია, თუ რატომ აწვდიან შეიარაღებას აზერბიაჯანს ის ქვეყნები, რომლებიც სომხეთის მოკავშირეები არიან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის („ო-დე-კა-ბე") ფარგლებში; გულწრფელად გვსურს ეს თემა ჩვენს მოკავშირეებთან განვიხილოთ. ბოლოს და ბოლოს უნდა გავარკვიოთ, ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს და ვისი - არა", - ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინაიმა ქალაქ ვანაძორში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

იგი მიიჩნევს, რომ კოლექტიური უსაფრთხობის შეთანხმების ორგანიზციის წევრებმა უნდა გაარკვიონ სამოკავშირეო ვალდებულებები ერთმანეთთან მიმართებაში.

ცნობისათვის, აზერბაიჯანისათვის შეიარაღების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი რუსეთია. შესაბამისად, ფაშინიანის განცხადების მთავარი ადრესატიც ოფიციალური მოსკოვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, ნიკოლ ფაშინიანის ეს შენიშვნა პროტესტს ნიშნავს, თუმცა სკეპტიკურად უყურებს, რომ იგი შეძლებს რაიმე შეცვალოს.

„ახალი აღმოჩენა ფაშინიანს არ გაუკეთებია, იმიტომ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, სანამ ორგანიზაცია გახდებოდა, მისი წევრები ვიყავით ჩვენც, აზერბაიჯანი და უზბეკეთი, მაგრამ 1998 წელს ერთად გამოვედით, რადგან პრაქტიკულად ჩვენს იქ ყოფნას აზრი არ ქონდა, თავისი წევრების უსაფრთხოების გარდა ყველაფერზე იყო საუბარი. არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ საჭირო იყო ამ ხელშეკრულების გადახედვა, მაგრამ ამის პერსპექტივა ვერ დავინახეთ.

„ჩვენი წამოსვლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა, რადგან ამ ორგანიზაციის მთავარი იდეა არის რუსეთის ინტერსები და არა სხვა ქვეყნებზე ზრუნვა. რუსეთი კი ყველაფერს აკეთებს მისი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, ისე, როგორც მას ესმის.

„ეს ისტორია იმიტომ მოვყევი, რომ ფაშინიანისთვის ეს მიდგომა არის უცხო, რადგან ახალია პოლიტიკაში, თორემ პოსტაბჭოთა სივრცის ქვეყნებმა ყველამ იცის, რომ ამ ორგნიზაციას არაფერი გაუკეთებია რთული საკითხების მოწესრიგების მიზნით, თუნდაც როგორიც იყო თავის დროზე სომხეთ-აზერებიჯანის კონფლიქტი.

„ნიკოლ ფაშინიანმა საკითხი სწორად დააყენა, მისი შენიშვნა პროტესტ ნიშნავს, შეშფოთებაც და გაკვირვებაც სამართლიანია, მაგრამ პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ მან შეძლოს რაიმე შეცვალოს, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×