ვაშაძის გამარჯვებით ეკონომიკაში კრიზისი დაიწყება, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, რაც არის, ის დარჩება
მარი ჩიტაია
28.11.2018

 წლის ბოლომდე შესაძლოა, საქართველოში კაპიტალდაბანდებები შემცირდეს. ინვესტორების პასიურობა არჩევნებს უკავშირდება და ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება, სამომავლოდ კი ინვესტიციებზე პოლიტიკური პროცესების გავლენა უშუალოდ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული. ექსპერტების აზრით, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკური განვითარება საგრძნობლად შენელდება და შეიძლება, კრიზისიც დაიწყოს, რაც სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი ვარაუდობს, რომ დაძაბულობა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე გასტანს, ხოლო თუ მდგომარეობა პოლიტიკურად არ გართულდება, ინვესტიციების მხრივ ვითარება უახლოეს პერიოდშივე დასტაბილურდება.

"წესით, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში განსხვავებული პოლიტიკური ძალა იმარჯვებს, ეს ეკონომიკაზეც აისახება. კერძოდ, ბიზნესაქტივობა ამ დროს გარკვეული პერიოდით შეიძლება, დაკვირვების რეჟიმში გადავიდეს.

რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვებას, მმართველი პარტიის მიერ გაცხადებული კურსი არ შეიცვლება და, შესაბამისად, მას ეკონომიკაზე გავლენა არ ექნება. ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ეკონომიკური პროცესები. ცხადია, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ვითარება პოლიტიკურად არ დაიძაბება. უკანასკნელ შემთხვევაში, ვთქვათ, თუკი ვინმეს არჩევნების შედეგი შეიძლება, არ მოეწონოს, მიტინგები გაიმართოს და კრიზისული ვითარება შეიქმნას, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ეკონომიკას დაარტყამს და განსაკუთრებით ინვესტიციებზე აისახება", - ამბობს "რეზონანსთან" გერლიანი და დასძენს, რომ პოლიტიკური დაძაბულობა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს გააუარესებს.

"პოლიტიკური კრიზისი ყველა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე აისახება - ფულად ნაკადებსა და ეკონომიკის ამა თუ იმ სფეროზეც. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, სულ მცირე, ინაუგურაციის მომენტამდე იქნება დაძაბულობა და ინვესტორები შეიძლება, დაფრთხნენ კიდეც. კაპიტალის დაბანდებისაგან მაქსიმალურად შეიკავებენ თავს. გრძელვადიან პერიოდში, წლის ბოლომდე ესეც დასტაბილურდება.

რეალურად გამოდის, რომ ეკონომიკური აქტივობა შენელდება, ამ მხრივ მომდევნო პერიოდის განმავლობაში დიდად არაფერი შეიცვლება, განსაკუთრებით კი - სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში", - ამბობს გერლიანი.

სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება ქვეყნის ეკონომიკას თავდაყირა დააყენებს და საკუთრების დაცულობის მხრივ სერიოზულ პრობლემას შექმნის, რაც ნაციონალური პარტიის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ასეთ შემთხვევაში, როგორც ანალიტიკოსი შოთა გულბანი ვარაუდობს, ეკონომიკაში შეიძლება, კრიზისიც დაიწყოს.

"ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ვფიქრობ, ეკონომიკური პროცესები უარყოფითისაკენ გადაიხრება. "ოცნების" ერთ-ერთი მონაპოვარია, რომ ეკონომიკა დღეს ჯანსაღი, გამართული ბიზნესების ერთობლიობას შეადგენს. საკუთრების დაცულობის მხრივ დიდი პრობლემა იყო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს თემა საერთოდაც უგულებელყოფილი იყო.

საერთაშორისო ფინანსურ ანგარიშებსა და მოხსენებებში საკუთრების დაცვის კუთხით 190 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე ვიყავით. შესაბამისად, აბსოლუტურად არ მიმაჩნია რამე იმედისმომცემად ვაშაძის გამარჯვება. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ პოზიციაში მნიშვნელოვანი პროგრესი განვიცადეთ", - ამბობს გულბანი და დასძენს, რომ ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ეკონომიკური პროცესების რადიკალურად შეცვლას არ ელოდება.

"სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ეკონომიკაზე ცუდად ნამდვილად არ იმოქმედებს. ყოველ შემთხვევაში, უარესობისაკენ არ შეიცვლება ვითარება, რადგან ეს ადამიანი მავნებლური თვისებებით არ გამოირჩევა. აქვს ის უნარჩვევები, რომლებიც პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს არსებული კონსტიტუციისა და მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეკონომიკურ პროცესებზე კი პრეზიდენტს არ აქვს ისეთი უფლებამოსილება, რომ ძირეული ცვლილებები განახორციელოს.

გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხე ნამდვილად იკვეთება. ეს ადამიანი გვპირდება ისეთი ხალხის დაბრუნებას ხელისუფლებაში, რომლებიც ბიზნესის წართმევის პროცესთან პირდაპირ იყვნენ დაკავშირებული. უამრავი შავბნელი საქმე იყო, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებას უკან სწევდა.

რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვას, ეს უფრო ინდივიდუალური საკითხია, უფრო პერსონალურ უნარებზეა დამოკიდებული, მაგალითად, რამდენად ადეკვატური იქნება საერთაშორისო მასშტაბით პრეზიდენტის ქმედებები და მისი მოწოდებები თუნდაც საერთაშორისო ბიზნესწრეებთან შეხვედრებისას. როცა ოპოზიციის მთავარი კანდიდატი ხდება პრეზიდენტი, ამ დროს მატულობს არასტაბილურობის განცდა და ინვესტორები თავის შეკავებას შეეცდებიან", - აცხადებს "რეზონანსთან" გულბანი.

მიუხედავად ასეთი შეფასებებისა, სპეციალისტები ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, აქტივების ნაწილი სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში გადავიდეს, რაც მშპ-ის ზრდისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×