"ამაზე საუბრისაგან არჩევნების წინ თავს იკავებდნენ, ახალ წლამდე კი მოსახლეობა ტარიფების ზრდას უნდა ელოდოს"
თამარ შუკვანი
29.11.2018

 არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კომუნალური გადასახადების გაზრდაზე მუშაობა დაიწყება. მიზეზი მთავრობის მიერ ბიუჯეტში განსაზღვრული საპროგნოზო მაჩვენებელია, რომლითაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ია. ასევე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სექტემბრის ბოლოს სემეკ-ის თავმჯდომარემ ტარიფების გადათვლა დააანონსა.

ის, რაზეც არჩევნებამდე განცხადება არც სემეკ-სა და არც მთავრობას გაუკეთებია, სავარაუდოდ, მეორე ტურის დასრულების შემდეგ, დეკემბრის ბოლომდე მოხდება. სამეკ-მა 3 წლის დადგენილი ტარიფებიდან წლის ბოლომდე დენის საფასურის გადათვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკვე განაცხადა. გადასახადის ოდენობა მაშინ დადგინდა, როცა 2.50-ზე იანგარიშებოდა საპროგნოზო მაჩვენებელი. გაისად, როდესაც კურსი სტაბილურად 2,70-ს მიაღწევს, სხვა პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიები მოითხოვენ ტარიფის კიდევ ერთხელ დაანგარიშებას.

სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ განაცხადა, რომ თუ ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკ-მა შესაძლოა, ტარიფები მიმდინარე წელს ისევ გადაითვალოს. გამოდის, რომ მსხვილი შემსყიდველების გამო შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფი გაძვირდეს, რომელიც შარშან სემეკ-მა 3 წლის ვადით დაადგინა. რაც შეეხება გაზის ტარიფს, მისი გადახედვა გეგმურად 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მოხდეს, მით უფრო იმ პირობებში, როცა ლარის კურსის შეუქცევადი გაუფასურების ტენდენციაა ზაფხულის შემდეგ.

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე კომუნალური გადასახადების გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევს. მისი აზრით, ეს 1-ელ იანვრამდე მოხდება. მიზეზი სმეკ-ის მიერ შემუშვაებული არასწორი პოლიტიკაა, რომლითაც კომპანიების ინტერესებია გათვალისწინებული და არა - მომხმარებლის.

"ამას უნდა ვუწოდოთ საშიშროება, რომელიც გარდაუვლად დადგება არჩვენების მეორე ტურის დასრულების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა რესურსი არსებობს, არათუ ფასის სტაბილურად შენარჩუნებისა, არამედ კლებისა, სამწუხაროდ, პოლიტიკა იმგვარია, რომ, პირველ რიგში, მარეგულირებელი კომპანიის ინტერესებს ითვალისწინებს და არა - მომხმარებლის.

აყველა ენერგო და წყლის კომპანიას უამრავი შეუსრულებელი ვალდებულება აქვს დაგროვილი, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. სახელმწიფო და სემეკ-ი ითვალისწინებს მხოლოდ იმას, რა სუბიექტური მიზეზები ჰქონდათ კომპანიებს და მათ არ აკისრებს ადეკვატურ სახდელებს. განუწყვეტლივ კმაყოფილდება მათი მოთხოვნა ფასის ზრდის შესახებ. რა თქმა უნდა, ამაზე საუბრისაგან არჩევნების წინ თავს იკავებდნენ, ახალ წლამდე კი ტარიფების ზრდას მოსახლეობა უნდა ელოდოს", - აცხადებს "რეზონანსთან" ჭიჭინაძე.

იმას, რომ არჩევნების შემდეგ ტარიფები გაიზრდება, ადასტურებს ენერგეტიკოსი მირონ ფირცხელანიც, თუმცა ამის მიზეზი არა დღევანდელი სახემწიფო პოლიტიკა, არამედ წინა ხელისუფლების დროს თელას-სა და "ენერგო პროსთან" დადბული არასწორი ხელშეკრულებებია.

"ტარიფები გაიზრდება, თუმცა ეს არ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგზე. უნდა გავიხსენოთ წინა ხელისუფლების დროს, მიღებული ძალიან ცუდი შეთანხმება, რომელიც გაფორმდა სახელმწიფოს, "თელასსა" და "ენერგო პროს" შორის. ამ შეთანხმების მიხედვით, ლართან დაკავშირებული ცვლილებები მომენტალურად აისახებოდა ტარიფზე. იყო სხვა 4-5 კომპონენტიც, რომლებიც ტარიფს სამომავლოდ გააძვირებდა.

მიუხედავად სპეციალისტების წინააღმდეგობისა, მაშინ ელიტური კორუფციის გამო, ჩვენი აზრი არავინ გაითვალისწინა. ამიტომ ახლა ტარიფის მატება და კლება არ არის სუბიექტური ფაქტორებით განპირობებული. უნდა იყოს თავისუფალი ბაზრის სისტემა, სადაც გენერაციის სადგურები თვითონ დაადგენენ ფასს და ამ ფასში გაყიდიან ელექტროენერგიას", - განუცხადა "რეზონანსს" ფირცხელანმა.

ენერგეტიკოსი ასევე იმ სისტემის შედეგზე საუბრობს, რომელიც ქართულ ენერგეტიკაშია და უსამართლო საფასო პოლიტიკას ქმნის.

"იმ შემთხვევაში, თუკი ზამთარში დეფიციტი გვაქვს, შესაძლოა, ამ დროს დენი მეტად გაძვირდეს, მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა იყოს სხვა 8-9 თვის განმავლობაში ისევე მაღალი ფასი ელექტროენერგიაზე. ეს არის ხელოვნურად შექმნილი, არასწორი სატარიფო პოლიტიკა, რასაც ემსახურება თითქოსდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი.

როგორც კი იზრდება ფასი, მატულობს პურისა და სხვა ყველა ძირითადი პროდუქტის ღირებულებაც. რეალურად ყველაფერი მოსახლეობაზე აისახება და ისედაც არარსებული საშუალო ფენის პირობებში, ამ კლასის ჩამოყალიბებაზე არც კი ფიქრობს სახელმწიფო. სანამ იარსებებს ეს უსამართლო სისტემა ენერგეტიკაში, მოსახლოებას ამოსუნთქვის საშუალება არ ექნება", - აცხადებს მირონ ფირცხელანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×