“მოსკოვის მიზანი აზოვის ზღვის ჩაკეტვა და მარიუპოლის და ბერდიანსკის დაკავებაა”
ტატა შოშიაშვილი
28.11.2018

 აზოვის ზღვაში უკრაინულ ხომალდებსა და რუსეთის გემებს შორის მომხდარმა დაპირისპირებამ შესაძლოა, რომ ქვეყნებს შორის სრულმასშტაბიანი ომის სახე მიიღოს.

რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აშშ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად შეიარაღებული დახმარების გაწევას დაჰპირდა.

"რეზონანსთან" საუბრისას, სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკმაოდ სერიოზულ დახმარებას უწევს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.

მისივე თქმით, ის კონფლიქტი, რომელიც 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში მოხდა რუსეთსა და უკრაინას შორის, მოსკოვის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციის ნათელი მაგალითია, რადგან ადრე უკრაინული გემების აზოვის ზღვაში მოძრაობასთან დაკავშორებით პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა გამოცემა "CNN-ისთვის" მიცემულ ინტერვიუში:

"არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ეს გართობა ან თამაშია. ქვეყანა რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის ქვეშაა" - ამბობს პოროშენკო.

ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ უკრაინაში ძალიან დიდი რესურსებია ამოქმედებული სამხედრო ტიპის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, რაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები.

"გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა ამერიკელი გენერალი, რომელიც უკვე შეუდგა საკუთარი მოვალეობების განხორციელებას. უკრაინას გამოყოფილი აქვს 300 მლნ დოლარის დახმარება იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისათვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას.

"გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ნაწილებს, ასევე სამხედრო-საზღვაო ძალებს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები უწევენ უშუალო დახმარებას, კონსულტაციას. შესაბამისად, ქვეყანას ეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში.

"დამატებით, უკრაინელი სამხედრო ოფიცრები გადიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლობენ სამხედრო სასწავლებლებში, რაც საკმაოდ სერიოზულ დახმარებას წარმოადგენს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამერიკა პირდაპირ ლობირებს უკრაინულ ინტერესებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტრუქტურებში.

"ამერიკა უკრაინას ეხმარება სადაზვერვო უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაში, რაც უკრაინისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, არასამხედრო ტიპის დახმარებაში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ისიც, რომ აშშ უკრაინას ეხმარება ენერგოუსაფრთხოების პირობების განვითარებაში."-ამბობს მაისაია.

მაისაიამ გააკეთა ანალიზი იმ ვითარებისა, რომელიც ამჟამადაა შექნმილი დაპირისპირებულ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის.

"ჯერჯერობით, როგორც მე ვიცი, საზღვრისპირა მიმართულებით, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმში ამ ეტაპზე სიწყნარეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია ასეთივე მდგომარეობაში შენარჩუნდება.

"როგორც ჩანს, რუსეთის მთავარ იდეას წარმოადგენს აზოვის ზღვის ჩაკეტვა და, ფაქტობრივად, დაკავება ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების, როგორიცაა მარიუპოლი და ბერდიანსკი.

"ფედერაციის მიერ კონტროლირებად რუსულ არხებზე გაიჟღერა საინტერესო თეზისმა, რომლის თანახმადაც მთელი დონბასის, ანუ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დაკავება და უკრაინის კიდევ რამდენიმე ტერიტორიის დაკავება. შესაბამისად, მათ დამატებითი გავლენის ზონების შექმნა. ეს ფრაზა იყო კონკრეტული სიგნალი იმისა, თუ რა უნდა და რისკენ მიისწრაფვის რუსეთი.

"რუსეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედება. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უკვე დადგენილია და ეს არის 31 მარტი. ამ არჩევნებზე ერთგავრი ზეგავლენის მოხდენა და გარკვეულწილად, ალბათ, საკუთარი ფავორიტების გაყვანაც კი რუსეთის ინტერესებშია, ხოლო ფავორიტები, სავარაუდოდ, ეყოლებათ."-განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, აზოვის ზღვაში მომხდარი კონფლიქტი არ იყო სპონტანური, პირიქით, რუსები უკრაინულ ხომალდებს სწორედ მაშინ დასხნენ თავს, როდესაც უკრაინული გემები უკან ბრუნდებოდნენ.

"როდესაც უკრაინის სამხედრო გემებმა დაინახეს, რომ მათ არ აძლევდნენ აზოვის ზღვაში გადასვლის საშუალებას, დააპირეს უკან დაბრუნება და მაშინ დაესხნენ მათ თავს. ეს იყო კარგად დაგეგმილი, წინასწარ გათვლილი პროვოკაცია, რადგან უკრაინის სამხედრო გემები მანამდე ამ მიმართულებით გავიდნენ ორჯერ.

"სხვათაშორის, იქ იყო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე საზღვაო გზამკვლევს აძლევდა საშუალებას, რომ გასულიყვნენ ქერჩის სრუტის მიმართულებით, ანუ ადრე რუსეთისთვის არ იყო პრობლემა უკრაინული სამხედრო გემების გასვლა, რატომღაც იმ დღეს შეიქმნა პრობლემა, როდესაც განხორციელდა აღნიშნული თავდასხმა.

"აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავიაზროთ, თუ რა დონის პროვოკაცია მზადდებოდა, რადგან უცბად რუსებმა აამოქმედეს საბრძოლო ავიაცია. შესაბამისად, ეს ვითარება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აზოვის ზღვაში მომხდარი შეტაკება თავიდანვე დაგეგმილი უფრო იყო, ვიდრე სპონტანურად მომხდარი ინცინდენტი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×