როგორ ჩაივლის არჩევნების დღე და აღიარებს თუ არა დამარცხებული არჩევნების შედეგებს?
ეკატერინე ბასილაია
28.11.2018

 დღეს ხალხი ბოლოჯერ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს და როგორი ჩავლის ეს დღე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი აჩვენებს - მიდის თუ არა საქართველო დემოკრატიისაკენ და იმსახურებს თუ არა ევროპულ ოჯახში ადგილს, თუ უკან, პოსტსაბჭოთა ჭაობში ბრუნდება.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისათვის აქვს მნიშვნელობა და არის თუ არა საქართველო მზად, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, გადამწყვეტი იქნება ორი ფაქტორი: ერთი - არჩევნების დღე ჩაივლის თუ არა მშვიდად, თავისუფლად, სერიოზული გართულებებისა და ინციდენტების გარეშე და მეორე - პროცესში მონაწილე ნებისმიერი მხარე, დამარცხების მიუხედავად, აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგს.არიან თუ არა მზად, ერთი მხრივ, "ოცნება" და, მეორე მხრივ, "ნაციონალები" და მათთან გაერთიანებული ოპოზიცია, რომ არჩევნებმა დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის გარეშე ჩაიაროს და რა შემთხვევაში არ აღიარებენ შედეგს?

"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა წესი დაცული იქნება, თუმცა ელის, რომ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები იქნება და ოპონენტები კანონის ზღვარზე გაივლიან.

მისივე თქმით, ოპოზიცია წინასწარ შეეცდება, ბევრი იყვიროს, იჩხუბოს, გაყალბებაზე ილაპარაკოს და ამით ქუჩაში გამოსვლისა და არეულობის მიზეზი შექმნას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ხელისუფლება გადასულია დაშინებაზე, ცემაზე, კარტოფილების დარიგებაზე, ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე და ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ "ოცნება" უკვე ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ამას ოპოზიცია ყველანაირად შეეწინააღმდეგება, ხოლო თუკი არჩევნების პროცესში ბევრი დარღვევა და გაყალბება გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან შედეგის აღიარება არ მოხდება.

ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ, მისი მოლოდინით, არჩევნების დღე მშვიდობიანი, გამჭვირვალე იქნება, თუმცა ინციდენტებს არ გამორიცხავს და თვლის, რომ ოპოზიცია პროვოკაციებს აუცილებლად მოაწყობს.

"პატარ-პატარა ხარვეზები, როგორც ყოველთვის, ახლაც შეიძლება, იყოს, მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ დიდ მასშტაბში გადავიდეს...

"მეორე ტურის კამპანია საკმაოდ ჭუჭყიანი იყო, მაგრამ ამის ინიციატორი და ავტორები იყვნენ გვარამია, "რუსთავი 2", ვაშაძე, მეორე ვაშაძე და საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობა".

"ველოდები, რომ შეიძლება, კანონის ზღვარზე გაიარონ, მაგრამ მათაც კარგად იციან, რომ კანონის ზღვარს თუ გადააბიჯებენ, ისინი აუცილებლად მიიღებენ იმას, რაც კანონით ეკუთვნით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხაზს არ გადალახავენ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების დღეს ამას შეეცდებიან, სანამ შედეგს გაიგებენ", - ამბობს ქანთარია.

მისივე თქმით, "ნაციონალების" მუდმივი განცხადებები, რომ თითქოს ხელისუფლება გაყალბებას გეგმავს, მათი გეგმის ნაწილია.

"გაყალბების ავტორები თვითონ იყვნენ და ახლა ესეც მათი ერთ-ერთი სტრატეგიაა - შექმნან გარკვეული ილუზია და ფონი იმისა, რომ თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ე.ი. არჩევნები გაყალბებულია.

"თუმცა ეს სქემა ჩავარდნილია. გაყალბებაზე, რასაკვირველია, საუბარი ექნებათ, მაგრამ საზოგადოებაში რომ გაყალბების ეჭვი შექმნან, ეს ამოცანა მათ ვერ შეუსრულდებათ", - აღნიშნავს ქანთარია.

"ნაცმოძრაობის" წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ "საყოველთაო შეფასებით, უპრეცედენტოა დარღვევებისა და უხეში კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რაოდენობა, რასაც ხელისუფლება სჩადის არჩევნების გაყალბების მიზნით" და ამაზე არა მარტო ოპოზიცია, არამედ ავტორიტეტული არასამთავრობოებიც საუბრობენ.

"თქვენ ნახეთ, როგორ სასტიკად სცემეს გაერთიანებული ოპოზციის შტაბის წარმომადგენლებს ნინოწმინდაში, ახალქალაქში, როგორ მხეცურად აჩეხეს ჩვენი წარმომადგენელი ინში. ის ახლაც რეანიმაციაში წევს. ეს საშინელებები უკვე ხდება და ამისაგან დაზღვეულები არც არჩევნების დღეს არ ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები.

"გაყალბებას ველოდებით და ამისათვის მაქსიმალურად მომზადებული ვართ. ჩვენ რამდენიმე პრეზენტაცია ტელევიზიითაც ჩავატარეთ, თუ როგორ არის ჩართული ჩვენი შტაბი და ჩვენი მხრიდან ჩართული ხალხი ამ პროცესში და როგორ უნდა აღვუდგეთ ამას წინ. რიგით მოქალაქეებსაც სერიოზული განმარტება ჩავუტარეთ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი ხმები. ერთი რამ ფაქტია - რეალური გამოკითხვის შედეგები ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით იგებს", - ამბობს ვაშაკიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგის აღიარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება საარჩევნო დღეს, რას იტყვის მიუკერძოებელი ეგზიტპოლები, რას იტყვიან ავტორიტეტული არასამთავრობოები.

"კენჭისყრის დასრულების შემდეგ ოქმების შემოსვლის პროცესი დაიწყება თვითონ ჩვენს შტაბშიც, რასაც დავთვლით ცესკო-ს პარალელურად. ასევე სრული ინფორმაცია შემოვა იმ უკანონო ქმედებებსა და გაყალბებებზეც, რომლებსაც, ალბათ, ექნება ადგილი.

"მთელ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ გავაკეთებთ ისეთ რეაგირებას, რომელიც ამ სიტუაციაში რელევანტური იქნება", - აღნიშნავს ვაშაკიძე და დასძენს: "გაყალბება თუ იქნება, ამაზე თვალს არავინ დახუჭავს... ჩვენ ახლა კონცენტრირებულნი ვართ ხმების მაქსიმალურ დათვლაზე, ამის კონტროლზე, სხვა არაფერს, არანაირ აქციას არ ვგეგმავთ, მაგრამ როგორ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქე, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის", - აღნიშნავს ვაშაკიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×