„მათ არანაირი უფლება არ აქვთ ზემოქმედება მოახდინონ. ამომრჩევლის საარჩევნო ქმედება თავისუფალი ნების გამოხატულება უნდა იყოს. ის, რომ მოჰყავთ ადამიანები, აღრიცხავენ, ურეკავენ და სთხოვენ, აძალებენ ან აიძულებენ მოსვლას - ეს, რა თქმა უნდა, უკანონოა," - აცხადებს უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას.
დღეს, პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნებთან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების ადგილობრივი კოორდინატორები იქნებიან მობილიზებული. რისი უფლება აქვთ მათ და რისი არა - ამის შესახებ „რეზონანსი" უფლებადამცველსა და იურისტ ლია მუხაშავრიას გაესაუბრა.
მისი განცხადებით, ამა თუ იმ პარტიების კოორდინატორები საკუთარ უფლებამოსილებას აჭარბებენ, საარჩევნო ადმინისტრაციას კი მსგავს ქმედებებზე შესაბამისი რეგირება არ აქვს. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ საკმაოდ მკაცრად გაკონტროლდება.
„თუ ქვეყნის მასშტაბით ასეთი ფაქტები მკაცრად არ გაკონტროლდება, ამაზე ყველა საარჩევნო უბანზე დაიწერება და ეს ფაქტები აღნუსხული იქნება. ამას საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან რეაგირება ექნება, რადგანაც ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება მეორე ტურს.
„პრობლემა ის არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან ამაზე არავინ რეაგირებს ადეკვატურად. რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ უფლება გააკონტროლონ ვინ მივიდა, რომელ საათზე, ოჯახიდან რამდენი წევრი მივიდა და ა.შ. პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ რეაგირებს ამაზე და სისტემურად არ იწერება საჩივრები," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.