უკრაინასა და რუსეთს შორის საომარი მდგომარეობა საქართველოზე არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც აისახება. ორივე ქვეყანა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია და ამ ქვეყნებში დაძაბული ვითარება პირდაპირპროპორციულად შეამცირებს ექსპორტის წილს.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა, ბოლო მოვლენებამდე, უკრაინას საომარი მდგომარეობა ოფიციალურად არ გამოუცხადებია. 25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო გემს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია 6 უკრაინელი სამხედრო. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა.
კონფლიქტური ვითარება რეგიონში, რა თქმა უნდა, აისახება როგორც საქართველოს უსაფრთხოებაზე, ასევე - ეკონომიკაზეც. ორი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ღია საომარ მოქმედებებშია ჩართული, რაც მათ ქვეყნებში ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს აუცილებლად გამოიწვევს, ეს კი პიდაპირ შეეხება საქართველოს, რადგან ორივე ქვეყანასთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს. გაცილებით მარტივად იყო საქმე თურქეთში, სადაც უბრალოდ სავალუტო კრიზისი იყო და არავითარი ომის ნიშნები არ არსებობს, მიუხედავად ამისა, ქართული ლარი კატასტროფულად გაუფასურდა და დევალვაციის შედეგებს დღემდე იმკის ადგილობრივი ბაზარი და მოსახლეობა.
საგულისხმოა მსოფლიო თანამეგობრობის რეაქციაც. ისინი რუსეთისათვის სანქციების დაწესებას გეგმავენ. თუ ამას საქართველოც შეუერთდება, ცხადია, რუსეთი შეზღუდავს ჩვენი ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტს, რომელიც მზარდია და დღეისათვის საერთო ოდენობის 17.3%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორ კახა გოგოლაშვილის აზრით, თუ რუსეთ-უკრაინის ესკალაცია გადამწყვეტ ფაზაში შევა, საქართველოს მოუწევს, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ამ დროს საქართველო დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, შესაბამისად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რუსეთი მიიღებს ადეკვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ბაზარს, მათ შორის - საქართველოსათვის, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა მოჰყვება.
"ჩვენი ვაჭრობა იზრდება რუსეთთან და ეს მნიშვნელოვანია. 15%-ს მიაღწია ექსპორტმა, ამიტომ ჩვენი დამოკიდებულებაც გაზრდილია ამ ბაზარზე. სანქციების დაწესების შემთხვევაში რუსეთი მიიღებს ადეკვატურ ზომებს და ისიც ჩაკეტავს ჩვენთან ვაჭრობას. თუ ისეთ ფაზაში შევიდა ესკალაცია და მოგვიწია სანქციებთან შეერთება, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დაარყამს ჩვენს ეკონომიკას. არა მგონია, რუსეთმა ნაწილობრივი სანქციები დაგვიწესოს, ალბათ, მთლიანად გადაგვიკეტავს საიმპორტო შესაძლებლობებს და, რა თქმა უნდა, ეს მოგვაყენებს მნიშვნელოვან ზიანს", - აცხადებს კახა გოგოლაშვილი "ბიემთან".
სანამ საქართველო სანქციებს შეუერთდება, მან უნდა გაიაზროს რუსეთსა და უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელობა. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ ორ უდიდეს სავაჭრო პარტნიორს შორის საომარი მოქმედებები გარდაუვლად აისახება საქართველოს ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე.
"რუსეთ-უკრაინაში შექმნილი ვითარება და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა უკვე 2014 წლიდან უარყოფითად აისახა საქართველოს ეკონომიკაზე. ვიმედოვნებ, ამ ეტაპზე ომი არ მიიღებს განსაკუთრებულად ფართომასშტაბიანი მოქმედებების სახეს, თორემ ეს კიდევ უფრო მძაფრი და საგრძნობი გახდება ჩვენთანაც. მით უფრო, აღნიშნული ორი ქვეყანა აქტიური ეკონომიკური პარტნიორები არიან.
რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდებით სანქციებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა დააწესებს და ეს გავლენას მოახდენს რუსეთთან ურთიერთობაზე - როგორც ექსპორტზე, ასევე - იმპორტზე, რასაც, რასაკვირველია, მოჰყვება რუსეთის რეაქცია. ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა სჭირდება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ცნობს, მაგრამ კარგად არის გასაანალიზებელი, ეს ნაბიჯი რას მოუტანს საქართველოს ან, თუნდაც, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისათვის.
თუ ამოქმედდება სანქციები დასავლეთის მხრიდან, რუსეთში ეს გამოიწვევს სავალუტო კრიზისს. სხვა ასპექტებზე რომ აღარ ვისაუბროთ, ამ ქვეყანაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმოგზავნილი თანხების შემცირება გააუფასურებს ისედაც მერყევ ლარს", - აცხადებს ავთო სილაგაძე "რეზონანსთან".
აკადემიკოსი ასევე დასძენს, რომ რუსეთი ხშირად იყენებს პოლიტიკურ ხერხებს, ქართული პროდუქციის შესაზღუდად საკუთარ ტერიტირიაზე და ოკუპანტი შანსს არც ახლა გაუშვებს ხელიდან.
სხვაგვარია კიდევ ერთი აკადემიკოსის, სანდრო თვალჭრელიძის მოსაზრება. იგი ომის ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს და, შესაბამისად, ამბობს, რომ ქართულ ეკონომიკაზე არ აისახება რეგიონში ორი სახელმწიფოს მიერ დაძაბული ურთიერთობა.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკური ნაბიჯები მუდმივად არაპროგნოზირებადი და არალოგიკურია, ვთვლი, რომ სამხედრო შეტაკებები არ იქნება და, შესაბამისად, საქართველოზე ასახვას ვერანაირად ვერ ჰპოვებს", - აცხადებს "რეზონანსთან" თვალჭრელიძე.