"ეს შედეგი განაპირობა პირველი ტურის შედეგებმა - გამოაფხიზლა "ქართული ოცნების" ამომრჩეველი, გამოაფხიზლა თავად "ქართული ოცნება", რომელმაც ექსტრემალურ ზომებს მიმართა იმისათვის, რომ მეორე ტურამდე დარჩენილ დროში საარჩევნო უბნებთან მიეყვანა მისი ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში სახლში დარჩა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანთან" საუბრისას.
"რუსთავი 2" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55% მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 45%. "ქართული ოცნების" დაკვეთით კვლევა ჩაატარა "გელაპ ინტერნეიშნალმაც", რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილი 58%-ით ლიდერობს, რაც შეეხება ვაშაძეს, მან 42% მიიღო.
ეგზიტპოლის შედეგებს "რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აფასებს.
ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების ამ შედეგებმა აჩვენა, რომ მას ეს გამოუვიდა. ამას მოწმობს თავად ცესკო-ს მონაცემებიც - სულ ცოტა, 10%-ით გაიზარდა ამომრჩევლის აქტივობა და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ის შედეგი გადაწონილიყო, რაც ვაშაძემ დადო.
ეგზიტპოლის დონეზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ვაშაძემ ვერ გადააბიჯა იმ ლიმიტს, რასაც მან პირველ ტურში მიაღწია. პირველი ტურის შეფასების დროსაც ვთქვი, რომ ის მაჩვენებელი, რაც ვაშაძემ დადო, ზედა ზღვარი იყო და ამის იქით ეს არ ავიდოდა.
ცესკო-ს მონაცემებს დაველოდოთ, შეიძლება, რაღაცნაირად მოხდეს სხვაობის შემცირება, თუმცა ვფიქრობ, ეს არ იქნება მაინცდამაინც დიდი განსხვავება. შეიძლება ითქვას, რომ ზურაბიშვილმა ეს არჩევნები მოიგო.
"რეზონანსი": მოვლენების როგორ გავითარებას ელოდებით? შესაძლოა თუ არა რევოლუციის სცენარის განვითარება, რაზეც საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღიად ისაუბრა?
ზ.ა: მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერით ღიად და დაუფარავად მიუწოდა ხალხს რევოლუციისაკენ. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა სცენარით აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედებას.
მთავარი საკითხია, ახლა ვინ გახდება მისი მოკავშირე. თუკი "ნაციონალური მოძრაობა" დაეთანხმება მას, ვინ იქნება მისი მოკავშირე, შეუერთდებიან თუ არა სხვა პოლიტიკური პარტიები.
თუ საერთაშორისო დამკვირვებლებმა უარყოფითი დასკვნა დადეს, მაშინ რევოლუციის მოწყობისა და ქუჩაში გამოსვლის ალბათობა შეიძლება, გაიზარდოს.
"რ": წინ გვაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. თქვენი აზრით, შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?
ზ.ა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა არ არის მარტივი საქმე. ამას აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურები. ამისთვის უნდა გადადგეს მთავრობა, შემდეგ პარლამენტმა მთავრობა არ უნდა დაამტკიცოს და ამის მერე კი პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს.
რამდენადაც ახალი კონსტიტუცია გვეუბნება, ეს პროცესი შეიძლება, დროში გაიწელოს. "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვების შემდეგ ნაკლები მოტივაცია ექნება საპარლამენტო არჩევნებისა.
მაშინ რა გამოდის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღიაროს, რომ მათ ლეგიტიმაცია დაკარგეს როგორც მმართველმა პარტიამ და ამის გამო იგი ხელახლა სთხოვს ხალხს ნდობას?
ამის სტიმულატორი შეიძლება იყოს ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსვლა. ან შესაძლოა, შეაგროვა 200 ათასი ხელმოწერა, როგორც ეს კონსტიტუციურადაა გათვალისწინებული და ამის საფუძველზე მოხდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ნაკლებად რეალისტურად მეჩვენება.