ელზა პაპოშვილი
29.11.2018

 28 ნოემბრის არჩევნებმა შედარებით მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, გარდა პატარა შემთხვევებისა და ინციდენტებისა: არჩევნების დღეს მოხდა ჟურნალისტებზე რამდენიმე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე იყო რეგიონებში საარჩევნო უბნებზე პატარ-პატარა შეხლა-შემოხლა, თუმცა დაპირისპირება არ გამწვავებულა.

მთელი დღის განმავლობაში პოლიცია რეგიონების მასშტაბით მობილიზებული იყო და ოპერატიულად მუშაობდა. მთლიანად, პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 8 პროცენტით მეტი დაფიქსირდა.

საპრეზიდენტო არჩევნებისათვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილი იყო 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იყო 11 საარჩევნო უბანი. საზღვრებს გარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა 55-ს შეადგენდა.

ამომრჩეველთა სრული მობილიზაცია

ამომრჩევლების მობილიზაცია ჯერ კიდევ არჩევნების წინა დღეს დაიწყო. ორგანიზაციამ "არა მიშას" დაიქირავა მიკროავტობუსები ამომრჩევლების რეგიონებში გადასაყვანად. მგზავრები არ მალავდნენ, რომ მათი ბილეთი ორგანიზაციამ შეიძინა და ისინი უფასოდ მიემგზავრებოდნენ რეგიონებში ხმის მისაცემად.ამდენად, დილიდან საკმაოდ ბევრი ხალხი იყო უკვე არჩევნებზე მისული. თუმცა ამაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ და აცხადებდნენ, რომ ყველა პარტიას აქვს უფლება, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს.

არჩევნების დღეს, დილიდან მარნეულში პოლიციის მობილიზება იყო, თუმცა ჟურნალისტებისათვის კომენტარი არავის გაუკეთებია, რატომ იყვნენ სპეცრაზმელები და პოლიციელები მობილიზებულნი. მოგვიანებით, შსს-მ განაცხადა, რომ მათი მხრიდან მოხდა როგორც საზოგადოების, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ინფორმირება იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფილი იქნას ამომრჩევლებისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო და, შესაბამისად, ამაში უცნაური არაფერი იყო.

ორი საათისათვის ისევ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულში, #1 საარჩევნო უბნისა და პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების დამატებითი რაზმი შეიყვანეს.

დაახლოებით საღამოს ექვსი საათისათვის შს მინისტრმა განაცხადა, რომ შსს იცავს მშვიდობიან საარჩევნო გარემოს. მან ჟურნალისტებსაც მიმართა: "თქვენ ხომ გაქვთ თქვენი აღჭურვილობა, მიკროფონი და კამერა, ისე გააჩნია პოლიციას თავისია აღჭურვილობა და სპეცტექნიკა, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან".

ის გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ რეგიონებში მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის - სპეციალური აღჭურვილობით. გახარიას თქმით, პოლიციის გადაადგილებაში განსაკუთრებული არაფერი იყო და ასეც გაგრძელდებოდა.

ასევე, საღამოს 7 საათისათვის დიღომში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის დეპარტამენტის შენობასთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სამოსი გამოიცვალეს და ისინი ზურგჩანთებით არიან წარმოდგენილი. აღნიშნულ მობილიზებაზე კომენტარები არ გაკეთებულა.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ხმა მისცეს

გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა, უბანზე ის პირველი საათისათვის მივიდა: "დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები, ვინც 1990-იანი წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას, ადამიანები, ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო - თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება, მოვლენ არჩევნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, რადგან საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი არ აქვს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სალომე ზურაბიშვილი ხმის მისაცემად შვილებთან ერთად მივიდა, მან ხმა ორი საათისათვის მისცა: "ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ეს არის ჩემი არჩევანი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ერთიანი საქართველო, დაწყნარებული საქართველო და ღიმილიანი საქართველო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩევნების დღეს რა დარღვევები დაფიქსირდა

ამომრჩეველთა ნებაზე სავარაუდო ზემოქმედების მცდელობა

32 გორის საარჩევნო ოლქის მე-3, მე-15, მე-17, 48-ე, 50-ე, 62-ე, 64-ე, 91-ე, 92-ე და 96-ე საარჩევნო უბნების მიმდებარედ იყო ხალხმრავლობა, მათ შორის უმეტესად - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები;

4 კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-2, მე-3, მე-4, მე-12 და მე-16 საარჩევნო უბნებზე მობილიზებული იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენელები, რომლებიც დამკვირვებლის გამოჩენისას მალავდნენ სიებს. დამკვირვებელი ასევე შეესწრო საუბარს, თუ როგორ ამბობდა პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომ კიდევ მოიყვანდნენ ამომრჩევლებს;

80 ქედის საარჩევნო ოლქის მე-11, მე-17, 24-ე და 29-ე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები;

3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის 38-ე, 73-ე და 90-ე საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყო მანქანები და სავარაუდოდ - კოორდინატორები;

20 რუსთავის საარჩევნო ოლქის 45-ე, 46-ე და 47-ე საარჩევნო უბნებზე გარეთ იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები მანქანებით. ისინი აღრიცხავნენ, ვინ მივიდა და ვინ მისცა ხმა მათ მხარდაჭერილ კანდიდატს;

59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის 91-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა, რომ ამომრჩევლები სოფელ ბაშიდან სამარშრუტო ტაქსით ჩამოიყვანეს;

