„მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ისტორიაში როგორ შევა, დამოკიდებული იქნება პრეზიდენტების იმ წყებაზე, რომლებიც ამ პოსტს დაიკავებენ. იგი ბევრთან შედარებით შეიძლება ძალიან კარგი აღმოჩნდეს, ბევრთან შედარებით კი - ხარვეზიანი. შეფასება შედარებითია,“ - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
საქართველო 28 ნოემბერს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. როგორ შევა ისტორიაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რითი დაამახსოვრა მან თავი საქართველოს მოქალაქეებს - ამის შესახებ „რეზონანსი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა.
საყვარელიძემ მარგველაშვილს უნიკალური პრეზიდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ მას ისეთ ვითარებაში მოუწია პრეზიდენტობა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა.
„მარგველაშვილს მოუწია სრულიად ცარიელ ადგილას, ისეთ სახელმწიფოში პრეზიდენტად ყოფნა, სადაც იქამდე ასეთი პრეზიდენტის სტატუსი არავის ჰქონია. ფაქტობრივად, ამ ოთხ წელიწადში ცდილობდა თან მყარი ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტი, თან კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდენოდა.
„ამ მიზნების თვალსაზრისით, მარგველაშვილი უნიკალური პრეზიდენტი იყო. უნიკალური იმ მხრივ, რომ ნამდვილად არავინ ყოფილა ჯერ ასეთი. ბევრის შეფასებით, მან ხშირად მმართველ პარტიასთან უფრო მეტი სიჯიუტე გამოიჩინა, ვიდრე ეს საჭირო იყო, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამყარების მოტივი მის ამ საქციელს მეტ-ნაკლებად ხსნის.
„მას ძალიან ბევრი პოზიტივი აქვს - ზოგადი პოლიტიკური ორიენტაცია, ძალიან კარგი რიტორიკა... ამ პოზიტივის ფონზე, უმნიშვნველო შეცდომები ისტორიაში დაიკარგება. ამ პოზიტივის ფონზე მისი ისტორიული შეფასებაც პოზიტიური იქნება,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.