“არავინ არ აძლევს ხმას კონკრეტულად ვინმეს, ხმას აძლევენ ვიღაცის წინააღმდეგ”
ტატა შოშიაშვილი
28.11.2018

 საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 47.31%, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედის საოლქო საარჩევნო ოლქში-58%, ხოლო ყველაზე დაბალი წალკის საარჩევნო ოლქში-37%.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველთა გააქტიურება გამოიწვია "ქართული ოცნების" ხელთ არსებული რესურსების მაქსიმალურად მობილიზებამ და, რაც მთავარია, ხალხის ნეგატიურმა განწყობამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიმართ.

28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მსვლელობისას, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 38,16% იყო, რაც რაოდენობრივად 1 337 284 ამომრჩეველს შეადგენდა, შესაბამისად, ამომრჩეველთა რაოდენობა, ჯერჯერობით, დაახლოებით 9,15 პროცენტითაა გაზრდილი.

პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მეორე ტურზე მისული ხალხის რაოდენობის ასეთი საგრძნობი გაზრდა გამოიწვია არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდამ, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეების გააქტიურებამ:

"მე მგონია, რომ "ქართული ოცნება" მიხვდა იმას, თუ რა უნდა გაეკეთებინა. აშკარად შოკისმომგვრელი იყო პირველი ტურის შედეგი მათთვის. ამიტომ, "ქართულმა ოცნებამ" ჩართო ის ძალები, რომელიც მანამდე არ ჰქონდა გამოყენებული და მოახდინა მოსახლეობის მობილიზაცია.

"პირველ ტურზე ხმის მისაცემად ვინც არ მისულა და მივიდა ახლა, მგონია, რომ ის ხალხია, ვინც "ქართული ოცნების" ამომრჩეველი თუ არა, მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები. ახლა არავინ არ აძლევს ხმას კონკრეტულად ვინმეს, არც სალომე ზურაბიშვილს და არც გრიგოლ ვაშაძეს. ახლა ხმას აძლევენ ვიღაცის წინააღმდეგ-სააკაშვილის წინააღმდეგ ან ივანიშვილის წინააღმდეგ.

"მგონია, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა და დააჯერა საკუთარი ამომრჩეველი, რომ ხმა მისცენ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არ არის პოზიტიური ხმები, ეს არ არის "ქართული ოცნების" ხმები, არ და ვერ გამოადგება მმართველი გუნდის ლეგიტიმაციას, მაგრამ სერიოზული განცხადებაა, რომლის თანახმადაც ხალხისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობა". ეს არის მოედანი-ველი, სადაც მომავალში უნდა იმუშაოს "ქართულმა ოცნებამ", რათა სააკაშვილის საწინააღ,დეგო ხმები აქციოს თავის სასარგებლო ხმებად"- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×