27 მცხეთის საარჩევნო უბნის 26-ე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" ე.წ. კოორდინატორმა განაცხადა, რომ ამოწმებს, ის ადამიანები მოდიან თუ არა არჩევნებზე, ვისთანაც აგიტაცია განახორციელეს;

59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის 93-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი უბანზე ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების ვინაობას;

63 აბაშის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აღრიცხავდა არჩევნებზე არმისულ ამომრჩევლებს, რაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ შეწყვიტა.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

2 ვაკის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა გახსნილი ბიულეტენი გამოიტანა, სადაც შესაძლებელი იყო მისი არჩევანის დაფიქსირება. აღნიშნული სახის დარღვევა მანამდეც რამდენჯერმე დაფიქსირდა მოცემულ საარჩევნო უბანზე.

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

22 მარნეულის საარჩევნო ოლქის 35-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის დაფიქსირება უნდოდა, რისი საშუალებაც მას თავმჯდომარემ და მდივანმა არ მისცეს;

22 მარნეულის საარჩევნო ოლქის 35-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რაც კომისიის სხვა წევრების ჩარევის შემდეგ განიმუხტა;

6 სამგორის საარჩევნო ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს შორის, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში უბანზე იყო ხმაური და არეულობა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი უბნიდან პატრულის დახმარებით გააძევეს.

გადასატანი ყუთების შემთხვევაში დარღვევები

83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის მე-2 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში იყო 31 ამომრჩეველი. კომისიის წევრებს გაატანეს 35 ბიულეტენი. ხმა მისცა 30-მა ამომრჩეველმა, მაგრამ კომისიის წევრებმა 5 ბიულეტენის ნაცვლად 4 ბიულეტენი დააბრუნეს;

60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ერთი ამომრჩევლის გრაფაში აღმოჩნდა ორი ხელმოწერა;

5 ისნის საარჩევნო ოლქის 28-ე საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში მყოფ ამომრჩეველს ხმა უბანზე მიაცემინეს;

84 ხულოს საარჩევნო ოლქის 1-ელ საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამომრჩევლის ნაცვლად სხვა პირმა მისცა ხმა. როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული ამომრჩეველი თავად იმყოფებოდა საავადმყოფოში;

9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის 83-ე საარჩევნო უბანსა და 81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის მე-13 საარჩევნო უბნის სიებში არ არის მითითებული გადასატანი ყუთის ამომრჩევლები.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება

59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის 72-ე საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთში არასწორად მიუთითეს ამომრჩევლის პირადი ნომერი, რის გამოც ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა;

60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის 1-ელ და მე-4 საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში შეტანილი არ არის მიღებული ბიულტენების რაოდენობა;

81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის მე-15 საარჩევნო უბანზე სიაში გადასატანი ყუთის ამომრჩევლების შესახებ მითითებული არ არის;

3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის 85-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს სიაში ხელის მოწერა დაავიწყდა.

სიასთან დაკავშირებული ხარვეზი

3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის 85-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სიაში გარდაცვლილი შვილის სახელი აღმოაჩინა;

22 მარნეულის საარჩევნო ოლქის მე-10 საარჩევნო უბანზე სიაში დაფიქსირდა არასრულწლოვანი ამომრჩეველი, რომელიც დაბადებულია 2001 წლის 16 იანვარს. აღნიშნულმა პირმა ხმა მისცა არჩევნებში.

მარკირებით არჩევნებში მონაწილეობა

67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს დაუფიქსირდა მარკირება, თუმცა კომისიის თავმჯდომარემ და ნაკადის მომწესრიგებელმა ხმის მიცემის უფლება მისცეს.

არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემა

37 ახალციხის საარჩევნო ოლქის 25-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი ვადაგასული პირადობის მოწმობით დაუშვეს, ხელი მოაწერინეს სიაში და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინეს დოკუმენტის ვადის გასვლის შესახებ და აღარ მიაცემინეს ხმა.

სროლა არჩევნების დღეს

ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბანზე სროლა იყო. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს გაუხსნეს, რომელთა შორისაც მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილიც იმყოფებოდა. მათი თქმით, "06" მარკის ავტომობილიდან მათთვის უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მათი მიმართულებით ისროლა.

ფაქტი ოპოზიციის ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ენმ-ში ამბობდნენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობისა და მათ დაშინებას ცდილობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მომხდარზე გამოძება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.

"ამ ეტაპზე როგორც მოწმეებთან გასაუბრებით ირკვევა, აღნიშნულს კავშირი არ აქვს არჩევნებთან და სახეზე არ არის პოლიტიკური მოტივი. გასროლა განხორციელდა ჩუმლაყის მე-19 საარჩევნო უბნიდან მოშორებით მდებარე დასახლებულ უბანში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქის მიერ, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან", - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-მ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებას გამოძიება აქვს დაწყებული სავარაუდო დანაშაულის 11 ფაქტზე. კერძოდ, მისი თქმით, თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მისივე თქმით, მცხეთაში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით.

"ადიგენში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ავტომანქანების საბურავების დაზიანების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს ოპერატიული და საპროცესო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დასადგენად.

ბათუმში საარჩევნო უბნების მიმდებარედ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით. უკვე გამოიკითხნენ დაზარალებულები. ამ ეტაპზე არც ერთ ფაქტზე არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×